არველაძის “ტრაბზონსფორი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა (ვიდეო)

ლუქსემბურგში “დიფერდანჟსა” და “ტრაბზონსფორს” შორის უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შოთა არველაძის გუნდმა მეტოქე ამჯერადაც დაამარცხა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მაკედონიურ “რაბოტნიჩკის” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, ლატვიის “იელგავას” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:1 მოუგო.

რაც შეეხება “დიფერდანჟსა” და “ტრაბზონსფორს” შორის გამართულ მატჩს, ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე სტუმართა მცველმა სალიჰ დურსუნმა თავური დარტყმით გახსნა. 81-ე წუთზე ომარ ერ რაფიკმა გაათანაბრა, თუმცა თურქებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სონერ აიდოღდუს მიერ გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “რაბოტნიჩკისა” და “ტრაბზონსფორს” შორის პირველი მატჩი 30 ივლისს, მაკედონიაში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა ტრაბზონში, 6 აგვისტოს შედგება.

ევროპის ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეორე მატჩი:
“დიფერდანჟი” — “ტრაბზონსფორი” 1:2 (ორი მატჩის ჯამში 1:3)

გოლი: ერ რაფიკი 81′ — დურსუნი 19′, აიდოღდუ 90+3′.
გაფრთხილება: დურსუნი 88′.