“ვოლინმა” “დილასთან” საპასუხო მატჩის ჩატარება არ ისურვა

გორის “დილასა” და ლუცკის “ვოლინს” შორის დღეს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი არ ჩატარდა. შეხვედრის გამართვაზე უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას “დილა” ავრცელებს.

“უკრაინულ “ვოლინთან” მეორე მატჩი დღეს აღარ გაიმართება, რადგან ჩვენმა მეტოქემ თამაშზე უარი განაცხადა. მომდევნო მატჩს გორის “დილა” 4 ივლისს თურქეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ “გაზიანთეპსპორთან” ჩაატარებს”, – წერია “დილას” გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “დილასა” და “ვოლინს” შორის გუშინ გამართული მატჩი ქართული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

„დილამ“ უკრაინულ ,,ვოლინთან” ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაში შემოატრიალა

გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინის უმაღლეს ლიგელ ლუცკის „ვოლინთან“ და შეხვედრა, მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ნახევარი. პირველ ტაიმში ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. ხშირი იყო ორთაბრძოლები, თუმცა პირველ ნახევარში მეტოქემ შეძლო ორი ბურთის გატანა. ორივე შემთხვევაში მეტოქემ თავური დარტყმით აიღო ჩვენი გუნდის კარი. აღსანიშნავი იყო, უკრაინელი ფეხბურთელების სიმაღლეში უპირატესობა. პირველი ბურთი ჩვენს კარში ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გავიდა, ხოლო მეორე კუთხურიდან მოწოდებულს მოჰყვა.

ორი გაშვებული გოლის შემდეგ, სათამაშო უპირატესობას „დილა“ დაეუფლა. სახიფათოდ ურტყამდა ირაკლი ძარია, რომლის დარტყმულიც მცირე მანძილით აცდა „ვოლინის“ კარს. აქტიურობდა მარცვალაძე-მაშუკოვი, ფლანგებიდან კი ხურცილავა და ნავალოვსკი.

ტაიმის ბოლო წუთზე „დილამ“ ანგარიშის შემცირების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. მარცხენა ფრთაზე ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ, ბურთი მაშუკოვს მიუვიდა, რომელიც საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შევიდა, გაცდა ორ მოწინააღმდეგეს და გადაცემა გაუკეთა გვალიას, რომელმაც ერთი შეხებით მარცვალაძეს დაუგდო. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ოთარის დარტყმული უკრაინელთა მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარში „დილას“ თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა. კვახაძის ნაცვლად მოედნის დაცვის ცენტრში გიორგი პაპავას გივი ქარქუზაშვილი შეუწყვილა, ძარიას მაგივრად კი კვირკვია შევიდა, ხოლო მაშუკოვის ნაცვლად ერისთავი.

ამის შემდეგ, მეორე ნახევარი მთლიანად „დილას“ უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია კვირკვიას და ერისთავის საკმაოდ კარგი ჩართვა თამაშში. გოლი გორელებმა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გაიტანეს. მეტოქის მარცხენა ფრთიდან ოთარ მარცვალაძის გრძელ ფლანგურ გადაცემას დავით ხურცილავას თავით დაგდებული ბურთი და ასევე ერთი შეხებით მათე კვირკვიას მეტოქის კარში ლამაზად გადაგზავნილი გოლი მოჰყვა – 2:1. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მოწნააღმდეგის რიგებში გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სანდრო კობახიძე.

შეხვედრა კვლავ გორელთა უპირატესობით გაგრძელდა. გატანილი გოლის შემდეგ, ერთი-მეორეს მიყოლებით ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ: ერისთავს, მარცვალაძეს, კვირკვიას და გვალიას.

მეორე გოლი „დილამ“ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 71’-ე წუთზე მარცხენა კუთხიდან გორელებმა საჯარიმოს ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. გიორგი ერისთავის სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთზე, მეტოქის მცველმა ხელით ითამაშა. თერთმეტმეტრიანი კი ლუკა რაზმაძემ უზადოდ შეასრულა – 2:2.
ანგარიშის შემცირებისა და გათანაბრების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა კიდევ რამოდენიმე ცვლილება განახორციელა და მოედანზე შევიდნენ: გუგა ფალავანდიშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, და გიორგი ილურიძე.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, გორელებმა მოსაგებლად გაიწიეს და რამოდენიმე წუთში დაწინაურდნენ კიდევაც. დავით კვირკველიამ საკუთარი ნახევრიდან გრძელი გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოსთან, სადაც მათე კვირკვიამ „ვოლინის“ ტანმაღალ მცველთან ორთაბრძოლაში მიიღო ბურთი და ლამაზი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი – 2:3.

დარჩენილ დროში გორელებს, კერძოდ კი მარცვალაძეს შეეძლო მეოთხე გოლის გატანა. ოთარ მარცვალაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, კუთხე ოდნავ მახვილი იყო და მეკარემ შეძლო ხიფათის განმუხტვა.

შეხვედრის მიწურულს, უკრაინელებს რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრებისა, თუმცა ხიფათამდე საქმე არ მისულა. შეხვედრა საბოლოოდ „დილას“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ასევე გვინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადოთ ტექნიკური შეფერხებისთვის, რომელიც ჩვენი ტექსტური ტრანსლაციის დროს შეექმნა საიტს.
„დილა“ ხვალ 2 ივლისს კიდევ ერთხელ გაეჯიბრება უკრაინულ „ვოლინს“. შეხვედრა ჩვენი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე (კაპ.), პაპავა, კვირკველია, ნავალოვსკი, გვალია, რაზმაძე, ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი.
შეცვლაზე შევიდნენ: ქარქუზაშვილი, კვირკვია, ერისთავი, ფალავანდიშვილი, ღონღაძე და ილურიძე.

„დილას“ პრესსამსახური