ხოჭოლავა: „სეზონის დაწყების წინ „შუქურას“ მიზანი სამეულისთვის ბრძოლა იყო“

ქობულეთის „შუქურა“ უმაღლეს ლიგას მიმდინარე სეზონში შეუერთდა. აჭარული კლუბი ამჟამად 37 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

ბოლო მატჩში ქობულეთელებმა მცხეთაში „ვიტ-ჯორჯია“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს. Fanebi.com-ი ხსენებულ მატჩში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს დავით ხოჭოლავას დაუკავშირდა, რომელიც „შუქურას“ სწორედ მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა.

– პირველ რიგში, „ვიტ-ჯორჯიასთან“ ბოლო მატჩი გავიხსენოთ… ორი სიტყვით შეაფასე განვლილი შეხვედრა

„ძალიან რთული მატჩი იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ 90 წუთის განმავლობაში ბრძოლა მოგვიწევდა, რადგან „ვიტ-ჯორჯია“ ყოველთვის იბრძვის, განსაკუთრებით სახლში. თანაც, გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა და სამი ქულის ასაღებად ყველაფერს გააკეთებდა.

– „შუქურას“ სატურნირო ცხრილის შუაში ადგილი მყარად უკავია. გვიამბე სეზონის დაწყების წინ და მისი მიმდინარეობისას გუნდის მიზნებზე

„სეზონის დაწყების წინ მიზანი სამეულისთვის ბრძოლა იყო, თუმცა პირველი წრე შედარებით სუსტი გამოგვივიდა, რის გამოც გაგვიჭირდა. უმაღლეს ლიგაში დებიუტის კვალობაზე, ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული სეზონი გვაქვს“

– უმაღლესი ლიგის სხვა დებიუტანტების ფონზე, შენი გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებდი?

„სამდტრედია“ და „დინამო ბათუმი“ ცხრილშიწინ არიან, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდები არიან. ფოთის „კოლხეთი“ კი ყველაზე დაბალი ბიუჯერის მიხედავად, ყველასთვის უხერხული მეტოქეა“

– დავით, შენ ოთხ ქართულ კლუბში გითამაშია. „შუქურას“ გარდა, რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის რიგებში გამოდიოდი. ყველაზე მეტად რომელი პერიოდი გამახსოვრდება?

„ოთხივე გუნდი კარგად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ „დინამოში“ ჩემპიონი გავხდი და თასიც მოვიგე, ყველაზე კარგად თავს „შუქურაში“ ვგრძნობ“

– როგორ მოხვდი „შუქურას“ შემადგენლობაში?

„რევაზ ჩელებაძეს საკმაოდ დიდი ხანი ვიცნობ და ამ გუნდში ბევრი ჩემი მეგობარია. შესაბამისად, წიანდადებას სიამოვნებით დავთანხმდი“

შენთვის და გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე მძიმე შეხვედრა რომელი იყო?

„დინამოსთან თასის განმეორებით შეხვედრა. 81-ე წუთამდე 1:0-ს ვიგებდით, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას გვაძლევდა“

– „დინამო“ უკვე რამდენიმეჯერ ვახსენეთ. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კლუბში ბევრი ცვლილება იყო – შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელობამ კი აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა. როგორ შეაფასებდი ამ ცვლილებებს და როგორი შედეგი აქვს მათ?

„დინამოში“ ყოველთვის შედეგს ითხოვენ და ამიტომაც ის, რომ გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე პირველ ადგილზე არ არის, ალბათ, უარყოფითად ფასდება. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ „დინამოს“ დღევანდელი მოთამაშეები ძალიან ნიჭიერები არიან და მათ კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ“

– დღევანდელ „დინამოში“ დაბრუნდებოდი?

„ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს. „დინამო“ საქართველოში პირველია, მაგრამ „შუქურაში“ თავს კარგად ვგრძნობ“

– ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „დილა“ უახლოეს მდევარ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით უსწრებს. მოსალოდნელი იყო თუ არა გორელთა გაჩემპიონება?

„დინამოსთან“ ერთად „დილა“ სეზონის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, სამი ტურით ადრე ასეთ ფორას არ ველოდი“

– მოდი, ევროპულ ფეხბურთზე ვისაუბროთ. შეაფასე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები და როგირია შენი პროგნოზი საპასუხო შეხვედრების წინ

„ჩემგან მესის თამაშის შეფასება სწორი არ იქნება, თვითონ „რეალს“ ვგულშემატკივრობ და მგონია, რომ გუნდი ფინალში გავა. უბრალოდ, იმას აღვნიშნავდი, რომ მესი სხვა პლანეტიდან ჩამოსული ფეხბურთელია“

და ბოლოს, ტრადიციულ კითხვას დაგისვამ. რამდენად ხშირად სტუმრობ ჩვენს ვებგვერდს?

„ყოველდღე ვნახულობ“