მაკლიში წარსულს იხსენებს: „საქართველოსთან წაგებულ მატჩზე რამდენიმე წელი ვფიქრობდი“

ოთხ სექტემბერს თბილისი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ამ ორი ნაკრების 8 წლის წინანდელი დაპირისპირება ყველას გვახსოვს – მაშინ კლაუს ტომპმიოლერის გუნდმა შოტლანდიელები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. როგორც ჩანს, შოტლანდიელთა მაშინდელ თავკაცს ალექს მაკლიშს ის მარცხი დღემდე ახსოვს. ერთ თვეში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას მაკლიშმა სწორედ 2007 წლის თამაში გაიხსენა. სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს გორდონ სტრაჩანს საქართველოს დედაქალაქში „ადვილი გასეირნება“ ექნება.

„იმედია, გორდონი საქართველოში გაიმარჯვებს. საქართველოს ნაკრები, 2007 წელთან შედარებით, დღეს გაცილებით სუსტია, რაც მაიმედოვნებს.

მაშინ ქართველებმა იმედები გაგვიცრუეს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გვქონდა. არადა, კარგი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩავატარეთ, საფრანგეთს სახლში და გასვლაზე ვძლიეთ, მაგრამ ფრანგებზე ორი ქულით ნაკლები დავაგროვეთ“, – იხსენებს მაკლიში.

GD17659583

„რამდენიმე წლის წინ საქართველოში წაგებულ თამაშზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. იმ შეხვედრაში სხვანაირი ტაქტიკა უნდა ამერჩია. იქამდე უკრაინა დავამარცხეთ და ვიმედოვნებდი, რომ თბილისშიც მოვიგებდით.

საქართველოს კლაუს ტოპმიოლერის სახით კარგი გერმანელი თავკაცი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო იყო, მან მოთამაშეების საბძროლველად მომზადება მაინც მოახერხა“, – აღნიშნა მაკლიშმა.