მადრიდის “რეალში” მარტინ ედეგორის ინტეგრაციის პროცესი არც ისე მარტივად მიმდინარეობს, როგორც ბევრს ეგონა. 16 წლის თავდამსხმელი დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კონტრაქტში წერია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კვირაში მინიმუმ ხუთი დღე ძირითად გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშოს. ედეგორი “კასტილიას” (“რეალის” მეორე გუნდი) მხოლოდ მატჩების წინ უერთდება.
“კასტილიას” სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელთან და მის მამასთან რამდენჯერმე გამართა მოლაპარაკება, რათა ედეგორი დაერწმუნებინა, რომ მეორე გუნდის წევრების უკეთესი ურთიერთგაგებისთვის მათთან უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს, თუმცა ნორვეგიელი უარზეა.
“კასტილიას” ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ედეგორი მეორე გუნდში თამაშისგან თავს არ იწუხებს, ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსთან ყოფნით არის დაინტერესებული.
“კასტილიას” მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, ბოლო ორ მატჩში ედეგორი სათადარიგოთა შორის დაეტოვებინათ, რადგან ის გუნდურ თამაშში ნაკლებად მონაწილეობს.