უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანატოლი ტიმოშჩუკმა 37 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.
“კლუბების ძიებაში აღარ ვარ, კარიერა მშვიდად დავასრულე. დასვენებისთვის დრო ავიღე. გავიაზრებ, რა ხდება, რა სტატუსი მაქვს. ახლა უმეტესწილად სამწვრთნელო შემოთავაზებებს ვიღებ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარები წარმატების მიღწევაში”, – განაცხადა ტიმოშჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი ტიმოშჩუკს კარიერის განმავლობაში ლუცკის “ვოლინში”, დონეცკის “შახტარში”, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში”, მიუნხენის “ბაიერნსა” და “ქაირათში” უთამაშია.
ანატოლი ტიმოშჩუკი გახლავთ ჩემპიონთა ლიგისა (2012-2013) და უეფას თასის (2007-2008) გამარჯვებული, სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი (2001-2002, 2004-2005, 2005-2006), სამჯერ მოიპოვა უკრაინის თასი (2000-2001, 2001-2002, 2003-2004), ერთხელ დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს (2005), ორჯერ რუსეთის ჩემპიონატი მოიგო (2007, 2014-2015), ამდენჯერვე გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული (2009-2010, 2012-2013), ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს (2009-2010, 2012-2013), გახდა ყაზახეთის თასის მფლობელი (2015).
ანატოლი ტიმოშჩუკმა უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიოსა და 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატებზე მიიღო მონაწილეობა. მას ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 144 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი.
ანატოლი ტიმოშჩუკმა PRO კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია აიღო.