ოფიციალურად: ბერნდ ლენო ამიერიდან “არსენალის” ღირსებას დაიცავს

ლევერკუზენის “ბაიერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბერნდ ლენო ამიერიდან ლონდონური “არსენალის” მაისურით იასპარეზებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეებთან” გერმანელმა მეკარემ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა ჯერჯერობით მხარეები კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებენ.

სანდო გერმანული გამოცემები ირწმუნებიან, რომ “არსენალი” 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში გერმანულ კლუბს 22 მილიონ ფუნტს გადაუხდის.

ლენომ “ბაიერში” შვიდი სეზონი ჩაატარა და სწორედ ამ კლუბში გაითქვა სახელი. გასულ სეზონში ლენომ ბუნდესლიგის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 40 გოლი გაუშვა.

“ლევერკუზენმა” 17 წლის პაულინიო დაიმატა

“ვასკო და გამას” ნახევარმცველი, პაულინიო სამპაიო ამიერიდან კარიერას გერმანული “ბაიერ ლევერკუზენის” რიგებში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას თავად ბუნდესლიგური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ლევერკუზენი” პაულინიოს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი 18 წლის გახდება.

გარკვეულია ტრანსფერის ფასიც. პაულინიოს სანაცვლოდ “ვასკო დაგამა” 25 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შემდეგში ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ 10 მილიონი დაემატოს.

“ატლეტიკო” ლენოს ტრანსფერზე იწყებს მუშაობას

“ბაიერ ლევერკუზენის” გამოცდილი მეკარე, ლენო, ძალიან ახლოს არის კლუბთან არსებული კონტრაქტის გაწყვეტასთან. მის გარშემო არსებულ სიტუაციას კი საკმაოდ სერიოზულად აკვირდებიან მადრიდის “ატლეტიკოს” წარმომადგენლები.

საქმე ისაა, რომ მადრიდელთა პირველი ნომერი, იან ობლაკი, საკმაოდ ახლოსაა კლუბის დატოვებასთან. სლოვენიელი ფეხბურთელის საუკეთესო შემცვლელად კი დედაქალაქელებს სწორედ ლენო მიაჩნიათ.

გეტყვით იმასაც, რომ “როხიბლანკოსთან” ერთად ლენოს ტრანსფერით ლონდონის “არსენალი” და “ნაპოლი” არის დაინტერესებული.

რაც შეეხება უშუალოდ გერმანელი მეკარის სტატისტიკურ მონაცემებს, ლენომ მიმდინარე სეზონში 27-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგაში და თითო მატჩში საშუალოდ 1.3 გოლს უშვებდა (სულ 35 გაშვებული გოლი და რვა მშრალად შენახული კარი).

“ბაიერის” მწვრთნელი სიმულაციის გამო 12 000 ევროთი დააჯარიმეს (ვიდეო)

გერმანული ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომიტეტმა დეტალურად გამოიძია “ბაიერ” ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელის, ჰაიკო ჰერლიხის სიმულაციის ეპიზოდი და ამის გამო ეს უკანასკნელი 12 ათასი ევროთი დააჯარიმა.

გერმანიის თასის მესამე რაუნდის მატჩის მიმდინარეობისას, რომელშიც “ლევერკუზენმა” მიუნხენგლადბახის “ბორუსია” დაამარცხა (0:1), დენის ზაკარია მსუბუქად შეეხო ჰაიკოს. გერმანელმა მწვრთნელმა ეს მომენტი თეატრალურად გააფორმა და წაიქცა.

ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები ჰაიკოს მსგავსმა საქციელმა ძალიან გააღიზიანა და წყალიც გადაასხეს. თამაშის შემდეგ კი ჰერლიხმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ამ ეპიზოდის გამო.

ჩალჰანოღლუ “მილანში”?

Funke Sport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ბაიერ ლევერკუზენის” თურქი ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუ შესაძლოა, “მილანში” აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიური გრანდის ხელმძღვანელები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით, რომელიც კარგა ხანია, რაც გერმანულ ბუნდესლიგაში გამოდის.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, “როსონერი” მზადაა ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრანსფერში 20-30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გეტყვით იმასაც, რომ თურქ ფეხბურთელს თებერვლის შემდეგ არ უთამაშია – ის ფიფას მიერ არის დასჯილი სატრანსფერო წესების დარღვევისთვის.

“არსენალი” ჩალჰანოღლუსთვის იბრძვის

უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები სეად კოლაშინაცის ტრანსფერის შემდეგ, გერმანიიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის წამოვანას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეთა” ყურადღება ლონდონის “ჩელსის” სამიზნემ, ჰაკან ჩალჰანოღლუმ მიიქცია. ამ ინფორმაციას Aksam ავრცელებს.

“ლევერკუზენის” თურქი ნახევარმცველის გადაბირებით, რომელიც 20 მილიონ ევროდაა შეფასებული, “ლაციოს” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულები.

ჩიჩარიტო მექსიკის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა

მექსიკის ნაკრებისა და “ბაიერ ლევერკუზენის” თავდამსხმელისათვის გუშინდელი დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ გუშინ, მექსიკისა და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:2) მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ჰავიერ ერნანდესმა გაიტანა, რითიც მექსიკური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

ეს ჩიჩარიტოსთვის ნაკრებში გატანილი 47-ე გოლი იყო, რითიც ის საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გუშინ მან ჯარედ ბორჰეტის გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც ნაკრებში გატანილი 46 გოლია.

ლენო “რეალში” თამაშსა და საუკეთესოს სტატუსზე ოცნებობს

“ბაიერ ლევერკუზენის” გერმანელმა მეკარემ, ბერნდ ლენომ პრესასთან საუბრისას თავის სამომავლო მიზნები გაგვანდო, რომელთაგანაც ერთ-ერთი ევროპულ გრანდში გადასვლაა.

“პირადად ჩემი მიზანი ევროპის მასშტაბით საუკეთესო მეკარის სტატუსის მოპოვებაა,” – აცხადებს ლენო T-Online-სთან საუბრისას.

“ჩვენ, “ლევერკუზენელები” რეგულარულად ვთამაშობთ ევროპის მთავარ ჩემპიონატებში, მაგრამ ევროპულ გრანდში თამაში დღემდე ჩემს ერთ-ერთ მთავარ ოცნებად რჩება.

“რეალი”? ეს ის კლუბია, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ,” – აცხადებს გერმანელი მეკარე, რომელიც იოაჰიმ ლიოვმა კონფედერაციის თასისთვის შედგენილ განაცხადში შეიყვანა.

ბერნდ ლენომ “რეალის” ინტერესზე ისაუბრა

“ბაიერ ლევერკუზენის” კარის დარაჯმა, ბერნდ ლენომ მადრიდის “რეალის” ინტერესზე ისაუბრა.

გერმანული გამოცემები ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ ევროპის ჩემპიონებს 25 წლის მეკარესთან, რომელიც გერმანიაში თავს მშვენივრად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები აქამდე დავიდ დე ხეასა და ტიბო კურტუას გადაბირებას ცდილობდნენ, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

ამიტომაც, “ბლანკოსი” მთლიანად ლენოზე გადაერთო, რომლის გადაბირებაც სულ რაღაც 20 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

“ჩემთვის დიდი პატივია, ძალზედ სასიამოვნოა ისეთი გუნდის მხრიდან ინტერესის არსებობა, როგორიც “რეალია”. მაგრამ, ახლა მინდა, რომ მთლიანად “ლევერკუზენზე” ვიყო ფოკუსირებული.

ვაღიარებ, რომ რაღაც ტიპის ინტერესი გასულ წელსაც იყო და კავშირები წელსაც არსებობს,” – აცხადებს ლენო.

უცნაური სვლა: “ბაიერს” თურქი სპეციალისტი გაწვრთნის

გერმანული კლუბი, ლევერკუზენის “ბაიერი” ტაიფუნ კორკუტმს ჩააბარეს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ეს უკანასკნელი გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.

როგორც იცით, აქამდე ლევერკუზენულ გუნდს სათავეში როჯერ შმიდტი ედგა, რომელიც “ბორუსიასთან” განადგურების შემდეგ (6-2) გაანთავისუფლეს დაკავებული პოსტიდან.

საგულისხმოა ისიც, რომ თურქ სპეციალისტს წინ საკმაოდ რთული მისია აქვს – კორკუტმა მეათე ადგილზე მყოფ გუნდს ევროპის საგზური მოაპოვებინოს.

კორკუტს მხოლოდ “ჰანოვერის” მწვრთნელის პოსტზე მუშაობის გამოცდილება აქვს – წლინახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ, ის კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაითხოვეს (2015 წლის აპრილში).

ჩალხანოღლუმ შესაძლოა, ლევერკუზენის “ბაიერი” დატოვოს

ლევერკუზენის “ბაიერი” თურქი ფეხბურთელის, ჰაკან ჩალხანოღლუს აგენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ზაფხულში ჩალხანოღლუმ გერმანია დატოვოს.

“ჰაკანსა და “ლევერკუზენს” ერთმანეთთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებით.

თუ კლუბი ისეთ წინადადებას მიიღებს, რომელიც ორივე მხარისათვის სარგებლის მომტანი იქნება, მაშინ ტრანსფერი შედგება. ბოლო სიტყვა მაინც კლუბზეა,” – აცხადებს ის Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში.

როგორც იცით, ბოლო დროს თურქ ფეხბურთელს ლონდონის “ჩელსისა” და კატალონიურ “ბარსელონას” უკავშირებენ.

ჩიჩარიტო “ლევერკუზენის” დატოვებას არ აპირებს

“ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელმა ფორვარდმა, ხავიერ ერნანდესმა ყველასათვის ნათელი გახადა, რომ ის ზამთარში გერმანული კლუბის დატოვებას აк აპირებს.

გერმანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ბაიერმა” თანხმობა განაცხადა ჩიჩარიტოს გაყიდვაზე, თუ რომელიმე კლუბი მის ტრანსფერში 25 მილიონ ევროს გადაიხდის. თუმცა, თავად ფეხბურთელი ამ ყველაფერს უარყოფს.

“იონას ბოლდტსა და რუდი ფოლერს ( მწვრთნელი და სპორტული დირექტორი) ჩემთვის არაფერი უთქვამთ.” – განაუცხადა ჩიჩარიტომ Kicker-ის ჟურნალისტებს.

“ეს ყველაფერი უბრალო სპეკულაციაა. არც მე და არც ჩემს აგენტს არ უსაუბრია სხვა კლუბის წარმომადგენლობასთან. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი ერთადერთი სურვილი ამ კლუბში დარჩენაა.”