პორტუგალიის 19-წლამდელთა თავკაცმა საქართველოს ნაკრები შეაქო

პორტუგალიის ნაკრების 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბოჟესმა საქართველოსთან განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„რთული მატჩი იყო, საქართველოს ნაკრებს ვულოცვავ. თქვენი გუნდის მთავარ მწვრთნელსაც ვუთხარი, რომ შემადგენლობაში მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავს. დღეს ამაყი ვარ, რადგან ასეთი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ. ამ გუნდს საოცრად მებრძოლი ხასიათი აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩემმა გუნდმა ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო და როგორც ჩვენ გვსურდა. საპირისპიროდ, საქართველომ ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა და იბრძოლა. ვიმეორებ, ასეთი თამაშის მოგებით გახარებული ვარ. საფინალო სასტვენის შემდეგ ამოვისუნთქე.

ასევე მსურს, რომ საქართველო არამხოლოდ დღევანდელი, არამედ ჯამში განვლილ მატჩებში ნაჩვენები ფეხბურთის გამო შევაქო. ესპანეთთან პირველ თამაშს დიდი ინტერესით ვუყურე. იმ შეხვედრაში საქართველომ ანგარიშით 1:4 წაგება არ დაიმსახურა. კარგ გზაზე დგახართ, რისთვისაც კომპლიმენტს იმსახურებთ“, – აღნიშნა ედგარ ბოჟესმა.