საქართველო U21 — უკრაინა U21: უხვგოლიანი ფრე ზესტაფონში

საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართული ამხანაგური მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს. მე-19 წუთზე გოლი ედუარდ სობოლმა გაიტანა, თუმცა სამ წუთში რომან ჭანტურიამ წონასწორობა აღადგინა. სტუმრები 27-ე წუთზე რომან იარემჩუკმა კვლავ დააწინაურა, 35-ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის პირველი ნახევარი 2:2 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 65-ე წუთზე ლევან შენგელიამ მასპინძლები წინ გაიყვანა, თუმცა 90-ე წუთზე ბექა ვაჩიბერაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 3:3.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავს. ქართველი ფეხბურთელები 3 ივნისს სტუმრად შვედეთში ითამაშებენ.

საქართველო U21: კუპატაძე, გეგეჭკორი, ტაბიძე, მარგველაშვილი, თევზაძე, გოროზია, გვილია; ხარაშივილი, კიტეიშვილი, არაბული, ჭანტურია.

 

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების კანდიდატების პირველი ვარჯიში (ვიდეო)

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრების კანდიდატებმა დღეს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ივარჯიშეს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაცნობითი ხასიათის შეკრება მოაწყო, სადაც მხოლოდ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ბასაზე საწვრთნელი პროცესი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვარჯიში ტრავმის გამო ოთარ კაკაბაძემ (დინამო თბილისი), გრიგოლ ჩაბრაძემ (საბურთალო), ნიკა ჭანტურიამ (ლოკომოტივი), მათე ცინცაძემ (დინამო თბილისი), ბექა ჭკუასელმა (დინამო ბათუმი) და ლუკა კიკაბიძემ (ლოკომოტივი) გამოტოვეს. უკვე ცნობილია სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა, რომელიც გია გეგუჩაძესთან ერთად იმუშავებს. ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გია ჭიაბრიშვილი იქნება. მეკარეების მწვრთნელი დავით გვარამაძე, ხოლო ფიზიკური მომზადების მწვრთნელად ივან ვუჩეტიჩი იმუშავებს.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ოცმა ფეხბურთელმა მიიღო:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), დავით მარიამიძე (დილა)

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), აკაკი შულაია (სიონი), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლუკა ნოზაძე (გურია

ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), მათე კვირკვია (დილა), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ზაურ გოგუაძე (მერანი), ირაკლი რუხაძე (საბურთალო)

თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (შუქურა), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი ხორხელი (საბურთალო).

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სან მარინოსთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის მზადებას 19 მარტს დაიწყებს. შემადგენლობა კი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. საქართველოსა და სან მარინოს ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 23 მარტს გაიმართება. 28 მარტს კი გია გეგუჩაძის გუნდი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უკრაინის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური

ჩივაძე: “თუ ხვალ გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ”

ხვალ, 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
დღეს, შვედებმა „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრებმა კი, მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართა.
ნაშუადღევს კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა.
ალექსანდრე ჩივაძე: „ესპანეთთან თამაში ყველამ ნახეთ ალბათ და ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. გვიან შევიკრიბეთ, ბოლო მომენტამდე ვერ ვასახელებდი შემადგენლობას, რადგან შესაძლებელი იყო ვინმე ტრავმის გამო გამოგვკლებოდა. გიორგი აბურჯანია ვერ თამაშობდა ყვითელი ბარათების გამო; სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა ლევან შენგელია… ტრავმების გამო ვერ გამოვიძახეთ გიორგი თევზაძე და მათე კვირკვია. ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე, როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ასე რომ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები საკმაოდ გვაკლდა.
მართალია, ახალგაზრდული ნაკრების პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ შემთხვევაში, ცინცაძე და კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებს უფრო გამოადგებოდნენ.
ესპანეთთან ასეთი მარცხი ჩვენმა ინდივიდუალურმა შეცდომებმა გამოიწვია… მათი გუნდი უძლიერესი ინდივიდუალისტებითაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, ეს ძალიან ორგანიზებული გუნდია.
თუ ხვალინდელ მატჩში ჩვენ გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ.“

საქართველოსა და შვედეთის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი ხვალ 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური