საფრანგეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

საფრანგეთის ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ.

თვის მოთამაშედ “მარსელის” ნახევარმცველი ლასანა დიარა დასახელდა. გამოკითხვის შედეგად, 30 წლის ფეხბურთელმა ხმათა 52 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა “ნიცას” გარემარბი ჰატემ ბენ არფა, რომელმაც ხმების 25 პროცენტი მიიღო. მესამე ადგილს დასჯერდა “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი, 23 პროცენტით.

აღსანიშნავია, რომ დიარას კარგი თამაში არც საფრანგეთის ნაკრების თავკაც დიდიე დეშამს გამოპარვია და გარკვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთელი ოქტომბერში გამართული ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

ლასანა დიარას თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს დღეს, “ლორიენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე გადასცემენ.