კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ნეიმარის მომავალი ჰაერშია. არავინ იცის, როგორ განვითარდება ბრაზილიელის გარშემო მიმდინარე მოვლენები. “ბლაგურნას” ხელმძღვანელობაც თავს იზღვევს და აქტიურად ეძებს 25 წლის ვარსკვლავის შემცვლელს. ერთ-ერთი ასეთი “ლივერპულის” ფეხბურთელი, ფილიპე კოუნტინიოა.
როგორც Don Balon-ი იუწყება, მერსესაიდელთა მოთამაშის ვერშეძენის შემთხვევაში, “ბარსა” მესუთ იოზილის ტრანსფერზე გადაერთვება. გერმანელს ლონდონის “არსენალთან”, კონტრაქტის თანახმად, მხოლოდ ერთი სეზონიღა აკავშირებს. შესაბამისად, სწორედ ახლაა იმის შანსი, რომ მესუთი ყველაზე იაფად გაიყიდოს. ესპანელებს თურქული ფესვების მქონე სპორტსმენის შეძენა 60 მილიონ ევროდ სურთ. ტრანსფერის შანსს ისიც ზრდის, რომ “ბარსას” მესვეურებს წარსულშიც სურდათ იოზილის შეძენა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.