კახა კაჭარავას მატჩისშემდგომი კომენტარი

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ, თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველ ნახევარში თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა მეორე ტაიმში ნერვიულობა შეგვეტყო. ფაქტობრივად, მეტოქეს გოლები ვაჩუქეთ. მცველებმა ცუდად ითამაშეს ბოლოს, რასაც გამოუცდელობას დავაბრალებდი. ჩემმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათ ბრალს ვერ დავდებ.

მეტოქის სტილი იყო გრძელი პასები. ჩვენ მათ უნდა ავყოლილიყავით. თუმცა, უკვე მეორე ნახევარში ეს ვეღარ შევძელით. ჩემი მითითება იყო, რომ უპირატესობა არ უნდა დაგვეთმო. მეტოქემ ოთხჯერ დაარტყა კარში და არ ვიცი, ამას როგორ უნდა უწოდო უპირატესობა. ბიჭებთან ჯერ არ მისაუბრია. ისინი ღელავენ. ცივ გონებაზე ყველაფერს გავაანალიზებთ,” – ამბობს კაჭარავა.

კახა კაჭარავა: “დინამოდან” “დინამომდე”

ეროვნული ლიგის პირველი და მეორე წრე დინამო თბილისმა წარმატებულად ჩაატარა.

ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში სეზონის წინ ბევრი რამ შეიცვალა – გუნდის შემადგენლობა გაახალგაზრდავდა, ხოლო ამ საპასუხისმგებლო პერიოდში მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა მიიწვიეს – ადამიანი, რომელსაც დინამოში არაერთი წელიწადი გაუტარებია როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში.
ბუნებრივია, დინამოს წარმატებაში მისი როლი განსაკუთრებულია. სეზონის პირველი ნახევრის კაჭარავასეული შეფასება და მისი ხედვები ხვალინდელი დინამოს შესახებ ასეთია:

მოულოდნელი დაბრუნება
დინამო ჩემთვის წარმოუდგენლად ძვირფასია. რამ გადამაწყვეტინა დაბრუნება? დინამოს და ჩემი საქმის სიყვარულმა. არ დაგიმალავთ, შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო, თანაც, ისეთ დროს მივიღე წინადადება, სეზონის დაწყებას ბევრი აღარაფერი აკლდა. ასეთ დროს გუნდის ჩაბარება განსაკუთრებით რთულია, მაგრამ დინამოში მუშაობა იმხელა გამოწვევაა, პასუხზე ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია.

განვლილი წლები
ჩემი სამწვრთნელო კარიერა, ფაქტობრივად, დინამოში დაიწყო. აქედან წასვლის შემდეგ რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოვიცვალე, ყველაზე დიდხანს კი ცხინვალში ვიმუშავე. გუნდი საკმაოდ რთულ პერიოდში ჩავიბარე, გავარდნის რეალური კანდიდატი რომ იყო, მაშინ. წავედი რისკზე, გავრისკე ჩემი სახელითა და ავტორიტეტით და მივიღე ეს გამოწვევა. ფეხბურთელების დიდი დამსახურებითა და სამწვრთნელო შტაბის მონდომებით, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ, წლიდან წლამდე ვპროგრესირებდით. ცხინვალი უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საინტერესო გუნდად იქცა და რაც მთავარია, ევროთასების საგზური მოიპოვა. ისტორიაში ჩაიწერება, რომ ევროპა ლიგაზე ითამაშა ცხინვალმა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს. წლების შემდეგ კი მჯერა, რომ გუნდი ცხინვალი საშინაო მატჩებს ცხინვალში ჩაატარებს და სხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშებს.

ახალი კურსი
რომან ფიფიასთან ვრცლად ვისაუბრე მომავალი დინამოს შესახებ. შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ოპტიმალური ნაბიჯი გუნდის გაახალგაზრდავება და აქცენტის ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთება იქნებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგ ლეგიონერებზე უარს ვიტყვით. მაგალითად, აშკარად გვაქვს მარჯვენა მცველის პრობლემა და შესაძლოა, ეს დეფიციტი სწორედ უცხოელი ფეხბურთელით შევავსოთ.
დღეს ძნელია, საქართველოში ყველა პოზიციაზე ორ-ორი ძლიერი კადრი მოძებნო. დინამო თბილისს რომ ამბიციები უნდა ჰქონდეს, ამაზე საუბარიც ზედმეტია. დინამო არ არის რიგითი ქართული კლუბი და ამას მისი თითოეული წევრი კარგად უნდა აცნობიერებდეს. გუნდი შენების პროცესშია, გამოიკვეთა რგოლები, სადაც პრობლემებია. თუმცა არ ვიტყოდი, რომ პრობლემა ბევრი გვაქვს. ამ ახალგაზრდა ბიჭებს ვენდობი. დიდ როლს თამაშობს დინამოს აკადემია, რომელიც მთავარი გუნდისთვის უკვე დიდი მოკავშირეა. ვფიქრობ, დინამო სწორი მიმართულებით მიდის

ორი წრის შემდეგ
სეზონის სტარტზე გვქონდა ჩავარდნა, რასაც თავისი ახსნა აქვს. ფეხბურთელები ადაპტაციის პროცესს გადიოდნენ, რამაც, საბედნიეროდ, დიდხანს არ გასტანა. თითოეულმა ჩვენგანმა შეცდომებისგან სათანადო დასკვნები გამოიტანა და ამის შემდეგ დავამტკიცეთ, რომ ტყუილად არ გვაქვს საჩემპიონო ამბიციები.
სირთულეების გადალახვა კი ფეხბურთისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ეს აუცილებელია. მოხარული ვარ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ხასიათის საოცარი სიმტკიცე გამოავლინეს.

ჩემპიონატის ახალი ფორმატი
მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც შეცდომის აღიარება არ შეუძლია. წლების წინ ვამბობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, უმაღლეს ლიგაში რაც შეიძლებოდა მეტ გუნდს ეთამაშა. ახლა კი დავრწმუნდი, რომ ამჟამინდელი სისტემა იდეალურია – დაძაბულობა გაზრდილია, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ხარისხის ამაღლებამდე.
ამის მიღწევას კი ინფრასტრუქტურის მოწყობა დააჩქარებს. არიან გუნდები, რომლებსაც საკუთარი სტადიონები არ აქვთ, ბევრგან მოედნის ხარისხიც დაბალი დონისაა, თუმცა მთავარია, რომ ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მზადყოფნას ვგრძნობ, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს.

კონკურენტები
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეროვნული ლიგის აბსოლუტურად ყველა გუნდი არის ჩვენი კონკურენტი. საქართველოს ჩემპიონატში იოლი მეტოქე, უბრალოდ, არ არსებობს. ადვილი თამაში არც აქამდე გვქონია და არც შემდგომში ველი. დინამოს მიზანი კი ყოველთვის უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვება. მეტოქეებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, გვსურს, მათთან სამართლიან ბრძოლაში შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა.

გამორჩეული ფეხბურთელები
არ მინდა რომელიმე დინამოელის გამოყოფა, რადგან თითოეული მათგანი მაქსიმალურად იხარჯება გუნდის წარმატებისთვის. ბუნებრივია, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრების აქვთ ამის უფლება და ისედაც ჩანს, ვინ რას ქმნის მოედანზე.
მე მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს გუნდისთვის. ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი. დინამოს ფეხბურთელი ყოველმხრივ გამორჩეული უნდა იყოს, როგორც მოედანზე, ასევე ცხოვრებაში. უნდა იყოს როგორც მაღალი დონის ფეხბურთელი, ასევე საზოგადოების გამორჩეული წევრი.

დინამო და ევროთასები 
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა დინამომ ევროთასების საგზური ვერ მოიპოვა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეთი რამ ხდება ხოლმე. ახალგაზრდა ფეხბურთელი საერთაშორისო ოფიციალურ მატჩებზე იზრდება და კარგი იქნებოდა, ამის საშუალება გვქონოდა. მერწმუნეთ, ეს ბიჭები თავს არ შეირცხვენდნენ.
მთელი სულითა და გულით ვუქომაგებ ევროთასებზე გასულ ოთხივე ქართულ კლუბს, რადგან მათი წარმატება მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატება იქნება. მომავალ წელს კი დინამო ნამდვილად არ დააკლდება საერთაშორისო სარბიელს და მჯერა, თავის სიტყვას იქაც იტყვის.
ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ ეს არის. ახალგაზრდა ფეხბურთელებს სტაბილურობისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, მაგრამ შემდეგი ზაფხულისთვის ამ მხრივაც გვექნება წინსვლა. იანვრისთვის უკვე ჩამოყალიბებული იქნება ის ბირთვი, რომლებიც მომავალ ევროსეზონზე დაიცავენ გუნდისა და ქვეყნის ღირსებას. დროა, ევროთასებზე მხოლოდ მონაწილეობას არ დავჯერდეთ.

საზაფხულო გეგმები
ერთი სასიამოვნო თავისტკივილი გვაქვს – დინამოს ფეხბურთელები ყველა ასაკოვრივ ნაკრებში არიან გამოძახებულნი და ამიტომაც შეკრებაზე სრული შემადგენლობით ვერ წავალთ. 29 ივნისიდან 13 ივლისამდე სლოვენიაში ვიქნებით და იქ გავივლით შეკრებას. სპარინგ-პარტნიორების ვინაობას მოგვიანებით დავადგენთ, სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი საკმაოდ სოლიდურია. დინამოს შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ იქნება, მხოლოდ პრობლემურ პოზიციებს გავაძლიერებთ.

სანაკრებო ივნისი
ტრავმირებულთა სიმრავლემ ჩვენი ეროვნული ნაკრები ძალიან დააზარალა. დარწმუნებული ვარ, ოპტიმალური შემადგენლობით რომ გვეთამაშა, მოლდოვასთან აუცილებლად გავიმარჯვებდით. კიშინიოვში განახევრებული გუნდით ვითამაშეთ და ამის მიუხედავად, სამ ქულას სწორედ ჩვენ ვიმსახურებდით. ამას მხოლოდ იმის გამო არ ვამბობ, რომ მსაჯმა მასპინძლებს არარსებული გოლი ჩაუთვალა.
ორი ბურთით ვაგებდით და ბიჭებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, მეტიც, გამარჯვების შანსიც გვქონდა. ეს უკვე პროგრესის ნიშანია. მეორე ტაიმში მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ, რაც მწვრთნელისა და ფეხბურთელების დამსახურებაა.
ზოგადად კი, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარეშე ნაკრების პროგრესი წარმოუდგენლად მიმაჩნია.

ნიკა კაჭარავას შესახებ
ნიკას ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვარ. ჩემი შვილია და ყველაზე მეტად მე ვხედავ, რა უნდა გააკეთოს წინსვლისა და პროგრესისთვის. მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო როგორც კვიპროსში წასვლა, ასევე უკვე იქიდან წამოსვლა. მან დიდ ხელფასს ფეხბურთის თამაში არჩია და ეს ძალიან მახარებს. ეს უკვე პროფესიონალის ნაბიჯია და ძალიან მსიამოვნებს. უახლოეს ერთ წელიწადში მისგან დიდ პროგრესს ველი. საამისოდ მონაცემებიც უწყობს ხელს და ხასიათიც. ნიკა მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს.
აი, ჩემთვის პროფესიონალიზმის მაგალითი ზაზა ფაჩულიაა. ფული წარმავალია, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი კი ქართველებს არასდროს დაგვავიწყდება. ტიტულსა და გულშემატკივრების სიყვარულს ვერასდროს იყიდი!

Eliga.Ge

კაჭარავა: “ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “დინამომ” “სამტრედიას” 3:2 მოუგო, თბილისელთა თავკაცმა, კახა კაჭარავამ ჟურნალისტებთან ჩატარებული მატჩი შეაფასა.

“კარგი თამაში გამოვიდა. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენი დაშვებული შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანი ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა, ცოტახანში სამტრედიამ გაათანაბრა. ვფიქრობ, ვიმსახურებდით გამარჯვებას და საბოლოოდ მოვიპოვეთ კიდეც. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის,” – განაცხადა კაჭარავამ.

კახა კაჭარავა: “მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ”

ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ბაჩანა არაბულის ერთადერთი გოლის წყალობით ფოთის კოლხეთი დაამარცხა.

მატჩის შემდეგ დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ პრესკონფერენცია გამართა.

“გილოცავთ ყველას ეროვნული ლიგის დაწყებას. ვეთანხმები გელას, ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში არაერთი მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ.”

“მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. ჩვენი გუნდი მოგეხსენებათ 3 დღეა რაც დაბრუნდა. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ. იცით, რომ  “დინამოში” გასული წლიდან ორი ფეხბურთელი დარჩა, დიდი ნამატი გვაქვს აკადემიის გუნდიდან და შესაბამისად მათ სჭირდებათ დრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თამაშზე არ ვიბრძოლებთ. იყო მომენტები სადაც ჩანდა, რომ მეტი კონცენტრაციაა საჭირო,” – განაცხადა კაჭარავამ.

კაჭარავა „ლოკომოტივთან“ ადვილ შეხვედრას არ ელის (ვიდეო)

2015 წლის უმაღლესი ლიგის ბოლო მატჩს „ცხინვალი“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს. მოახლოებული შეხვედრის შესახებ ცხინვალელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ისაუბრა.

„სერიოზულად ვემზადებით. ბოლო მატჩებში „ლოკომოტივმა“ სიტუაცია გამოასწრორა. ვფიქრობ, რომ მეტოქე კარგ ფორმაში იმყოფება, მას თავის რიგებში გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ასე რომ, ადვილ თამაშს არ ველოდებით. ეს შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, მესამე ადგილზე გავალთ, რაც მიღწევა იქნება. ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. გვინდა, წელი მოგებით დავასრულოთ და მესამე ადგილზე დავრჩეთ“, – განუცხადა კაჭარავამ „ცხინვალის“ პრესსამსახურს

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ – „ცხინვალის“ მატჩი ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20 :00 საათზე დაიწყება.

„ცხინვალის“ პრესსამსახურის ვიდეო:

კახა კაჭარავა: „წინასწარ ვიცოდით, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა“

„ცხინვალის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ქუთაისის „ტორპედოსთან“ გასვლითი შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:1 მოიგო.

„ქუთაისის „ტორპედო“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ბრენდია, ტრადიციული მეტოქეა და წინასწარ ვიცოდი, რომ მათთან სტუმრად თამაში ადვილი არ იქნებოდა. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნების კუთხით სამუშაო ბევრი გვაქვს. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა „კოლხეთთან“ მატჩზე უნდა გადავერთოთ. „ტორპედოს“ წარმატებებს ვუსურვებ“, – ციტირებს სპეციალისტს კლუბის „ფეისბუქის“ გვერდი.

კაჭარავა „ბოტოშანთან“ მარცხის შემდეგ: „ამ გამოუცდელ მოთამაშეებს ვერაფერს მოვთხოვთ“

„ცხინვალის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ „ბოტოშანთან“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წაგებული მატჩი შეაფასა.

„ცუდი თამაში გამოვიდა. პირველივე წუთიდან ცუდად ვთამაშობდით და შევცდით. მეტოქე კარგი და გამოცდილი გუნდი იყო. ჩვენს კარში გოლები ცენტრალური მცველების შეცდომებს მოჰყვა.

ამ წაგების გამო ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. უფრო მეტი პროგრესი გვჭირდება, ვფიქრობ, პრობლემა სწორედ ამაშია. ამ ახალგაზრდა, გამოუცდელ მოთამაშეებს ასეთ დოენზე მეტს ვერ მოვთხოვთ. მთავარია, ეს გუნდი შენარჩუნდეს და მას განვითარების საშუალება ჰქონდეს.

ვიცოდით, რამდენად ძლიერ გუნდს შევხვდით. „ბოტოშანი“ შეთამაშებული და დაბალანსირებული კოლექტივია. უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ დავმარცხდით. თუ საქართველოს ჩემპიოანტში შეცდომას გვპატიობენ, აქ იგივე ვერ განმეორდება.

ზოგმა ფეხბურთელმა გულშემატკვირების ამ რაოდენობის წინააღმდეგ მხოლოდ პრიველად ითამაშა. ჩემპიონატში ჩვენს მატჩებზე, ძირითადად, მოთამაშეთა ნათესავები დადიან.

მსაჯის მუშაობაზე საუბარი არ მსურს, ზოგადად, ამ თემაზე კომენტარისგან ყოველთვის თავს ვიკავებ“, – განაცხადა კაჭარავამ.

„ცხინვალის“ თამაშიდან შემოსული თანხა დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება

მოგეხსენებათ, ხვალ „ცხინვალი“ რუმინულ „ბოტოშანთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ჩაატარებს. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. წარმოგიდგენთ „ცხინვალის“ თავკაცის კახა კაჭარავას კომენტარს.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ბიჭებს, ისინი მაქსიმუმისთვის ყველაფერს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობთ, პირველ ნომრად თამაშს ვაპირებთ.

გულშემატკივარს მატჩზე დასწრება უფასოდ შეუძლია, თუმცა კლუბს ინიციატივა აქვს – ხალხს ფულის გადახდა შეეძლება, შემოსულ თანხას კი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მოვახმართ“, – განაცხადა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალსა“ და „ბოტოშანს“ შორის რუმინეთში პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ხვალინდელი შეხვედრა საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

კახა კაჭარავა: „გვსურს, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ცხინვალი საქართველოა“

„ცხინვალის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ „პიუნიკთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„თამაში არც ისე საინტერესო გამოდგა. ნებისმიერ შემთხვევაში, იგრძნობოდა, რომ შეთამაშებული გუნდი გვიპირისპირდებოდა, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს.

რაც შეეხება ჩემს გუნდს, მის შემადგენლობაში ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელია, რომელიც 17-18 წლისაა. იმედია, გამოცდილებას ეს მოთამაშეები მალე მიიღებენ.

ისტორიაში პირველად „ცხინვალი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამას სხვა მხრიდან ვუყურებთ – გვსურს, ყველამ იცოდეს, რომ ცხინვალი – საქართველოა. მიხარია, რომ დღეს სტადიონის ტაბლოზე ჩვენი სახელი ეწერა. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის!

– „პიუნიკის“ შემადგენლობიდან ვის გამოარჩევდით?

– ჯონი ჯერემიას აღნივნა შემიძლია. მეტოქეთათვის ის ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. გარდა ამისა, მეკარესაც გამოვყოფდი