იორდი კლასიმ ველოსიპედის გამოცვლა მოითხოვა

“ფეინოორდიდან” “საუთჰემპტონში” გადაბარგებული იორდი კლასი კვლავაც აგრძელებს როტერდამული კლუბის ტრადიციის დაცვას.

ინგლისური კლუბი შეკრებაზე ჰოლანდიაში იმყოფება და ტრადიციის მიხედვით, ფეხბურთელები სავარჯიშო მოედნიდან სასტუმროში ველოსიპედებით ბრუნდებიან. განზრახ თუ შემთხვევით, კლასის ველოსიპედზე “ფეინოორდის” მთავარი მეტოქის, ამსტერდამის “აიაქსის” სიმბოლო იყო გამოსახული. მართალია, საკმაოდ პატარა ზომის სტიკერი იყო მიკრული, თუმცა იორდი კლასიმ ველოსიპედის გამოცვლა მაინც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი “საუთჰემპტონში” 15 ივლისს, 8 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.