საჩხერის “ჩიხურამ” მოლდოვაში ადგილობრივი “ზიმბრუ” “ევროპის ლიგის” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1-0 დაამარცხა. იმერლები 5 ივლისს გამართავენ განმეორებით შეხვედრას. მატჩი ზესტაფონში “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” ჩატარდება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” შემტევს, გიორგი ივანიშვილს და ინტერვიუ ჩაწერა.
– შეაფასეთ კიშინოვში ჩატარებული მატჩი…
– განვლილ თამაშზე იმას გეტყვით, რომ მიზანს მივაღწიეთ და სასურველი შედეგით დავასრულეთ იგი. ამ წარმატებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გავზარდეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ახლა კიდევ უფრო დიდი ენერგია გვჭირდება, რომ საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ ამ საფეხურზე.
– ერთ ბურთიან უპირატესობას ფლობთ. თქვენი აზრით, როგორ დაიწყებთ მატჩს: ამ ანგარიშის შენარჩუნებას შეეცდებით და მეორე ნომრად ითამაშებთ თუ შეუტევთ და პირველივე წუთებიდან მოინდომებთ უპირატესობის გაზრდას?
– რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ის ხვალ დაგვარიგებს რა ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ. მაგრამ, პირადად ჩემი აზრი თუ გაინეტერესებთ, ალბათ მაინც თავიდანვე უპირატესობის დაუფლებას სწორედ “ჩიხურა” ეცდება, რადგან ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ.
– გუნდის დანაკლისზე რას გვეტყვით? ბოლოს როგორც გაირკვა “ჩიხურას” ძირითადის ფეხბურთელები დააკლდება…
– კი, ეს ასეა. წითელი ბარათის გამო განუგრავა ტოვებს შეხვედრას. მის გარდა არ გვეყოლება გაბედავაც, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. მაგრამ, ეს ხვალ არანაირად არ დაგვეტყობა! გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ.
– რას ეტყვით ქართველ გულშემატკივარს?
– მინდა, მოვუწოდო მათ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვიქომაგონ. მხოლოდ მათთან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას. ჩვენ ხვალ საქართველოს სახელით გამოვალთ მათ წინაშე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა!