დავით სირაძემ კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დავით სირაძემ 34 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. მან სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა:

“ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულე!

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რადგან მათი დიდი დამსახურება იყო წარმატებები ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მადლობას ვუხდი გოჩა ავსაჯანიშვილსა და სოსო გილაურს , რომლებმაც პირველ ნაბიჯები გადამადგმევინეს საფეხბურთო გზაზე. ასევე მადლობას ვუხდი კახა ცხადაძეს, რომელმაც მომცა საშუალება და შანსი ფეხი შემედგა პროფესიონალურ ფეხბურთში, მისმა ნდობამ განაპირობა მთელი ჩემი მომავალი საფეხბურთო კარიერა.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ახდა ჩემი ბავშვობის ოცნება და მე შევძელი მეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ისეთი ფეხბურთელების გვერდით დგომა მოედანზე, როგორებიც არიან კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული, რომლებსაც ერთ დროს ტრიბუნიდან ვგულშემატკივრობდი.

დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ შეიძლებოდა უფრო მეტი წარმატებისათვის მიმეღწია ჩემს საფეხბურო კარიერაში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ასე არ მოხდა.

მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს, მე მუდამ ვრჩები ქართული ფეხბურთის ქომაგად და ეს ჩემი ვალიცაა, აქვე ავღნიშნავ, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა დაკავშირებული იქნება ისევ საფეხბურთო სფეროსთან. აქვე მინდა რჩევა მივცე ახალგაზრდა ფეხბურთელებს: იმისათვის, რომ იყო სამაგალითო ფეხბურთელი, საჭიროა იმ წესების დაცვა, რაც აქვს ფეხბურთს – ესაა გულმოდგინე შრომა, რეჟიმი და ნებისყოფა.

სამწუხაროდ, საფეხბურთო კარიერა არც ისეთი ხანგრძლივია და ყელა ფეხბურთელს ვუსურვებ რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს მათი საფეხბურთო გზა. ვთვლი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ შანსი ითამაშონ უკვე გამოცდილ ფეხბურთელების გვერდით, რათა მათ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება.

და ბოლოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, რომელთა სიყვარულსა და მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი, მადლობა ყველა იმ თბილი სიტყვებისა და დამოკოდებულებისათვის, რომელიც ამ წლების მანძილზე არ დაგიშურებიათ და მინდა აღვნიშნო, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერა უდიდეს როლს თამაშობს ფეხბურთელის შემართებაში!”

შეგახსენებთ, რომ სირაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა. ის 17 და 21-წლამდე ნაკრებების წევრიც იყო.

დავითმა კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, ამის შემდეგ ის ბერლინის “უნიონში” გადავიდა. სხვადასხვა დროს ტრირის “აინტრახტის”, “აუეს”, “პადერბორნის”, ნალჩიკის “სპარტაკისა” და ბოლნისის “სიონის” ღირსებას იცავდა, მისი ბოლო კლუბი მოლდოვური “დაჩია” იყო.