“შუქურამ” “სამტრედიას” მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა

ოცდამერვე ტურის მეორე შეხვედრა გიამართა ბათუმში “რაგბი არენაზე”. მაყურებელმა დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა.

პირველი რეალური მომენტი შეხვედრაში მე-18 წუთზე შეიქმნა, როდესაც თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ქობულეთელთა კარს ნიკა საბანაძე დაემუქრა, მაგრამ გიორგი სომხიშვილმა მეტოქეს აჯობა.თუმცა სამტრედიელთა სწრაფ შეტევებს მაინც მოჰყვა შედეგი, 26-ე წუთზე დავით რაჟამაშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიშიც გაიხსნა.

ბევრად უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარი, მე-60 წუთზე ალექსანდრე გურულის ჩაწოდების შემდეგ მარსელიონიომ ძალიან კარგად ითამაშა და მიგინეიშვილის კარი აიღო. ამის შემდეგ მოედანზე კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება, სამტრედიელები ცდილობდნენ გოლის გატანას, რეალურად ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან 65-ე წუთზე, როდესაც გიორგი კახელიშვილმა კარის ხაზზე ხელით ითამაშა და მეორედ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, ამჯერად ნიკა სამდოხაძე მივიდა ბურთთან, მაგრამ ჯერ ხარიხამ იხსნა “შუქურა” შემდეგ კი დამატებაზე ისევ სანდოხაძემ ააცილა ბურთი კარს. საბოლოოდ კი მატჩის 87-ე წუთზე ქობულეთელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, როდესაც სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, კობა შალამბერიძემ აჭარლები წინ გაიყვანა. “სამტრედიის”მონდომებამ მაინც გამოიღო შედეგი,რაჟამაშვილის ჩაწოდების შემდეგ ნიკა საბანაძემ 93-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

„კოლხეთმა“ საბანაძე დაიმატა

24 წლის თავდამსხმელი ნიკა საბანაძე აკრიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია „კოლხეთის“ „ფეისბუქის“ გვერდმა დაადასტურა.

გასული სეზონის პირველი ნახევარი ნიკამ თბილისის „დინამოში“ ჩაატარა, რის შემდეგაც ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა, რომელთანაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ამოეწურა.

ზაფხულში საბანაძე კვიპროსულ „ეთნიკოსთან“ ერთად ვარჯიშობდა, თუმცა კლუბთან კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ მოახერხა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა.

საბანაძე: “ტრავმებმა ჩემს კარიერულ წინსვლას დაღი დაასვა”

დასრულდა სეზონი და ერთმანეთს დაშორდნენ ნიკა საბანაძე და ქუთაისის “ტორპედო”. ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

– გამარჯობა ნიკა. როგორ მიდის შენი ტრავმის რეაბილიტაციის პროცესი და რამდენ ხანში დაუბრუნდები მოედანს?

– რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ტრავმა ძალიან უხერხულ ადგილას მივიღე და იგი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რამაც ჩემს კარიერაზე ცუდად იმოქმედა. დიდი ხანი გამიცდა, თანაც, ეს ყველაფერი სეზონის ბოლოს მოხდა. ნელ-ნელა ფეხის პრობლემა უმჯობესდება და სულ მალე, მინდორზეც მთელი შემართებით დავბრუნდები.

– მოდი, ორიოდე სიტყვით საქართველოს ჩემპიონატზეც ვისაუბროთ. ჩემპიონი გორის “დილა” გახდა, ტურნირის ისტორიაში პირველად. რას იტყვი ამ ფაქტთან დაკავშირებით და როგორ გგონია, ევროასპარეზზე წარადგენენ საქართველოს ღირსეულად?

– პირველ რიგში, მივულოცავ გორელ ფეხბურთელებს და მთელ გუნდს ჩემპიონობას და მინდა, ევროასპარეზზე წარმატებები ვუსურვო. წელს ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ გამარჯვებას. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ევროასპარეზზე წარმატებულად წარადგენენ.

– ახლა “ტორპედოს” ვისაუბროთ. გუნდი ევროზონის გარეთ მოხვდა და ქუთათურთა გულშემატკივრები კვლავ მომდევნო სეზონში გაბრწყინების იმედზე არიან. შენი აზრით, რამდენად მოახერხებს ქუთაისური კლუბი იმედების გამართლებას, გაძლიერდება თუ არა შემადგენლობა ახალი ფეხბურთელებით და რა იქნება გუნდის მიზანი მომდევნო წლისთვის?

– მე “ტორპედოში” აღარ ვარ. კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ჩვენი თანამშრომლობაც მორჩა. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს ქუთაისლებს.

– არის თუ არა შემოთავაზება სხვა გუნდებისგან და რა ეტაპზეა ამჟამად შენი საფეხბურთო, კარიერული ეტაპი?

– ახლა, ჩემი აზრით, ასაკის მიხედვით სათამაშო ფორმის პიკში უნდა ვიყო, მაგრამ ტრავმებმა ჩემს კარიერულ წინსვლას დაღი დაასვა. საერთოდ არავინ შემმხმიანებია. არ ვიცი რა იქნება მომავალში და სად გაგრძელდება ჩემი საფეხბურთო ცხოვრება.

საბანაძე: “ყველას სურვილია, სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ვიყოთ”

როგორც იცით, გუშინ საქართველოს უმაღლესი ლიგის ტური გაიმართა. ქუთაისის “ტორპედომ” “გურია” 1-3 დაამარცხა.

Fanebi.Com დაუკავშირდა ქუთაისელთა შემტევ, ნიკა საბანაძეს და გუნდისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაესაუბრა.

– გამარჯობა ნიკა. პირველ რიგში, გილოცავ “ტორპედოს” გამარჯვებას. როგორ შეაფასებდი გუშინდელ შეხვედრას?

– სამწუხაროდ, შეხვედრისას სტადიონზე არ ვიმყოფებოდი და თამაშს ვერ დავესწარი. რაც შეეხება გამარჯვებას, ლანჩხუთში ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და გუნდმა ძალიან საჭირო ქულები აიღო. მოგეხსენებათ ისიც, რომ აქამდე “გურიას” საკუთარ მოედანზე მარცხი არ ჰქონდა და ქუთაისის “ტორპედომ” შეძლო, მათი წაუგებელი სერია დაესრულებინა.

– როგორც ვიცით, ტრავმის გამო ვერ ახერხებ იმერელთა დახმარებას. რამდენად მძიმეა შენი დაზიანება და როდის დაუბრუნდები მოედანს?

– დაზიანება საკმაოდ მძიმეა. კოჭის ტრავმა მაქვს და ვმკურნალოდ. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი და ვნახოთ, როდის გამოვჯანმრთელდები. ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია.

– რა იქნება მიმდინარე სეზონში “ტორპედოს” მთავარი მიზანი?

– რა თქმა უნდა, გუნდს უნდა და ყველას სურვილია, სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ვიყოთ. აგრეთვე, ევროსაგზურებისთვის ვიბრძვით.

– და ბოლოს, ტრადიციული კითხვა: რამდენად იცნობთ ჩვენს ვებგვერდს და როგორ შეფასებდით მას?

– ხშირად ვსტუმრობ თქვენს ვებ-გვერდს და ძალიან საინტერესო ინფორმაციებსაც ვგებულობ. ძალიან კარგად მუშაობთ.

საბანაძე და მიგინეიშვილი ტორპედოში?

თბილისის “დინამოს” დატოვების შემდეგ ომარ მიგინეიშვილი და ნიკოლოზ საბანაძე ახალ კლუბს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მეკარისა და 23 წლის ფორვარდის დამატებით მათი ყოფილი კლუბი, ქუთაისის “ტორპედოა” დაინტერესებული და ტრანსფერებიც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში განხორციელდება.

შეგახსენებთ, “ტორპედოს” მეორე წრეში გიორგი დარასელია უთავკაცებს. ქუთაისურ კლუბში საკადრო ცვლილებები მრავლადაა მოსალოდნელი.

საბანაძე: “გულშემატკივრებს მათი გულების ბევრჯერ გახარებას ვპირდები”

ქუთაისის “ტორპედოდან” “ზესტაფონში” გადასულმა ნიკა საბანაძემ მარგველთა ოფიციალური საიტისათვის კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის ზესტაფონელ გულშემატკივრებს მათი გულების ბევრჯერ გახარებას პირდება.

“ძალიან კმაყოფილი ვარ “ზესტაფონში” გადმოსვლით! რამდენიმე წინადადება მქონდა, მათ შორის ქართული კლუბებიდანაც… საჩხერის “ჩიხურა” და თბილისის “დინამო” მიწვევდნენ, თუმცა მე “ზესტაფონზე” შევაჩერე არჩევანი, რაშიც დიდი როლი გია გეგუჩაძის ფაქტორმაც ითამაშა…

გეგმებს რაც შეეხება – წელს ევროტურნირებზე თამაში მინდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლა. ვფიქრობ “ზესტაფონი” ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს…

გულშემატკივარს ბოლომდე დახარჯვას, მოედანზე ბრძოლას, თავდადებას და, რა თქმა უნდა, მათი გულების ბევრჯერ გახარებას ვპირდები, როგორც ჩემი კარგი თამაშით და გოლებით, ასევე მთელი გუნდის წარმატებული გამოსვლით .”

ესაუბრა დიმა ნებიერიძე

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონმა” ნიკა საბანაძე და ზაზა ჭელიძე დაიმატა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მორიგი მატებაა – მარგველთა რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა. 26 წლის მცველმა ზაზა ჭელიძემ და 22 წლის თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ ჩვენს კლუბთან ორწლიანი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმეს.

ორიოდე სიტყვით საქართველოს ორგზის ჩემპიონ ზემოიმელთა რიგებში მოსული ახალწვეულების შესახებ:

ზაზა ჭელიძე – ცენტრალური მცველი; დაბადებული – 12.01.1987; სიმაღლე – 187 სმ, წონა – 79 კგ.

”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ნორჩი დინამოელი” (თბილისი) – 2004-2005; “დილა” (გორი) – 2005-2006; “სიონი” (ბოლნისი) – 2006-2007; ”დინამო” (ბათუმი) -2007; “სიონი” (ბოლნისი) – 2008-2009; “ოლიმპი” (რუსთავი) – 2009; ”დინამო” (ბრესტი, ბელორუსი) – 2010-2011; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 2012; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2012-2013.

***

ნიკა საბანაძე – თავდამსხმელი; დაბადებული – 02.05.1991; სიმაღლე – 188 სმ, წონა – 78 კგ.

ზაზა ჭელიძის მსგავსად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ნიკა საბანაძეც ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა. ნიჭიერმა თავდამსხმელმა, რომელიც თბილისის საფეხბურთო სკოლა “ავაზას” აღზრდილია, ქუთათურ კლუბში გატარებული 3,5 წლის მანძილზე მონაწილეობა 92 შეხვედრაში მიიღო და თავი 23 გატანილი გოლით გამოიჩინა.

უნდა ითქვას, რომ ორივე ფეხბურთელს გია გეგუჩაძესთან აქამდეც უმუშავია – ქუთაისელთა შემადგენლობაში ჭელიძეც და საბანაძეც 2011-2012 და 2012-2013 წლებში ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური