თემურ ქეცბაია: “პენალტი და ფეხბურთელის გაძევება გადაჭარბებული იყო”

უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ნიქოზიის “ომონიამ” “დინამო ბათუმი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმმა” პირველი ტაიმი ღირსეულად ჩაატარა, მეორე ნახევარში ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან. ამ ორი მატჩიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ “დინამო ბათუმი” ღირსეულად გამოვიდა. გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასულიყო მომდევნო ეტაპზე, მაგრამ… ეტყობა, რომ “დინამოში” სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, გუნდი მომდევნო სეზონში უფრო მზად იქნება.
ვფიქრობ, რომ გაძევებამ დიდი როლი ითამაშა ამ შეხვედრაში. ასეთ პირობებში ათი კაცით თამაში ძალიან ძნელია. რომ არა გაძევება, არავინ არ იცოდა, როგორი თამაში წავიდოდა. მსაჯს შეეძლო, პენალტი დაენიშნა და ფეხბურთელი არ გაეძევებინა. შეიძლება ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანი და გაძევება გადაჭარბებული იყო ამ მომენტში”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

 

ევროპის ლიგას “დინამო ბათუმიც” გამოეთიშა (ვიდეო)

დასრულდა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩი. შეხვედრა ანგარიშით 2:0 დამთავრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო ეტაპზე კვიპროსელები ითამაშებენ. პირველი შეხვედრა, რომელიც ზესტაფონში მდებარე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ბათუმელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს და განმეორებით მატჩამდე მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს.

კვიპროსელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ორივე ბურთი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა: 56-ე წუთზე ბათუმელთა მცველმა ბადრი ტეტუნაშვილმა მასპინძელთა ფეხბურთელის ანდრე შემბრის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმო მოედანზე თამაშის წესი დაარღვია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა “დინამოს” მოთამაშეს კი პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი ეროლ გულონმა დაარტა, ბურთი ბათუმელთა კიპერმა მიხეილ ალავიძემ ფეხებით მოიგერია, თუმცა დამატებაზე იმავე გულონმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მეორე გოლი ანდრე შემბრიმ 61-ე წუთზე ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა და ამით ორი მატჩის ჯამში უპირატესობა “ომონიას” მხარეს გადავიდა.

ამის შემდეგ “ომონიას” კიდევ რამდენჯერმე მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა ხან მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხან შემტევები სცოდავდნენ ბოლო ფაზაში, ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა.

ამრიგად, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროპის ლიგას “დინამო ბათუმიც” გამოეთიშა.

“ომონია” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ “იაგელონიასა” და ლიტვურ “კრუოიას” შორის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება, შეგახსენებთ, რომ “იაგელონიას” ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე იცავს.

ევროპის ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
“ომონია” (ნიქოზია) — “დინამო ბათუმი” 2:0 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 2:1)

“ომონია”: პანაი, ლობჟანიძე, რუნიე, გულონი, კრიშტოვაუ, ნუნუ ასიში (პერესი 88′), ეკონომიდესი, მარგასა, კირმი (ფოფანა 46′), შერიდანი, შემბრი (ვინსენტი 79′).
მთავარი მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი.

“დინამო ბათუმი”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, ქავთარაძე (ჩირიკაშვილი 80′), გოგიტიძე, შონია, ფონიავა (ვარშანიძე 54′), ბერიაშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი (ქორიძე 59′).
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.

გოლები: გულონი 56′ (1:0), შემბრი 61′ (2:0).
გაფრთხილებები: ბერიაშვილი 27′, გაბედავა 29′, გოგიტიძე 53′.
გაძევება: ტეტუნაშვილი 55′.
მთავარი მსაჯი: ფაბიუ ვერიშიმუ (პორტუგალია).