ქუთაისის “ტორპედომ” ქიმაძეს და კაპანაძეს გაუხანგრძლივა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში 2017 წლის სეზონი დასრულდა და ფეხბურთელთა უმეტესობას კლუბებთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ.

დღეს ცნობილი ხდება, რომ გასული სეზონის ტრიუმფატორის რიგებს მომავალ სეზონში გიორგი ქიმაძე და თორნიკე კაპანაძე ისევ დაიცავენ. ორივე ფეხბურთელთან ქუთაისის “ტორპედომ” ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერელთა პრესსამსახური ავრცელებს. ორივე ფეხბურთელმა 2017 წელს ეროვნულ ლიგა 1-ში განსაკუთრებული სეზონი ჩაატარა, კაპანაძე გუნდის საუკთესო მეგოლე გახდა, ხოლო ქიმაძე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო.

კაპანაძე და ქიმაძე ქუთაისელთა რიგებში 2015 წელს ჩაირიცხნენ. თორნიკეს ანგარიშზე 83 ჩატარებული შეხვედრა და 31 გოლია. გიორგი კი 79-ჯერ გამოვიდა ქუთაისელთა მაისურით მინდორზე და მას 18 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.

ორი “ტორპედოელი” ეროვნულ ნაკრებში

იანვარში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმერ ვაისმა უკვე დაიწყო მოთამაშეების გამოძახება. საგულისხმოა, რომ სლოვაკი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ნახსენებ შეხვედრებში, უმეტესად, ის ფეხბურთელები მოირგებენ ნაკრების ფორმას, რომლებსაც ამის საშუალება აქამდე ნაკლებად ჰქონდათ.

ვაისმა ქუთაისის “ტორპედოდან” ორ მოთამაშეს უხმო.

პირველი სპორტსმენი მარცხენა მცველი, გიორგი ქიმაძეა. 24 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სამწელ-ნახევარი გაატარა საჩხერის “ჩიხურაში”, 2 წელი კი ქუთაისის “ტორპედოში”, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია საკუთარ პოზიციაზე. მას აქამდე ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია.

 

მეორე ფეხბურთელი ოლეგ მამასახლისია. 21 წლის მოთამაშე უკვე მეხუთე წელია “ტორპედოში” ირიცხება. არც ოლეგს არ მოურგია ამ მომენტამდე ჩვენი გუნდის ფორმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები 16 იანვარს შეიკრიბება. ჩვენი ბიჭები 23 და 25 იანვარს უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

გიორგი ქიმაძე: “მერანს” დიდ წარმატებებს ვუსურვებ!”

გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მეგრულ-იმერული დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქიმაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“პირველ ტაიმში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ეს იყო იდეალური 45 წუთი. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო მონდომებული გამოვიდა მოედანზე და აგრესიულადაც შეგვიტია. ეს ყველაფერი აისახა მათ მიერ ერთ გაქვითულ გოლზე. ვთვლი, რომ ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ ეს ტიტული.”

“მარტვილის “მერანი” შესანიშნავი გუნდია. მეგრელებს წარმატებას ვუსურვებ!” – განუცხადა მარცხენა მცველმა.

ქიმაძე: “დიდი ალბათობით, “ტორპედოში” დავრჩები”

როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ, “ტორპედოს” აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს გუნდთან არსებული კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

იმერელთა ქომაგებს, “ჯუნგლებს” ყველაზე მეტად ლიდერების მომავალი აწუხებთ, დარჩებიან თუ არა ისინი, მათ საყვარელ კლუბში.

ამასთან დაკავშირებით, “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქიმაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

-როგორც ვიცით, გუნდში ყველა ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტის ვადები. რა ხდება თქვენს მომავალთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა გუნდი, თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას?

– ამჟამად, ჩემსა და კლუბს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, შეთანხმებას მივაღწევთ და “ტორპედოში” დავრჩები.

– “ტორპედოს” ქომაგები, “ჯუნგლები” გუნდის ნამდვილ ლიდერად მიგიჩნევენ გურამ ადამაძესთან ერთად და ძალიან გაფასებენ. მათ კლუბში ყველაზე მეტად თქვენი დარჩება სურთ. რას ფიქრობ მათზე და თავად თუ მიიჩნევთ თავს გუნდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად?

– მამოძრავებელი ძალა არამგონია ვიყო, ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. რაც შეეხება, გულშემატკივრებს, მათ მხარდაჭერას როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

– აპირებს ზაფხულში ქუთაისური გუნდი გაძლიერებას? რა იქნება რაიონისპირელთა მთავარი მიზანი მომდევნო სეზონისთვის?

– “ტორპედოს” მთავარი მიზანი საპრიზო ადგილია. დარწმუნებული ვარ, გავძლიერდებით, თანაც საკმაოდ.

– და ბოლოს, როგორ შეაჯამებდი “ტორპედოს” მიერ განვლილ, მიმდინარე სეზონს და კმაყოფილი ხარ თუ არა, გუნდის ნაჩვენები შედეგით?

– გუნდმა დასახული მიზანი შეასრულა და ცუდადაც არ გვითამაშია. უბრალოდ, სამწუხარო ქულები დავკარგეთ, რამაც ძალიან იმოქმედა სატურნირო ცხრილზე. საბოლოო ჯამში, მეორე წრე კარგად ჩავატარეთ.