გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერორისტული საფრთხის რეალობა დაადასტურა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში გასამართ ამხანაგურ მატჩზე აფეთქების საფრთხის რეალობა დაადასტურა.

“რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას საფრთხის შესახებ, განსაკუთრებით კი პარიზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ. საფრთხე სწრაფად და ზუსტად უნდა გავაანალიზოთ.
მატჩამდე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ სრული ინფორმაცია მივიღეთ და იძულებულები გავხდით, შეხვედრა გაგვეუქმებინა.
ინფორმაცია საკმაოდ გვიან მივიღეთ, უფრო ადრე ეს ვერ მოვახერხეთ. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, საიდან მივიღეთ ინფორმაცია, რადგან ამის გამჟღავნებამ შესაძლოა, საქმე გაგვირთულოს”, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საფრთხე რომ რეალური იყო, ეს ჰანოვერის პოლიციის უფროსმაც დაადასტურა.

 

გერმანია — ჰოლანდია: დაგეგმილი იყო სტადიონის აფეთქება

როგორც მოგახსენეთ, გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში გასამართი ამხანაგური მატჩი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო ჩაიშალა. როგორც აღმოჩნდა, საშიშროება სავსებით რეალური იყო. ამის შესახებ კომენტარი ჰანოვერის პოლიციის უფროსმა გააკეთა:

“არსებობდა სტადიონის აფეთქების კონკრეტული გეგმა”.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცველებმა სტადიონის ტერიტორიაზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც არენიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობაც.

“დოიჩე ველეს” ცნობით, ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. სტადიონთან აღმოჩენილია ავტომობილი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული.

მატჩს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც უნდა დასწრებოდა.