მესუთ იოზილმა ლაკაზეტის ტრანსფერზე ისაუბრა

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა “მეთოფეთა” ახალწვეულზე, ალექსანდრე ლაკაზეტზე ისაუბრა, რომელიც აქამდე “ლიონის” ღირსებას იცავდა.

“მოუთმენლად ველი ახალ სეზონს. ძალიან გვიხარია, რომ ლაკაზეტიც ჩვენთან ერთად იქნება. ის დიდებული თავდამსხმელია, რომელიც ლიგა 1-ში ბრწყინვალედ ასპარეზობდა.

რამდენადაც მე ვიცი, ის საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია და მუდამ გოლების გატანაზეა კონცენტრირებული, როდესაც დასარტყმელ პოზიციაზეა, ის მუდამ ცივი გონებით აზროვნებს.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატს ადევნებს თვალს, მითხრა რომ ის ძალიან კარგად თამაშობს და მასთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას მივიღებ,” – აცხადებს იოზილი.

ალექსის სანჩესსა და მესუტ იოზილს ხელფასებს უმატებენ

Daily Mail-ის ცნობით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან, გუნდის ლიდერების შესანარჩუნებლად სერიოზული ნაბიჯები გადადგან.

ინგლისელების ცნობით, “მეთოფეები” მზად არიან 20 პროცენტით მოუმატონ ხელფასები ალექსის სანჩესსა და მესუტ იოზილს, თუ ისინი მომავალ სეზონშიც “ემირეიტს სტედიუმზე” ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ლიდერები არა მარტო ხელფასის, არამედ გუნდის სუსტი არსენალის გამოც იყვნენ უკმაყოფილონი – ისინი გუნდის სახელოვანი ფეხბურთელებით გაძლიერებასაც მოითხოვენ.

მესუტ იოზილი თურქეთში?

Fotospor-ის მიერ გავრცელებული უახლესი და ექსკლუზიური ცნობების მიხედვით, თურქული “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელებმა უკვე წამოიწეს მოლაპარაკებები მესუტ იოზილის აგენტთან შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

როგორც იცით, 28 წლის გერმანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში არც ისე კარგად გამოიყურება, მისმა კლუბმა კი ჩემპიონთა ლიგის საგზურიც დაკარგა, რამაც შესაძლოა, იოზილს “ემირეიტსის” დატოვება გადააწყვეტინოს.

თუმცა, არის ერთი ხელისშემშლელი ფაქტორიც, რამაც შეიძლება ეს ტრანსფერი ჩაშალოს – “ფენერბახჩეს” საკუთარი სახსრების ბოლომდე გამოყენების უფლებას უეფას ფეარ პლეის წესები არ აძლევენ.

წყაროს ცნობით, თურქები “არსენალს” ოფიციალური შეთავაზებით სულ მალე მიმართავენ.

იოზილი: “რა თქმა უნდა, ჩემი გული კვლავ “რეალისთვის” ძგერს”

მესუტ იოზილმა “არსენალში” არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და აღიარა, რომ მის გულს “რეალი” ჯერაც არ დავიწყებია.

“ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რამდენს მივაღწიე – იციან, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვარ, “რეალში” ვთამაშობდი და გასულ სეზონში 20-მდე გოლი შევქმენი.

მაგრამ, როდესაც გუნდი გასაჭირშია, ყველაფერი ვიღაცას უნდა დააბრალონ და უმეტეს შემთხვევაში, ეს ვიღაც მე ვარ, რაც ძალიან მწყინს.

რა თქმა უნდა, ჩემი გული კვლავ “რეალისთვის” ძგერს.

“რეალში” დიდი ხანი გავატარე და ახლაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქ. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის “რეალს” ვგულშემატკივრობ, “ბაიერნთან” მატჩშიც კი,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

“ლივერპულთან” ოზილი თამაში გამოირიცხა

Goal-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” გუნდს, რომელიც უკვე ლივერპულში იმყოფება, გერმანელი ნახევარმცველი, მესუტ ოზილი არ გაჰყვა.

როგორც ცნობილი ხდება, მესუტ ოზილი თამაში კლუბის ექიმთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოირიცხა.

თუმცა, სხვაგვარ ინფორმაციას გვაწვდიდა არსენ ვენგერი, რომლის თქმითაც, 28 წლის ფეხბურთელი თამაშისთვის მზად იყო.

დიდი ალბათობით, “მეთოფეთა” ერთ-ერთი ლიდერი მომდევნო კვირას, მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ერიკ კანტონა: “იოზილის გოლი – ნამდვილი საფეხბურთო ორგაზმი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ერიკ კანტონამ ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუტ იოზილის მიერ “ლუდოგორეცის” კარში გატანილი გამარჯვების გოლი განსხვავებულად შეაფასა.

“ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალის” ნახევარმცველის, იოზილის მიერ გატანილი გოლი ნამდვილი საფეხბურთო ორგაზმი იყო.” – განაცხადა ფრანგმა Eurosport-თან საუბრისას.

“ჟრუანტელმა დამიარა: მეკარის ბავშვივით მოტყუება, ბურთის გადატანა და რბილი დარტყმა კუთხეში. ზოგჯერ ფეხბურთი მართლაც რომ ხელოვნებაა.”

მესუტ იოზილი გერმანიის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ლონდონის “არსენალის” ლიდერი, მესუტ იოზილი გერმანიის ნაკრების განაცხადს მიღმა დატოვა, რამაც გერმანელთა იმედგაცრუება გამოიწვია.

ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონებს ფორმაში მყოფი “რეალის” ექს-ნახევარმცველის გარეშე მოუწევთ სან მარინოსა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ თამაში.


მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”).

მცველები: ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), იანიკ გერჰარდტი (“ვოლფსბურგი”), ჟონას ჰექტორი (“კიოლნი”), ბენჟამინ ჰენრიქსი (“ლევერკუზენი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), შკოდრან მუსტაფი (“არსენალი”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”), ჯონათან ტაჰი (“ლევერკუზენი”).

ნახევარმცველები/ფორვარდები: იულიანი ბრანდტი (“ლევერკუზენი”), სერჟ გნაბრი (“ვერდერი”), მარიო გომესი (“ვოლფსბურგი”), ლეონ გორეტცკა (“შალკე”), მარიო გიოტცე, ვაიგლი (“ბორუსია დორტმუნდი”), ილკაი გიუნდოგანი (“მან. სიტი”), სამი ხედირა (“იუვენტუსი”), ტონი კროოსი (“რეალი”), მაქს მეიერი (“შალკე”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”), კევინ ფოლანდი (“ლევერკუზენი”).


მესუთ იოზილმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი “ლუდოგორეცთან”, რომელშიც ლონდონელებმა ადვილი გამარჯვება მოიპოვეს (6-0) მესუთ იოზილისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

საქმე იმაშია, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა, რომელიც ძირითადად საგოლე გადაცემების კეთებით არის დაკავებული, კარიერაში პირველად მოახერხე ჰეთ-ტრიკის გაფორმება.

“რეალის” ექს-ფეხბურთელმა კარიერის პირველი ჰეთ-ტრიკი ამგვარად აღნიშნა:

მესუტ იოზილი: “ალექს აივობი ოკოჩასა და დევიდსის ნარევია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუტ იოზილმა ალექს აივობიზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელი იმ თვისებებით არის დაჯილდოებული, რომლითაც ჯეი-ჯეი ოკოჩა და ედგარ დევიდსი გამოირჩეოდნენ.

“ის მე ბიძამისს, ოკოჩას მახსენებს. ოკოჩა იყო ფეხბურთელი, რომლის ყურებითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. ალექსი ოკოჩასა და დევიდსის ნარევს წააგავს.

ბურთთან მუშაობისას, ის ნამდვილად ძლიერია. ძლიერია დაცვით საკითხებშიც, ისევე როგორც შეტევაში. მან ზუსტად იცის, თუ რისი გაკეთება შეუძლია. მას არ ეშინია და არც იმალება.

მისი ერთადერთი მიზანი ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღებაა.” – განაცხადა “რეალის” ექს-ფეხბურთელმა.

Sport Bild: იოზილს გული “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” მიუწევს

მესუტ იოზილი ლონდონურ “არსენალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს მანამ, სანამ “რეალში” გადასვლის მიზერული შანსი მაინც ექნება. ამ ინფორმაციას Sport Bild ავრცელებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გერმანელი ფლეიმეიკერის კონტრაქტი “არსენალთან” 2018 წელს იწურება, “მეთოფეები” კი აქტიურად ცდილობენ მისი გულის მოგებას.

მართალია, რომ იოზილს “სანტიაგო ბერნაბეუზე” სურს დაბრუნება, თუმცა არსებობს გარკვეული შანსები იმისა, რომ გერმანელმა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელოს.

“მეთოფეებს” “ლივერპულთან” თამაში კოშელნის, იოზილისა და ჟირუს გარეშე მოუწევთ

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერ ლიგის პირველ მატჩში, “ლივერპულის” წინააღმდეგ, “მეთოფეებს” გუნდის სამი ლიდერი ვერ დაეხმარება.

ლორან კოშელნის, მესუტ იოზილსა და ოლივიე ჟირუს ევრო 2016-ზე თამაშის შემდეგ, ვარჯიში ჯერაც არ განუახლებიათ.

“ვიკინგთან” ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (8-0), არსენ ვენგერმა მათ შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა : “ლივერპულთან” გასამართი მატჩი საკმაოდ ადრეა მათთვის, ისინი მზად არ არიან.”

ფეხბურთელები, რომლებმაც “ბარსასა” და “რეალს” შორის არჩევანი გააკეთეს

როგორც იცით, “ბარსელონამ” ახლახან გადაიბირა პორტუგალიელი ანდრე გომეში “ვალენსიადან”. არადა, ესპანური მედია ირწმუნებოდა, რომ მას უკვე მიღწეული ჰქონდა შეთანხმება “რეალთან”.

გთავაზობთ, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებმაც “ბარსასა” და “რეალს” შორის არჩევანის გაკეთების უფლება ხვდათ წილად ..


ალფრედო დი სტეფანო | ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ამ ჭრილში. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონას” რიგებშიც კი ითამაშა (ამხანაგურ მატჩში), ბოლოს მაინც “რეალში” აღმოჩნდა. ამან კი ორი უდიდესი კლუბის ისტორია სრულიად შეცვალა.


კარიმ ბენზემა | ფრანგი ფორვარდის გადაბირება პირადად პეპ გვარდიოლას სურდა, თუმცა “ლიონის”ყოფილმა ფეხბურთელმა “ბარსას” “რეალი” ამჯობინა. კატალონიელებმა კი მის ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიყვანეს, თანაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.


მესუტ იოზილი | გერმანელმა ნახევარმცველმა თავი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა. მისი გადაბირება რამოდენიმე ევროპულ გრანდს სურდა, მათ შორის “ბარსელონასაც”. საბოლოოდ, მესუტის გადაბირება მადრიდის “რეალმა” მოახერხა.


სამუელ ეტო’ო | მართალია, კამერუნელმა თავდამსხმელმა “რეალშიც” ითამაშა, თუმცა “მალიორკაში” ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მან მადრიდულ კლუბში დაბრუნებას, კარიერის “კამპ ნოუზე” გაგრძელება ამჯობინა.


დევიდ ბექჰემი | ლაპორტამ არჩევნების მოგება მოახერხა დაპირებით, რომელიც გუნდში ინგლისელი ნახევარმცველის მოყვანას ითვალისწინებდა. თუმცა, იმ დროისთვის ბექჰემს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კარიერა “სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა გაეგრძელებინა.


დავიდ ვილია | მადრიდული გრანდი ვილიას რამოდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდა. მაგრამ, ესპანელმა ფეხბურთელმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამოაცხადა, რომ კარიერას “ბარსელონაში” აგრძელებდა.


დანილო | კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები დანილოში დანი ალვეშის ჩამნაცვლებელს ხედავდნენ, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსას” “რეალმა” აწაპნა.


ლუის სუარესი | ურუგვაელმა ფეხბურთელმა ყველას გაუმხილა, რომ მისი გადაბირების სურვილი “რეალმაც” გამოთქვა. თუმცა, განაცხადა, რომ მას მხოლოდ “ბარსელონაში” სურდა თამაში.


ლუკა მოდრიჩი | ხორვატ ფეხბურთელს კარგა ხნის მანძილზე უკავშირებდნენ “ბარსელონას”. თითქოს, ის “ბლაუგრანას” სათამაშო სტილისთვის ზედგამოჭრილი იყო. მაგრამ, “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსთან შეერთების სურვილი გამოთქვა.


მარკო ასენსიო | “ბარსელონამ” 2-მილიონიანი ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა “მალიორკას” ასენსიოს ტრანსფერის თაობაზე, თუმცა, “რეალმა” კლუბს უფრო მეტი შესთავაზე. საბოლოოდ მარკო “რეალში” აღმოჩნდა.


დანი ალვეში | თითქოს, “სევილიას” მარჯვენა მცველის “რეალში” გადასვლა უკვე დადასტურებული იყო, თუმცა, ბოლო წამს “ბარსელონამ” მისი მოსისხლე მეტოქე დაჯაბნა და ბრაზილიელი მცველიც გადაიბირა, 30 მილიონ ევროდ.


ტონი კროოსი | “ბარსას” ყოფილი სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა თავად შეხვდა გერმანელი ფეხბურთელის აგენტს. მაგრამ, ტონიმ კარიერის გაგრძელება მადრიდში გადაწყვიტა.


ივან რაკიტიჩი | “სევილიაში” გატარებული ორი დიდებული სეზონის შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელმა “რეალისა” და “ბარსას” ყურადღებაც მიიპყრო. მან არჩევანი იმ კლუბზე გააკეთა, რომელიც ტრიპლეტის მოგების უფლებას მისცემდა.


ნეიმარი | ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე. ბრაზილიელმა “რეალში” სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, მაგრამ, საბოლოო ჯამში მაინც “კამპ ნოუზე” გადაბარგდა.


კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირება “ბარსელონასაც” სურდა. ეს მაშინ იყო, როდესაც მესი ჯერ კიდევ არ იყო კარიერის პიკზე. თუმცა, რონალდუ “რეალში” გადავიდა (2009) და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.