„დინამომ“ „სლოვანს“ ხუთი გოლი გაუტანა და ზედიზედ მეოთხედ მოიგო (ვიდეო)

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“ დღეს რიგით მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისი მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იყო. იურაი იარაბეკის გუნდმა ამჯერადაც კარგად ითამაშა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

30-ე წუთზე პენალტით ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა გახსნა. თორმეტ წუთში თავისი გუნდის უპირატესობა ქვილითაიამ გაზარდა. უკვე მეორე ნახევრის მესამე წუთზე ჯიღაურის პასით ჭანტურიშვილმა „დინამოს“ უპირატესობა სამამდე გაზარდა. 70-ე წუთიდან 79-ე წუთამდე კი გუნდებმა 4 გოლი გაიტანეს. თავიდან ამ შეკრებაზე მეორე გოლი გელაშვილმა გაიტანა, შვიდ წუთში კი ვიტეკმა პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა. ერთ წუთში გელაშვილმა დუბლიც შეასრულა, მაგრამ ერთ წუთში „დინამომ“ მეორე გოლი გაუშვა, რომელიც სიმოვიჩმა გაიტანა.

საბოლოოდ, 5:2 და „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოიგო. შემდეგი და ბოლო მატჩი „ლურჯ-თეთრებს“ 13 თებერვალს ლვოვის „კარპატისთან“ ელით.