როგორც ყოველთვის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდშიც მსოფლიო ფეხბურთის გრანდები გამორჩეული მოთამაშეების გადაბირებას ცდილობენ და მათ სანაცვლოდ სოლიდური თანხების გადახდის მზადყოფნასაც გამოთქვამენ, თუმცა არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც მათმა გუნდებმა არანაირ თანხაში არ უნდა გაცვალონ, თუ რა თქმა უნდა წარმატების მიღწევა სურთ.
პოლ პობა, “იუვენტუსი”
ნათელია, რომ “იუვეს” პოგბას შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი აქვს. მიუხედავად იტალიურ ფეხბურთში არსებული პრობლემებისა “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ წარმატებისთვის შემადგენლობაში მაღალი კლასის ფეხბურთელების ყოლაა საჭირო.
გასაგებია, რომ ტურინელთა მენეჯმენტი პოგბაში აღებულ თანხას სწორად დახარჯავს, თუმცა ტოპ მოთამაშის კონკურენტ კლუბში გაყიდვა კარგი მაინც არ რის. იდეალური რა თქმა უნდა პოგბას დარჩენა და მის ირგვლივ ახალი გუნდის აწყობა იქნება.
უგო ლიორისი და ჰარი კეინი, “ტოტენჰემი”
დანიელ ლევის ინგლისში ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ ცოტა თუ შეედრება. სხვა საქმეა, რომ მოთამაშეების სანაცვლოდ მიღებულ დიდ თანხებს “ტოტენჰემი” მიზნობრივად ვეღარ ხარჯავს, რასაც ბეილში აღებული 100 მილიონის უაზროდ დახარჯვის მაგალითიც ადასტურებს.
სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონელთა მოთამაშეების, უგო ლიორისის და ჰარი კეინის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობს. საუბრობენ, რომ ფრანგ მეკარეში მანჩესტერელები 35 მილიონს იხდიან, ხოლო კეინში 65, თუმცა ლევიმ ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა და ტრანსფერის ალბათობას ფაქტობრივად გამორიცხავს.
როგორც ჩანს, “ტოტენჰემში” საბოლოოდ გადაწყვიტეს ძლიერი გუნდის გაკეთება, რომლის ძირითადი ბირთვი რამდენიმე სეზონის განმავლობაში უცვლელი იქნება.
კრისტიან ბენტეკე, “ასტონ ვილა”
მარტინ ონილის ფორმაციის “ასტონ ვილა” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული გუნდი იყო, თუმცა ეშლი იანგის და სხვა ლიდერების წასვლის შემდეგ ბირმინგემში სტაბილურობა დაკარგეს.
გასულ სეზონში ტიმ შერვუდმა კლუბში ახალი სიცოცხლე მოიტანა და გუნდი ინგლისის თასის ფინალშიც გაიყვანა. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კრისტიან ბენტეკე იყო, რომელიც გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი გაყიდვის შემთხვევაში ბუნებრივია, რომ “ვილას” დაკავებული პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდება.
ედენ აზარი, “ჩელსი”
“რეალს აზარის ყიდვა უნდა? კი ბატონო! თუმცა, მისი ერთი ფეხის ფასი 100 მილიონია” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ, როდესაც მისი საუკეთესო მოთამაშის მიმართ ინტერესი “რეალმა” გამოთქვა.
თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. ყველამ ვიცით, რომ თუ “რეალს” სუპერვარსკვალვის გადაბირება სურს, ადრე თუ გვიან ამის გაკეთებას მაინც ახერხებს. გარდა ამისა, მადრიდელები რაფა ბენიტესმა ჩაიბარა, რომელიც აზართან “ჩელსიში” მუშაობდა და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ასე რომ, “ჩელსის” “რეალის” მცდელობების მოგერიება მოუწევს. ადაპტაციის მხრივ პრემიერლიგა ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატია. ინგლისში გადასული უამრავი ცნობილი მოთამაშე უბრალოდ დაიკარგა, რასაც აზარზე ვერ ვიტყვით. ბელგიელი ფეხბურთელი “ჩელსის” ლიდერად ჩამოყალიბდა და გუნდის წარმატებაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მარკო როისი, “დორტმუნდი”
ზამთარში გახანგრძლივებული კონტრაქტი არაფერს ნიშნავს. ამ ნაბიჯით დორტმუნდელებმა საკუთარ ლიდერს მხოლოდ სატრანსფერო ფასი აუწიეს, თუმცა ევროული გრანდები როისის დონის მოთამაშეში დიდი თანხის გადასახდელად მზად არიან.
“დორტმუნდისთვის” ლიდერების გაშვება და ახალი გუნდის შენება უცხო არ არის. ამას კაგავას, გიოტცეს, ლევანდოვსკის და სხვა მოთამაშეების მაგალითებიც ადასტურებს. ხშირ შემთხვევაში კლოპს დანაკლისის აღმოფხვრა გამოსდიოდა, თუმცა გასულ სეზონში ლევანდოვსკის შეცვლა ვერც იმობილემ და ვერც რამოსმა შეძლეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომდევნო წლიდან “ბორუსიას” არც თავად კლოპი ეყოლება.
ასე რომ, ახალი ეპოქის დასაწყისში, რომელშიც “დორტმუნდს” ტომას ტუხელი შეიყვანს, გუნდს ძლიერი შემადგენლობა სჭირდება.