საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში “რეიმსმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის მე-4 წუთზე მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გაფრთხილება მე-3 ტურში “ნანტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯაბა კანკავამ შეხვედრის მიმდინარეობისას პარიზელთა არაერთი შეტევა ჩაშალა, “რეიმსის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ადგილობრივი ქომაგებისგან მაღალი შეფასებაც მიიღო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში “პარი სენ-ჟერმენის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმართა შეტევებს მრავალფეროვნება აკლდა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გახსნეს: პარიზელი მცველები კონტრშეტევას სათანადოდ ვერ დაუხვდნენ და მოედანზე ექვსი წუთის შესულმა ტეოსონ სიებატშეუმ დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი.
“პარი სენ-ჟერმენმა” საპასუხო იერიშშივე მოახერხა წონასწორობის აღდგენა: ხავიერ პასტორეს გენიალური გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ედინსონ კავანიმ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1.
მიუხედავად იმისა, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ, ლიდერობას ინარჩუნებს. რაც შეეხება “რეიმსს”, გუნდს აქტივში 11 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება.
საფრანგეთის ჩემპიონატი (VI ტური)
“რეიმსი” — “პარი სენ-ჟერმენი” 1:1 (0:0)
გოლები: სიებატშეუ 83′ — კავანი 84′.
გაფრთხილებები: კანკავა 4′, კიე 74′ — სტამბული 67′, მატუიდი 80′.