ქართულ ჭიდაობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა

ქართული ჭიდაობის წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე – ფალავნობაზე რამდენიმე წელია მონაწილეობას იღებენ უცხოელი სპორტსმენები, რაც ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას უსვამს ხაზს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს ქართულ ჭიდაობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ქართული ჭიდაობისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსის მინიჭებაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჭიდაობის პოპულარიზაციას და განვითარებას. გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს სპორტის სახეობა ბევრ ქვეყანაში უკვე ძალიან პოპულარულია, რისი ნათელი დადასტურებაც წლევანდელი ფალავნობაა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთმა სპორტსმენმა მიიღო.

დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებში ქართული ჭიდაობა კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან ის მოჭიდავეები, რომლებიც ქართულ ჭიდაობას ჭიდაობენ, წარმატებას აღწევენ მსოფლიოს ასპარეზზე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენის მხრივ გპირდებით, რომ სამინისტრო მაქსიმალურად დაეხმარება სპორტის ამ სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას”.

ქართულ ჭიდაობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

შემდგომი ეტაპი უკვე საერთაშორისო აღიარებაა და შესაძლებელია, ქართული ჭიდაობა სამომავლოდ „იუნესკოს” (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მხრიდან დაფასდეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებია ქართული ჭიდაობის წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე – ფალავნობაზე მონაწილეობას უცხოელი სპორტსმენებიც იღებენ, რაც ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას უსვამს ხაზს.

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის” კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს. ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელ და თვითმყოფადობის გამოხატულებად იქცა.

სამინისტროს პრესსამსახური

ბექა ლომთაძის ილეთი, რომელიც ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოარჩია (ვიდეო)

9 იანვარს, სოციალურ ქსელ Facebook-ში, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ოფიციალურ გვერდზე ქართველი მოჭიდავის, ბექა ლომთაძის მიერ გაკეთებული ილეთის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა.

ბექა ლომთაძემ ყირგიზ მამატაევს ოთქულიანი გდება გაუკეთა.

იხილეთ ვიდეო

ზვიად პატარიძე – დღევანდელი დღის მესამე მსოფლიო ჩემპიონი!!!

საფრანგეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო მჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ჩვენი ფალავანი, ზვიად პატარიძე იღებდა მონაწილეობას.

პატარიძემ ფინალამდე სამ მოწინააღმდეგეს მოუგო: ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1, აზერბაიჯანელ გამზატხან ისრაპილოვს 8-0 და ნახევარფინალში უნგრელი ფერენს ალმასს 9-0 სძლია.

ფინალში ქართველი მძიმეწონოსანი თურქ ოსმან ილდირიმს შეხვდა. შეხვედრა არც თუ ისე მარტივი გამოდგა ჩვენი სპორტსმენისთვის, მაგრამ მან გამარჯვება მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო!!!

რამაზ ზოიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო!

საფრანგეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, რამაზ ზოიძე იღებდა მონაწილეობას.

ზოიძემ პირველი შეხვედრა ლიტველ კრისტუპას სლეივასთან გამართა და 6-4 დაამარცხა. შემდეგ, ბრაზილიელი რამოს ჯუნიორი 12-4 გაანადგურა და ეგვიპტელი მოჰამედ ელსაედი 11-1 დაამარცხა. ნახევარფინალში კი  7-5 მოუგო ირანელ მოჰამად მორად ელიასს.

ფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე ყაზახი კაჰარმან კისიმეტოვი იყო. ქართველმა მოჭიდავემ მეტოქე 5-0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

მოჭიდავე გიორგი მელია მსოფლიოს ჩემპიონია! (ვიდეო)

საფრანგეთის ქალაქ მაკონაში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.

დღეს ზემოთ აღნიშნულ ტურნირზე ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა. 96 კილოგრამ კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მელიამ 4 მეტოქეს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩვენმა სპორტსმენმა შვეიცარიელი დამიან ვონ ეუ (4-0), იაპონელი იუტა ნარა (7-1) და ამერიკელი ტრეისი ჰენკოკი (12-8) დაამარცხა და ფინალში გავიდა. ბოლო შეხვედრაში მელია ბელარუს არსენ სიჩევს დაუპირისპირდა და მისი დამარცხებაც შეძლო!

ვიდეო, რომელშიც ფინალამდე გამართული შეხვედრების კადრებია.

გენო პეტრიაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო!

დღეს რიოს ოლიმპიადაზე გრძელდება ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. საქართველოს სახელით გენო პეტრიაშვილი და სანდრო ამინაშვილი ასპარეზობენ.

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პეტრიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელ კუმჩევს დაუპირისპირდა და უპრობლემოდ, ანგარიშით 10:0 დაამარცხა. იგი მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც სულ მალე იასპარეზებს.

რიო 2016: შმაგი ბოლქვაძე რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ოლიმპიური ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის ფინალში ერთმანეთს ქართველი შმაგი ბოლქვაძე და იაპონელი ინო ტომოჰირო დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ საქმე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 66 კილოგრამ წონით კატეგორიას ეხება.

მატჩის პირველი ნახევარი ქართველი სპორტსმენის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლქვაძეს ჩობჯენში ქულის მოპოვების შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოახერხადა პირველი პერიოდი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შმაგი მეორე ნახევარშიც ისეთივე შემართული გამოვიდა ხალიჩაზე, როგორც პირველში. ქართველმა ფალავანმა მალევე მოახერხა ქულის მოპოვება, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა – შმაგი ბოლქვაძე რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი ნათათრალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2012 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს სამბოში, ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ, უმასპინძლა. დღეს, 14 ოქტომბერს, 56კგ. წონით კატეგორიაში 17 წლის გიორგი ნათათრალაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
Continue reading “სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი ნათათრალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა”