აღმასკომმა გარიგებებში მონაწილე პირებსა და კლუბებს სანქციები დაუწესა

დღეს, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მორიგ სხდომაზე სერიოზული და პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღო. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად შეტანილი იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებულ თამაშებში მონაწილე პირებისა და კლუბების საქმის განხილვა. მსჯელობის შემდეგ, აღმასკომი ერთსულოვნად ჩამოყალიბდა შემდეგ გადაწყვეტილებაზე:

აღმასკომმა სრულად გაიზიარა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წინადადება-რეკომენდაცია და ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებულ თამაშებში მონაწილე, ბრალდებული დავით გენძეხაძე საფეხბურთო სამყაროში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. გენძეხაძეს აეკრძალა არა მხოლოდ საფეხბურთო საქმიანობა, არამედ, სტადიონზე ყოფნა და ეროვნული ჩემპიონატისა თუ სხვა საერთაშორისო თამაშებზე დასწრება. აღმასკომის ეს გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით ეცნობება უეფას შესაბამის სამსახურს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენძეხაძის შესახებ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფსაც გააჩნდა დამატებითი მონაცემები და გადაწყვეტილების მიღების მართებულობაც ამით საბუთდება.

მხარე, რომელიც არ დაემორჩილება ამ გადაწყვეტილებას და რაიმე ფორმით ითანამშრომლებს დავით გენძეხაძესთან, ამ მხარის მიმართ გატარდება სადისციპლინო სანქციები.

რაც შეეხება გარიგებულ თამაშებში მონაწილე სხვა პირებსა და საფეხბურთო კლუბებს, აღმასკომის გადაწყვეტილებით, მათ შეუჩერდათ ყოველგვარი უფლებამოსილება ბრალის წაყენების დღიდან  – სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამასთან, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის მიერ საკითხის მოკვლევის დასრულებამდე.

თუ გარიგებულ თამაშებში მონაწილე პირები, რომლებიც ოფიციალურად დაბარებულნი არიან სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში, ითანამშრომლებენ ფეხბურთის ფედერაციასთან, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფი იხელმძღვანელებს უეფას დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით და გადაიხედება მათ მიმართ დაწესებული სანქციები.

მომდევნო საკითხად, დღის წესრიგში შეტანილი იყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ არსებული დავალიანებები მისი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მიმართ. აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და ფეხბურთელთა ინტერესების დამცველმა – ბესო აბაშიძემ და მოითხოვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ფეხბურთელების – შოთა ბაბუნაშვილის, თორნიკე აფციაურისა და მეკარეთა მწვრთნელის – თამაზ ოდიკაძის დავალიანება „ზესტაფონს“ ამ დრომდე არ გაუსტუმრებია. შესაბამისად, აღმასკომმა იხელმძღვანელა მოცემული რეალობით და ამ ეტაპზე, „ზესტაფონს“ შეუჩერდა სფფ-ის წევრობა დავალიანებების დაფარვამდე. თუ „ზესტაფონმა“ არსებული დავალიანებები ახლაც არ გაისტუმრა, სფფ-ის მორიგ ყრილობაზე დადგება საკითხი სფფ-ის წევრობიდან მისი გარიცხვის შესახებ.

 

სფფ-ის პრესსამსახური

საეჭვო მატჩების სიაში საქართველოში ჩატარებული ხუთი შეხვედრა მოხვდა

ორგანიზაცია Federbet-მა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩაწყობილი მატჩების გამოვლენაზე მუშაობს ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩატარებული საეჭვო მატჩების სია გამოაქვეყნა.

ლიტვის, ლატვისს, საბერძნეთის, ბულგარეთის, იტალიის და ინგლისი ლიგებთან ერთად, სამწუხაროდ სიაში საქართველოში ჩატარებული ხუთი მატჩიც მოხვდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განცხადებით ჩაწყობილი მატჩების რაოდენობა გაიზარდა და ოცი პროცენტიტ იმატა. მათივე თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყვეალაზე კორუმპირებული ჩემპიონატი ბულგარეთშია.

საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგებიდან სიაში შემდეგი მატჩებია შეყვანილი:

3.11.2013. უმაღლესი ლიგა. დილა (გორი)-მერანი (მარტვილი) 3:0

დიდი თანხა დაიდო მეტ გოლზე

3.11.2013. უმაღლესი ლიგა. სპარტაკი (ცხინვალი)-ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1

დიდი თანხა დაიდო მასპინძლის მოგებაზე

3.11.2013. უმაღლესი ლიგა. მეტალურგი -დინამო თბილისი 0:0

დიდი თანხა დაიდო 1X-ზე

3.04.2014. პირველი ლიგა. კოლხეთი ხობი – ბახმარო ჩოხატაური 5:3

მატჩის მიმდინარეობისას დიდი თანხა შევიდა 8 და მეტი გოლის გატანაზე.

4.04.2014. უმაღლესი ლიგა. ტორპედო (ქუთაისი)-დილა (გორი) 0:4

დიდი თანხა სტუმართა მოგებაზე.

მექსიკა – ისრაელი გარიგებული იყო?

მიმდინარე კვირის დასაწყისში, უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ მატჩებში რამდენიმე გარიგებული თამაში შესაძლოა ყოფილიყო.

29 მაისს, მექსიკის ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მეკარე არიელ ჰარუშმა მართლაც უცნაური გოლები გაუშვა, რასაც ცხადია, დიდი გამოხმაურება მოყვა.

ჩაწყობილი იყო თუ არა ეს მატჩი, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გოლები იშვიათად გადის.

ფიფას წარმომადგენელმა მაფიის როლზე ისაუბრა თანამედროვე ფეხბურთში

ფიფას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რალფს მუტშკემ გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის შესახებ უამბო ჟურნალისტებს.

“პოლიციაში 33 წელი ვუმუშავე და იგივე საქმიანობას ახლა უკვე ფიფაში ვაკეთებ. გარიგებულ მატჩებში ჩვენ ვგულისხმობთ თაღლითობას, რომელიც საბუკმეიკერო კანტორებს უკავშირდება. ეს ყველაფერი კრიმინალია.
პოლიციიდან წასვლის შემდეგ ჩემი სამსახური დიდად არ შეცვლილა. ერთი განსხვავება ის არის, რომ იარაღი ჩავაბარე. ადრე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებს ვიძიებდი. გარიგებული მატჩების დარად, ესეც საკმაოდ სერიოზული დანაშაულია.

სამწუხაროდ, პოლიციაში გარიგებულ მატჩებს დიდი ყურადღებას არ აქცევენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ციურიხში მაფიის ერთ-ერთ წარმომადგენელს შევხვდი, რომელიც ნარკოტიკების გადაზიდვით არის დაკავებული. მან მითხრა, რომ ნარკოტიკების გადაზიდვიდან საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაზე აპირებს გადასვლას, ვინაიდან ნაკლები რისკით იგივე მოგების ნახვა შეეძლო.

ის ადამიანი თანამშრომლობას გვთავაზობდა, თუმცა ინფორმაცია, რომელიც მისგან მივიღე მნიშნვნელვანი არ ყოფილა. ვფიქრობ, ის იმის გაგებას ცდილობდა, თუ რა ინფორმაციას ვფლობთ ჩვენ.

ბევრი ბუკმეიკერი არალეგალურად მუშაობს ე.წ. “შავ ბაზარზე”. ამ მექანიზმების გამოთვლა საკმაოდ რთულია” – განაცხადა მუტშკემ.