როგორ მოიგო ზუსტად 34 წლის წინ თასების მფლობელთა თასი ლეგენდარულმა თბილისის „დინამომ“

13 მაისი ქართული ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. სწორედ ამ დღეს „დინამოელებმა“ ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს – „ლურჯ-თეთრებმა“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგეს. 1981 წლის ტრიუმფი თბილისური კლუბის გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დარჩა, ძველი თაობის მაყურებლებს კი განუმეორებელი შთაბეჭდილება და სიხარული აჩუქა.

როტერდამში ადგილობრივ „ფეინოორდთან“ ანგარიშით 0:2 მარცხისა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:2 მოგების შემდეგ, თბილისის „დინამოელებმა“ ფინალში მეტოქედ აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცეისი“ მიიღეს. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები ევროპაში პირველ პლანზე არასდროს ყოფილან. ეს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეს ეხება. ამის მიუხედავად, 1980/81 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასზე გუნდი მეტად ღირსეულად გამოვიდა. კონკრეტულად – „კარლ ცეისმა“ ლისაბონის „ბენფიკა“ და წინა სეზონის ტრიუმფატორი „ვალენსია“ დაამარცხა (რომლის შემადგენლობაში, სხვათა შორის, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარიო კემპესი თამაშობდა). ასე რომ, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ თბილისელებს ადვილი გასეირნება არ ელოდათ.

თამაშის დებიუტშივე „დინამომ“ აჩვენა, რომ მეტოქის სიძლიერე სულაც არ აშინებდა. უკვე მეოთხე წუთზე „მტკვრისპირელებს“ საჯარიმო დარტყმის შემდეგ საკმაოდ კარგი მომენტი ჰქონდათ. მეტოქემ „დინამოს“ სწრაფადვე უპასუხა – მე-7 წუთზე ლუტს ლინდემანმა მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა – ნოდარ ახალკაცის გუნდი გაშვებული გოლისგან ოთარ გაბელიას ოსტატობამ იხსნა. სხვათაშორის, გაბელიას ამ ლეგენდარულ მატჩში სხვა გუნდის ფორმაში თამაში მოუწია, რადგან მისი ჩანთა ფრანკფურტიდან დიუსელდორფში გადაფრენისას დაიკარგა.

იენელებს კიდევ ერთი შანსი მე-9 წუთზე ჰქონდათ, მაგრამ შნუპხაზემ საჯარიმო დარტყმის შესრულებისას ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა, რის შემდეგაც საინტერესო ეპიზოდი მოხდა – მსაჯმა თამაში გააჩერა და ფეხბურთელებთან ერთად უეფა-ს ერთ-ერთი გარდაცვლილ ფუნქციონერს პატივი მიაგო.

პირველი რეალური საგოლე მომენტი „დინამოს“ მე-11 წუთზე შეექმნა, თუმცა ვიტალი დარასელის დარტყმულს მეკარე გაუმკლავდა. მაშინვე საქართველოდან ჩასული გულშემატკივრების ტრიბუნაც გააქტიურა. გარკვეული პერიოდით „რაინშტადიონზე“ „დინამო, დინამოს“ გარდა არაფერი ისმოდა. ამის მიუხედავად, მე-13 წუთზე რააბმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, შეტევა კი ცენტრიდან ოდნაც არაზუსტი დარტყმით დაასრულა. გუნდები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ – ამჯერად „დინამოს“ ჯერი დადგა – გუცაევმა მეკარისგან დაბალ კუთხეში დაარტყა, დამატებაზე კი გოლკიპერი დავით ყიფიანის დარტყმულსაც გამოეხმაურა.

მე-20 წუთი საკამათო ეპიზოდით გამოირჩა, როდესაც ხსენებული რააბი თბილისელ მცველთან კონტაქტის შედეგად მეტოქის საჯარიმოსთან წაიქცა. 30 წლის წინანდელი ჩანაწერიდან გამომდინარე, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ მსაჯს თამაშის წესის დარღვევა არ დაუფიქსირებია.

პირველი ტაიმის შუა ნაწილში თამაშის ტემპი დაეცა, თუმცა შეტევები გრძელდებოდა. „დინამო“ აშკარად დომინირებდა, მაგრამ სერიოზული და სახიფათო მომენტები არ შეუქმნია.

გუნდები კვლავ ტაიმის ბოლოსკენ ათამაშდნენ. 36-ე წუთზე ლინდემანმა ახლო კუთხეში სახიფათოდ დაარტყა – თამაშში კვლავ ოთარ გაბელია ჩაერთო. ერთ წუთში კი დაძაბულობამ პიკს უკვე მეტოქის საჯარიმოში მიაღწია – ჩივაძე მარჯვენა ფლანდიან ჩაწოდებულ ბურთს მიწვდა, ამჯერად თავი „კარლ ცეისის“ მეკარემაც გამოიჩინა. მე-40 წუთზე გიორგი თავაძემ შორიდან დაარტყა, მაგრამ გრაპენტინმა ამჯერადაც ივარგა.

შესვენება გერმანელებს აშკარად გამოადგათ. მეორე ტაიმის უკვე პირველ წუთზე მათ, წესით, ანგარიში უნდა გაეხსნათ. ბილაუმ თავით იმდენად კარგად დაარტყა, რომ ამ დარტყმულს გაბელიაც ვერ მოიგერიებდა. საბედნიეროდ, ბურთი „დინამოს“ კარს მცირე მანძილით ასცდა.

თბილისელებმა მეტოქეს არც ისე ცუდი შეტევით უპასუხეს, რომელიც, სამწუხაროდ არაფრით დასრულდა – მარცხენა ფლანგზე გუცაევს გერმანელმა მცველმა აჯობა. არადა, ბურთის მიღებისას „დინამოს“ მოთამაშეს ხელს არავინ უშლიდა. ერთ წუთში გაბელიას თამაშში ჩართვა კიდევ ერთხელ მოუწია, თბილისური კლუბის კიპერმა „კარლ ცეისის“ კაპიტნის კურბიუვაიტის დარტყმა მოიგერია. ორ წუთში ყიფიანმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მაგრამ რამაზ შენგელია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

როგორც ჩანდა, თამაში „დინამოს“ უპირატესობით მიმდინარეობდა. 57-ე წუთზე ახალკაცის გუნდი გოლის გატანასთან ახლოს იყო – გუცაევმა შილინგს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა, ახლო კუთხეში დარტყმული კი მეკარემ მოიგერია. კუთხურის შედეგად ყიფიანის თავურ დარტყმას გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

63-ე წუთზე შენგელიამ მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა, რასაც მისი კარის მიმართულებით კონტრშეტევა მოჰყვა. კურბიუვაიტმა მარცხენა ფლანგზე შეტევაში კრაუზე ჩართო, ამ უკანასკნელმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ხოპემ ეფექტურად დაარტყა და ანგარიშიც გახსნა – 0:1.

საბედნიეროდ, „დინამომ“ წონასწორობა მალევე აღადგინა. შენგელია ბურთით მეტოქის საჯარიმომდე მივიდა და გუცაევი შესანიშნავი პასით მოამარაგა, რომელმაც გრაპენტინს ახლო კუთხეში დაურტყა, „კარლ ცეისის“ მეკარე დარტყმულს ამჯერად ვერ გაუკლავდა!

ამის შემდეგ „დინამომ“ შეტევას კიდევ უფრო მოუმატა. „კარლ ცეისის“ მცველებს თბილისური კლუბის შეტევებთან გამკლავება სულ უფრო და უფრო უჭირდათ. მე-80 წუთზე დარასელის არც ისე ცუდი მომენტი ჰქონდა, რომელიც მან ვერ გამოიყენა. შვიდ წუთში ვიტალი არამხოლოდ მატჩის, არამედ მთელი საქართველოს გმირი გახდა, მან ყიფიანის პასი მიიღო, საჯარიმოსთან ორი მეტოქე მოატყუა და ახლო „ექვსიანში“ ზუსტად დაარტყა – 2:1!

დარჩენილ დროში „კარლ ცეისმა“ ღირებული ვერაფერი შექმნა, მსაჯის სასტავენს კი თბილისური გუნდის ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის, ექიმებისა და გულშემატკივრების სიხარული მოჰყვა. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კი კომენტატორ კოტე მახარაძის სიტყვებია, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩა – „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში! ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა!“

13 მაისი, 1981 წელი. დიუსელდორფი. „რაინშტადიონი“. 9000 მაყურებელი

„დინამო“ – „კარლ ცეისი“ 2:1
გოლები: გუცაევი 67′, დარასელია 87 – ხოპე 63

„დინამო“: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი 67′), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

„კარლ ცეისი“: გრაპენტინი, ბრაუერი, ხოპე (ოვერმაი 89′), შილინგი, კურბიუვაიტი, შნუპხაზე, კრაუზე, ლინდემანი, ბილაუ (ტიოპფერი 74), რააბი, ფოგელი

ახლაც, დიდი გამარჯვებიდან 34 წლის შემდეგ,„დინამოს“ წარმატებას დიდი სიამოვნებით ვიხსენებთ. „ოქროს ბიჭები“, რომელთა თითოეულმა წარმომადგენელმა ისტორიაში თავისი სახელი სამუდამოდ დატოვა. გუნდი, რომელიც დღემდე ახსოვთ და რომლის თამაშითაც მოხიბლბი არიან. ჩვენ კი, ახალ თაობას, ამ კადრების ნახვის შემდეგ ღიმილისა და სიამაყის მიზეზი გვეძლევა!

ძველი თაობისთვის საამაყრო და დასამახსოვრებელი მოგონება კი ახალი ისტორიიდან ერთ-ერთი ფაქტის გახსენებით დავასრულოთ. 2011 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაჯილდოების ცერმეონიალის წაყვანის დროს რუსული „ნტვ პლუსის“ კომენტატორმა ვასილი უტკინმა 1981 წლის „დინამო“ და მისი ხსენებული წარმატება გაიხსენა და ლეგენდარული გუნდის თამაში „ბარსელონას“ თამაშს შეადარა.