ვენგერმა დაადასტურა, კოკლინი ესპანეთში ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ფრანსის კოკლინი ამიერიდან კარიერას ესპანეთის პრიმერადივიზიონში გააგრძელებს. ფრანგი ნახევარმცველი “ვალენსიას” ღირსებას დაიცავს.

“ფრანსისი “ვალენსიაში” გადადის, ამას ვადასტურებ. ის ძალიან იშვიათად გამოდიოდა მოედანზე და მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა. როდესაც მან საქმის ვითარება გამაცნო, მე წასვლის უფლება მივეცი,” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს RMC.

ცნობების თანახმად, 26 წლის კოკლინის ტრანსფერი “ღამურებს” 13,5 მილიონი ევრო დაუჯდათ. კოკლინმა ესპანურ კლუბთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ვენგერი: “კოკლინი შესვენებაზე არაერთხელ გავაფრთხილეთ”

“უაით ჰართ ლეინზე” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “არსენალის” თავკაცმა, არსენ ვენგერმა პრესას გაუმხილა, რომ შესვენებაზე ფრანსის კოკლინი გააფრთხილა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. თუმცა ამ უკანასკნელმა ვენგერის მითითება არ გაითვალისწინა და გუნდი დიდ გასაჭირში ჩააგდო.

“მან იცის, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ის შესვენებაზე არაერთხელ გავაფრთხილეთ. მას უნდოდა ყველაფერი მაღალ დონეზე გაეკეთებინა, თუმცა არ გამოუვიდა.

გაკვეთილი მალევე უნდა ისწავლოს. როდესაც ყვითელი ბარათი უკვე გაქვს, მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვა.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებ, თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დაიერი გასაგდები იყო. ვფიქრობ, რომ მსაჯიც ვალდებული უნდა იყოს, რომ მედიას ესაუბროს. იქნებ შესაბამისი პასუხი გაგვცეს.” – განაცხადა ვენგერმა, რომლის გუნდიც ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება.