პელეგრინი: “ტურემ შესაძლოა “რეალთან” ვერ ითამაშოს”

“მანჩესტერ სიტის” თავკაცის, მანუელ პელეგრინის თქმით, იაია ტურეს თამაში მადრიდის “რეალთან” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი სამშაბათს, ინგლისში გაიმართება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩილელმა სპეციალისტმა “სტოკთან” გამართულ მატჩში, კევინ დე ბრუინი და ვინესნ კომპანი დაასვენა. დავიდ სილვა, სერხიო აგუერო და ფერნანდო კი მეორე ტაიმში შეცვალა.

“მთავარი ყოველთვის შედეგია. მომდევნო 30 დღეში 8 თამაშის ჩატარება მოგვიწევს, ამიტომაც როტაცია აუცილებელი იყო. დავიდ სილვა ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან, აგუერო კი გადაღლილი იყო. იგივე შეიძლება ითქვას დე ბრუინზეც.

ფერნანდომ მცირე ტკივილი იგრძნო, თუმცა ვფიქრობ, რომ სამშბათისთვის ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება იაიას, მისი რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა, თუმცა ექიმი გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა ის “რეალთან”.