მურთაზ ხურცილავა: „ეუსებიო ფეხბურთის ვირტუოზი იყო“

თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მურთაზ ხურცილავამ გაიხსენა, როგორი ფეხბურთელი იყო ეუსებიო.

„ეუსებიოს პირველად 1966 წელს ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდი, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები მესმე ადგილისთვის ბრძოლაში პორტუგალიას შეხვდა (1:2). ის მატჩი ორივე გუნდის შესრულებით ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი იყო, მაგრამ გამორჩეულად ეუსებიოს საოცრად ლამაზი თამაში დამამახსოვრდა. ის ფეხბურთის ვირტუოზი გახლდათ, ძალიან ტექნიკური და კულტურული მოთამაშე იყო. ჩვენ, ფეხბურთელები დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით ასეთ მეტოქეებს“, – აღნიშნა ბატონმა მურთაზმა.

მურთაზ ხურცილავა ეუსებიოს მეორედ 1971 წელს, ლეგენდარული ლევ იაშინის გამოსათხოვარ მატჩზე შეხვდა, რომელის მოსკოვში გაიმართა.

„მაშინ მსოფლიოს ნაკრები საბჭოთა კავშირის „დინამოს“ კლუბებს დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში მოსკოვის, კიევის, თბილისისა და მინსკის „დინამოები“ ერთი გუნდად ასპარეზობდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ეუსებიომ ამჯერადაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – განაცხადა მურთაზ ხურცილავამ.

მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტზე ხურცილავა მაგიდასთან ეუსებიოს პირისპირ იჯდა.

„ეუსებიოს თავშეკავებამ გამაოცა, ის ხომ იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო?!“ – ციტირებს მურთაზ ხურცილავას სიტყვებს „იტარ-ტასი“.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, ლეგენდარული ეუსებიო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბექა დოგრაშვილი