სენაკში ფეხბურთი ბრუნდება?

ქართული ფეხბურთი რომ კრიზისშია წლებია, ეს არახალი ამბავია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში ყველა კუთხით. თუმცა, არის პატარა გამონათებები და მხარდაჭერისა და სწორი მიდგომის შემთხვევაში, წარმატებაზეც შეიძლება ფიქრი. ამ მხრივ სასიამოვნო სიახლეა სენაკში. სენაკს წლებია, გუნდი რეგიონლიგაში ჰყავს და დღემდე “ეგრისის” მეორე ლიგაში მონაწილეობის მთავარი პრინციპი მხოლოდ მონაწილეობა იყო, თუმცა გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი თემურ ფარულავა და “ეგრისის” შედეგიც და მიზანიც შეიცვალა.

თემურ ფარულავამ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის არაერთ კლუბში ითამაშა, ყველაზე კარგი სეზონი ქუთაისის “ტორპედოში” ყოფნის დროს ჰქონდა სენაკელს, ბოლოს კი ფოთის “კოლხეთის” რიგებში გამოდიოდა. 32 წლის სპეციალისტს კარგი სტარტი და დებიუტი აქვს თავის მშობლიურ გუნდში, “ეგრისმა” მიმდინარე ჩემპიონატში 5 მატჩიდან ოთხი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და მეორე ლიგის სატურნირო ცხრილს დამსახურებულად ლიდერობს.

თუ რახდება სენაკის გუნდში და რა მიზნები აქვს დებიუტანტ მწვრთნელს, ამ საკითხებთან დაკავშირებით თემურ ფარულავას დავუკავშირდით.

Temur Parulava

— თემურ, გვითხარი რა ხდება “ეგრისში”, რა შეიცვალა შენი მოსვლის შემდეგ?
— პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი რაიონის გამგებელს, გოჩა დგებუაძეს მხარდაჭერისთვის. სწორედ მისი გადაწყვეტილებით დავინიშნე “ეგრისის” მთავარ მწვრთნელად. მანამდე გვქონდა საუბარი გუნდის მიზნებზე და მე ჩემი გეგმა წარვადგინე, პროგრამა მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, პირველ ლიგაში გადასვლაა, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული და გვერდში დგომის შემთხვევაში, ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია. შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ საამისოდ სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რომელიც გამოცდილი კადრებითაა დაკომპლეტქებული. ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარებიან ლაშა ლატარია, ლაშა კაჭარავა და გამოცდილი არველოდ დანელია, რომელსაც ჩვენი ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ნოემბრამდე საკმარისი თანხა გამოგვიყვეს და წარმატების შემთხვევაში შეგვპირდნენ, რომ ბიუჯეტი გაიზრდება.

რაც შეეხება დებიუტს და შედეგს, სასიამოვნოა, რომ დადებითია. გუნდი პირველ ადგილზეა და ეს რეზულტატი ბიჭების თავდადების, თავდაუზოგავი ვარჯიშების და საქმის მიმართ სწორი მიდგომის შედეგია. გუნდში კარგი ატმოსფეროა, გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს მოწვეული და ბუნებრივია, ეს შედეგზეც აისახა. ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ მთავარია შრომა და მონდომება შევინარჩუნოთ და დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

— ფინანსური კუთხით რა მდგომარეობაა?
— მოგეხსენებათ, გუნდი გამგეობის ბალანსზეა და შეგვპირდნენ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, მეორე წრეში ბიუჯეტი გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს ახალი ფეხბურთელები დავიმატოთ და გუნდი უფრო გავაძლიეროთ.

— სტადიონის რეკონსტრუქცია ხომ არ იგეგმება ახლო მომავალში?
— დინამოს სტადიონიდან ჩამოიტანეს 2 800 სკამი, სტადიონს ჩაუტარდება შესაბამისი შემოწმება და უახლოეს მომავალში დაიწყება ამ სკამების დამონტაჟება.

— და ბოლოს, რას პირდებით სენაკელ გულშემატკივარს, რომელსაც ძალინ აქვს მონატრებული ფეხბურთი საკუთარ რაიონში.
— სენაკელ გულშემატკივარს ბევრ კარგ და ლამაზ თამაშს ვპირდებით, რაც მართლა მონატრებული აქვთ მათ და იმსახურებენ, რადგან ისევე როგორც საქართველოს სხვა ბევრ ქალაქში, აქაც ძალიან უყვართ ფეხბურთი. თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის, ჩვენ ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და ეს უფრო გაგვიადვილებს, ერთად მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს.