უმცროსი ბორჯღალოსნები გაისად პოლონეთში გასამართი 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და 28 ნოემბრიდან “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე პირველ შეკრებაზე შევიდნენ.
მანამდე მწვრთნელებსა სასელექციო პროცესი ჰქონდათ. მასში ის მორაგბეები იყვნენ ჩართული, რომლებსაც განვლილ პერიოდში 18-წლამდელთა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ახლა კი ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა.
მთავარი მწვრთნელის, დავით ჩავლეიშვილის განცხადებით, ამ 10-დღიანი შეკრების მიზანი ერთმანეთის კარგად გაცნობა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაა:
“შეკრების განმავლობაში ბიჭებს უკეთ გავიცნობთ, ვნახავთ რისი გაკეთება შეგვიძლია, მათ ჩვენს მიზნებსა და გეგმებს გავაცნობთ. გარდა ამისა, ვიმუშავებთ ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. შეკრებაზე 40 მოთამაშე გვყავს. მათი ნახევარი 18-წლამდელთა შეკრებაზე გასულ ციკლშიც გვყავდა და ეს ადაპტაციას გაგვიიოლებს. გვყავს ასე ვთქვათ სარეზერვო ჯგუფიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტრავმირებული მოთამაშის ჩასანაცვლებლად მზად იქნებიან. იმედია ამის საჭიროება არ გვექნება”.
შეკრების დასასრულს, 7 დეკემბერს, თბილისში დასავლეთის გუნდი ჩამოვა, რომელიც 19-წლამდე მოთამაშეებით იქნება გაძლიერებული და გაიმართება საკონტროლო თამაში, ევროპის ჩემპიონატამდე კი, უმცროსი ბორჯღალოსნები უცხოურ შეკრებას გეგმავენ, სადაც ორ-სამ საკონტროლო თამაშს ჩაატარებენ.
ევროპის ჩემპიონატს წელს პოლონეთი, 23 მარტიდან 1 აპრილამდე უმასპინძლებს და მასში მხოლოდ ევროპული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, შარშანდელის შემდეგ 18-წლამდელთა ევროპის ღია ჩემპიონატზე თამაშში უარი იაპონიამ, კანადამ და აშშ-ს ნაკრებებმა თქვეს და ტურნირს ძლიერი ქვეყნებიდან კვლავ მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა.
ჩავლეიშვილი ფიქრობს, რომ ეს გუნდის მოტივაციაზე უარყოფითად არ აისახება:
“გულდასაწყვეტია, რომ იაპონია, კანადა და აშშ ტურნირიდან გავიდნენ, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციაზე არ აისახება. ამ ბიჭებისთვის რუმინეთის, პორტუგალიის, ესპანეთის და რუსეთის წინააღმდეგ თამაში საინტერესოა. თუმცა, მათი პერსპექტივისთვის რა თქმა უნდა სჯობდა, რომ უფრო ძლიერი მეტოქეები გვყოლოდა. მიზანი წინა წლების მსგავსად ფინალში გასვლაა, სადაც სავარაუდოდ კვლავ საფრანგეთთან მოგვიწევს შეხვედრა და უნდა ვეცადოთ მათთან უფრო მეტს მივაღწიოთ”.
18-წლამდელების გაფართოებული შემადგენლობა: ნიკა სომხიშვილი (არმია), გიორგი ქიმუცაძე (აია), დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი), საბა კურატიშვილი (არმაზი), ვანო კარკაძე (აია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ფიროსმანიშვილი (თბილისი), ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), დავით გვიდიანი (აია), ლუკა მუჩიაშვილი (ვეფხვები), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა კოხია (აია), ნიკა ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), გიგა კობახიძე (ბაგრატი), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), საბა კურტანიძე (ხვამლი), მიხეილ ალანია (ჯიქი), გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), დავით გობეჯიშვილი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ლაშა ლომიძე (აია), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი სიმსივე (აია), ბართლომე კალაძე (იუნკერები), სანდრო დვალი (ლოკომოტივი), ზუკა მინდიაშვილი (აკადემია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), ზურა ქავთარაძე (ხარები), გოჩა ჩანადირი (არმაზი), გიორგი მიქანაძე (არმია), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), დავით ცაგარეიშვილი (ლელო-სარასენსი).
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
ფიზ. მწვრთნელები: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
მასაჟისტი: გიორგი სვანიძე
მენეჯერი: პაატა მაისურაძე
Rugby.Ge