საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან გასამართი მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
“ხვალინდელი მატჩი ამხანაგურია, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის საჭიროა. ეს საქართველოს ნაკრებში ჩემი პირველი შეხვედრაა და ცხადია, მსურს, მოვიგოთ. ყაზახეთის ნაკრების წინა მატჩი ვნახე, ისინი საკმაოდ დალაგებულად თამაშობენ.
შემიძლია, ვთქვა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, საჭიროა, შეთამაშება შევძლოთ. ფედერაციის ხელმძღვანებლობასთან ვისაუბრეთ, მათ იციან, რისი მიღწევაც გვსურს.
შემტევი ფეხბურთის თამაში ყველა მწვრთნელს სურს. რაც შეეხება ჩვენს ტაქტიკას, მე ბევრი ვარიანტი მაქვს. მატჩის მიმდინარეობისას სტრატეგიის შეცვლა მიყვარს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. კვერკველია და მჭედლიძე ხვალინდელი მატჩისათვის 100 პროცენტით მზად არ არიან. ყველა მოთამაშეს ჩვენს სისტემაში თავისი ადგილი უნდა ვუპოვოთ.
ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს დავაკვირდი. დვალი, აბურჯანია და კაჭარავა მზად არიან იმისათვის, რომ პირველ გუნდში თავი დაიმკვიდრონ. მათი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. მათგან ერთი ან ორი ხვალ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
ძალიან კარგია, როცა ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზეა შეუძლია თავისი შესაძლებლობების გამოვლენა. ყაზაიშვილს, ოქრიაშვილსა და ანანიძეს ფლანგზე, ცენტრსა და თავდასხმაში შეუძლიათ თამაში.
კახა ცხადაძის სისტემაში სამი ცენტრალური მცველი იყო, კანკავა კი შავ სამუშაოს ასრულებდა, ამიტომ ჯანოს საყრდენად თამაში უადვილდებოდა. ვფიქრობ, ანანიძე 70 პროცენტით შემტევია. ჩემი აზრით, მას თავისი პოტენციალი სრულად ჯერ კიდევ არ გამოუვლენია. იმედი მაქვს, ის ჩემს გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
ნაკრების კარი ყველასათვის ღიაა, ფეხბურთელის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. გოგუასთან “სატურნში” მიმუშავია, ვიცი, მას რაც შეუძლია. ვფიქრობ, მისი მსგავსი ფეხბურთელები საჭიროა, რადგან მხოლოდ ახალგაზრდებით წარმატებას ვერ მიაღწევ. ქართველმა ფეხბურთელებმა იმის 80 პროცენტიც რომ გამოავლინონ, რაც მათ შეუძლიათ, მაშინ წარმატებას მივაღწევთ.
თუ ფეხბურთლები 70 პროცენტითაც მზად არ არიან სათამაშოდ, მაშინ მოგება რთული იქნება. მართალია, კაჭარავა “როსტოვის” შემადგენლობაში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ “როსტოვის” მწვრთნელს ვენდობი და ვფიქრობ, მან იცის, რა შეუძლია ამ ახალგაზრდა თავდამსხმელს.
მეხუთე ან მეექვსე ადგილისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს, უფრო მაღალი მიზნებისათვის უნდა ვიბრძოლოთ. საქართველოს ნაკრებს ის უნდა შევმატოთ, რაც აქამდე აკლდა. კარგი კოლექტივი გვყავს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ზოგჯერ გავიმარჯვებთ, ზოგჯერ კი დავმარცხდებით, ამის შემდეგ გამოჩნდება, როგორი გუნდი ვართ.
ხვალ რომ ესპანეთის ნაკრებთან მქონდეს თამაში, აქცენტს ნახევარდაცვაზე გავაკეთებდი. ვითამაშებდი ისეთი თავდამსხმელით, როგორიც ლევან მჭედლიძეა, რადგან მას ბურთის შენარჩუნება შეუძლია ან სულაც თავდამსხმელების გარეშე ვითამაშებდი. ვფიქრობ, ქართველი ფეხბურთელები ესპანელებს გვანან, რადგან მათ ბურთით თამაში ძალიან უყვართ. მოხარული ვარ, რომ ხვალ ჩემი დებიუტი შედგება. ამის შემდეგ სლოვაკეთთან გასამართ მატჩზე დავიწყებ ფიქრს. გავეცნობი საქართველოს ჩემპიონატს და კანდიდატებს კარგად დავაკვირდები.
ვფიქრობ, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა საუკეთესოები გამოიძახა. ბოლო სამი წელი “ქაირათში” ვმუშაობდი და მიმაჩნია, რომ ყაზახურმა ფეხბურთელმა საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა. მეტოქე გუნდის მოთამაშეებს კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, მოსაწყენი თამაში არ გველის.”
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.