პარაგვაიმ ბრაზილია კოპა ამერიკის გათამაშებიდან გამოთიშა (ვიდეო)

2015 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებს პარაგვაის ეროვნული გუნდი შეხვდება.

“ალბიროხამ” მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე რობინიომ გაიტანა, რომლისთვისაც საერთაშორისო დონეზე ეს 2010 წლის შემდეგ პირველი გატანილი ბურთი გახლავთ. 72-ე წუთზე ბრაზილიელთა მცველმა ტიაგო სილვამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა და არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პარაგვაელთა თავდამსხმელმა დერლის გონსალესმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

კოპა ამერიკის რეგლამენტის თანახმად, ძირითადი 90 წუთის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება. ნახევარფინალისტის ვინაობის გარკვევა ამჯერადაც თერთმეტმეტრიანი დარტყმების მეშვეობით მოხდა, რომელიც პარაგვაელებმა უკეთ შეასრულეს — 4:3.

ამრიგად, გაირკვა მეორე ნახევარფინალური წყვილიც — არგენტინა-პარაგვაი. ეს მატჩი პირველ ივლისს, ჩვენი დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება. ჩილესა და პერუს ნაკრებებს შორის გასამართი პირველი ნახევარფინალური მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.