“ტრაბზონსფორმა” ათკაციანი “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შოთა არველაძის “ტრაბზონსფორმა” მაკედონიური “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა ბალკანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. არველაძემ იმ მატჩის შემდეგ თქვა, შინ მოვიგებთ და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას ჩვენ მოვიპოვებთო, თუმცა ასე არ მოხდა.

მართალია, უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ თურქი ქომაგები ცოტა შეფიქრიანდნენ, თუმცა 55-ე წუთზე მასპინძელთა 21 წლის ნახევარმცველმა ოქაი იოქუშლუმ დაახლოებით ისეთი გოლი გაიტანა, 2007 წელს შოთა არველაძემ შოტლანდიის ნაკრებს რომ შეუგდო. ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა. თურქები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა მცველ დუშკო ტრაიჩევსკის 65-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. “რაბოტნიჩკი” მთელი ძალით თავს იცავდა და როგორც იტყვიან, გაძლებაზე იყო, “ტრაბზონსფორმა” კი რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, თუმცა ხან მაკედონიელთა მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი თამაშობდა ბრწყინვალედ, ხანაც თურქი ფეხბურთელები სცოდავდნენ ბოლო მომენტში. შეხვედრის ძირითადი დრო “ტრაბზონსფორის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა. მართალია, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა შეცვლაზე შესული კირე მარკოსკი 112-ე წუთზე თავის მეურვეს დაუსხლტა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში სტუმრებს უპირატესობა მოუპოვა. დარჩენილ დროში თურქებს ერთი გოლიც არ ჰყოფნიდათ, თუმც ვერც იმ ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ევროსარბიელს გამოეთიშნენ.

ვის შეხვდება ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში “რაბოტნიჩკი”, ეს დღეს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეორე მატჩი:
“ტრაბზონსფორი” — “რაბოტნიჩკი” 1:1 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 1:2)

გოლები: იოქუშლუ 55′ — მარკოსკი 110′.
გაფრთხილებები: კონსტანტი 64′, დენის ილმაზი 78′, მბია 80′, კარდოსო 112′ — ტრაიჩევსკი 44′, ალტიპარმაკოვსკი 64′, ილიოსკი 65′, პეტროვიჩი 86′.
გაძევება: ტრაიჩევსკი 65′ (“რაბოტნიჩკი”).