რა ბედი ელის უსმან დემბელეს გრიზმანის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში?

კატალონიის “ბარსელონასა” და უსმან დემბელეს გეგმები აშკარად ჩაშლილია. ფრანგმა ფეხბურთელმა “კამპ ნოუზე” ფეხის მოკიდება ჯერაც ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც კლუბში კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ძალიან ახლოს არიან ანტუან გრიზმანის ტრანსფერის განხორციელებასთან, რომელიც “ატლეტიკოს” მაისურით საოცრებებს სჩადის. შესაბამისად, დემბელეს შანსები მის წინააღმდეგ მიზერული უნდა იყოს.

ერნესტო ვალვერდეს აზრით, გრიზმანის დამატების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ დემბელე იმ კლუბში გამოსცდის თავის ძალებს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება – რა თქმა უნდა, საუბარია 21 წლის ფეხბურთელსი განათხოვრებაზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დემბელეს ტრანსფერის მიმართ ინტერესს “ლივერპულისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ამჟღავნებენ.

“ბარსელონა” დემბელეს განათხოვრების ვარიანტს განიხილავს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები საკმაოდ აქტიურად განიხილავენ უსმან დემბელეს განათხოვრების ვარიანტს. ამ ინფორმაციას კატალონიური ტაბლოიდი Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფრები”, რომლებმაც 105 მილიონი ევრო გადაიხადეს 20 წლის დემბელეს ტრანსფერში (40 მილიონი ბონუსებად არის გაწერილი), უკმაყოფილონი არიან ფრანგი ფეხბურთელის თამაშით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ბარსელონა” ზაფხულში ანტუან გრიზმანის დამატებასაც გეგმავს. “ატლეტიკოსთან” შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ესპანეთის ჩემპიონი მზადაა, დემბელეს გაყიდვის ვარიანტიც განიხილოს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში დემბელემ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.

ჩავი: “ბარსელონაში” თამაში დემბელეს ფინალური გამოცდაა”

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, ჩავიმ, პრესასთან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალწვეულზე, უსმან დემბელეზე ისაუბრა, რომელსაც ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

“ბუნებრივია, რომ მას დრო სჭირდება. “ბარსელონა” ყოველი ფეხბურთელის ფინალური გამოცდაა. თითქოს დემბელე დოქტორის ხარისხის აღებას ცდილობს.

ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ძალიან სწრაფი, მაგრამ აქ მას ისეთი სივრცე ვერ ექნება, როგორიც გერმანიაში და საფრანგეთში. უფრო სწრაფად უნდა იფიქროს, წამის მეათასედებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

“ბარსელონაში” თამაში დიდი პატივია. რატომ? რადგანაც აქ სამჯერ უფრო მეტი მოგეთხოვება, ვიდრე სხვაგან. თავის თავს უნდა უთხრას, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელია და დაცემის უფლება არ აქვს. მთავარი სურვილია და მას ეს ნამდვილად არ აკლია,” – აცხადებს ჩავი.

ვალვერდე: “კოუნტინიო კარგი მოთამაშეა, თუმცა ჩემი ფეხბურთელები უფრო მომწონს”

დღეს კატალონიის “ბარსელონა” კოპა დელ რეის მერვედფინალში ვიგოს ესტუმრება და “სელტას” დაუპრისპირდება.

მნიშვნელოვანი მატჩის წინ, “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენცია გამართა.

“კოუნტინიო ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის სხვა კლუბს ეკუთვნის. ბრაზილიელი მომწონს, თუმცა ჩემი ბიჭების მიმართ უფრო დიდი სიმპათია მაქვს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. უსმან დემბელეს ყოლით ბედნერი ვარ. იმედია, ის სასარგებლო ფეხბურთელი გამოდგება. ფრანგმა სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა, როცა გუნდთან ადაპტაციას ცდილობდა. ვნახოთ, თუ შელძებს ის ჩვენს დახმარებას. ახლა იგი სათამაშოდ მზადაა.”

“სელტას” წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ და ვიცით, როგორ წარვმართოთ მატჩი. მათ თავიანთ მოედანზე ვერკინებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ “ბალაიდოსის” ბინადრები საკმაოდ აგრესიულები არიან. ეს იქნება შეხვედრა ორ კარგ გუნდს შორის. მათ დიდ პატივს ვცემთ. “სელტა” ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო იმ კლუბებს შორის, რომელთაც ფრე ვეთამაშეთ. ახლა პროგრესირდნენ, მწვრთნელიც შეიცვალეს და გაცილებით უფრო საშიშნი არიან,” – ამბობს ვალვერდე.

უსმან დემბელემ ვარჯიში განაახლა

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულის, უსმან დემბელეს რეაბილიტაციის პროცესი ბოლო ფაზაში შედის. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილმა ფეხბურთელმა ტრავმა სექტემბრის თვეში, “ხეტაფესთან” მატჩში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ ტრავმის წყალობით კატალონიელებმა 10 მილიონი ევროს დაზოგვაც შეძლეს, რაც წესით, გერმანული კლუბისთვის უნდა გადაეხადათ.

როგორც იცით, დემბელე “ბარსელონაში” გასულ ზაფხულს გადაბარგდა 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ჯერჯერობით მხოლოდ სამ მატჩში შეძლო ესპანური გრანდის მაისურის მორგება.

უსმან დემბელემ შესაძლოა, “რეალთან” ითამაშოს

უსმან დემბელემ შესაძლოა, 23 დეკემბერს გასამართ “ელ კლასიკოში” ითამაშოს. ამის შესახებ საუბრობს ექიმი, რომელმაც ფრანგ შემტევს ოპერაცია გაუკეთა – საკარი ორავა.

“მისი აღდგენითი პროცესები იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე მე მოველოდი. შესაძლოა, მან მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს. თუმცა, მე ვერაფრის გარანტიას მოგცემთ. თუ ის არასწორად მიიღებს დატვირთვას, მაშინ იქნება რისკი, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდეს. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.”

“თუმცა, იმას გეტყვით, რომ უსმანი ამ თვის შუა რიცხვებში დაიწყებს ბურთთან ერთად ვარჯიშს. ამის შემდეგ, მას დავაკვირდებით და კიდევ უფრო გაგვიადვილდება სწორი დასკვნების გამოტანა,” – აცხადებს ორავა.

ობამეიანგი დემბელეს ქმედებებს ამართლებს

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ლიდერ, პიერ ემერიკ-ობამეიანგი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, უსმან დემბელე “ბარსელონაში” საკუთარ კვალს დატოვებს და იქ წარმატებების მიღწევა არ გაუჭირდება.

“მისმა ტრანსფერმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. რამდენადაც მე ვიცი, კლუბებმა შეთანხმებას მარტივად მიაღწიეს. დორტმუნდის “ბორუსია” მას დარჩენას ვერ აიძულებდა, თუ “ბარსელონას” ამ ტრანსფერის განხორციელების სურვილი გააჩნდა.

მართალია, რომ მან თავისი ქმედებებით სიტუაცია უფრო გაამწვავა, მაგრამ მისი მაინც მესმის. ის ჩემი მეგობარია და მჯერა, რომ “ბარსელონაში” საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება არ გაუჭირდება.

მას უკვე ვესაუბრე და მითხრა, რომ ლაზარეთიდან ორ თვეში დაბრუნდებოდა. დემბელე საკმაოდ სწრაფად გადის ადაპტაციის პროცესს, რაც მას “ბარსელონაშიც” გამოადგება,” – აცხადებს ობამეიანგი.

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა უსმან დემბელეს სოლიდარობა გამოუცხადეს (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ ლა ლიგა სანტანდერის მეოთხე ტურის შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ფრანგმა ახალგაზრდამ უკვე გაიკეთა ოპერაცია. ახლა მას სამიდან ოთხ თვემდე მოუწევს სარეაბილიტაციო კურსის გავლა.

გუშინ “ეიბართან” შეხვედრის წინ “ბარსას” მოთამაშეებმა საკუთარ თანაგუნდელს სოლიდარობა გამოუცხადეს მაისურებით, რომელზეც ეწერა: “გამხნევდი, უსმან”.

 

დემბელეს ტრავმამ შესაძლოა, “ბარსელონას” 10 მილიონი ევრო დააზოგინოს

ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 25-ე წუთზე საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო უსმან დემბელემ, რის გამოც 3-4 თვით მოუწევს უქმობა.

მართალია, “ბარსელონას” ქომაგთათვის ეს ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, არის ერთი დადებითი მხარეც – დემბელეს ტრავმის წყალობით, “ბარსელონა” 10 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბორუსიასა” და “ბარსელონას” მიერ გაფორმებულ კონტრაქტში არის სპეციალური პუნქტი: თუ ფრანგი ვარსკვლავი სადებიუტო სეზონში 50 მატჩში მიიღებს მონაწილეობას, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” დამატებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს გერმანელთათვის.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს ტრანსფერი “ბარსას” 105 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც შესაძლოა, ბონუსების სახით კიდევ 40 მილიონი დაემატოს.

უსმან დემბელეს პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, უსმან დემბელემ, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ, “ხეტაფესთან” ტრავმა მიიღო (1:2). 20 წლის თავდამსხმელმა დაზიანება მატჩის 29-ე წუთზე მიიღო, ის ჟერარ დეულოფეუმ შეცვალა.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალწვეულს უკვე ჩაუტარდა პირველადი შემოწმება. ექიმების ცნობით, დემბელეს მარცხენა მუხლის მყესი აქვს დაზიანებული.

მსგავსი დაზიანების სამკურნალოდ კი დაახლოებით სამი კვირაა საჭირო. დემბელეს დაბრუნების ზუსტი თარიღი კი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფეხბურთელს დაწვრილებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

უსმან დემბელემ გასული სეზონი დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, სადაც 32 მატჩში ექვსი გატანილი გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

მბაპე: “დემბელეს მე ვურჩიე, “ბარსელონაში” გადასულიყო”

“მონაკოდან” “პარი სენ-ჟერმენში” განათხოვრებული კილიან მბაპე აღიარებს, რომ უსმან დემბელეს არჩევანის “ბარსელონაზე” გაკეთება ურჩია.

“ამ საკითხს ერთად განვიხილავდით, მან ჩემი აზრი მკითხა “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ ეს მისთვის დიდებული ვარიანტი იქნებოდა.

მას ნამდვილად შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდეს. მას შეტევაში მესისა და ნეიმარის გვერდით მოუწევს თამაში, რაც პიროვნული და პროფესიული ზრდის გარანტს წარმოადგენს.

მთავარია, რომ მან თავისი ოცნებები აიხდინოს. ის ფეხბურთის მიმართ დიდ სიყვარულს გრძნობს. ის ფაქტი, რომ ჩვენს ტრანსფერებში დიდი ფული გადაიხადეს, სულაც არ გვაფერხებს, ყველაფერს სიამოვნებისთვის ვაკეთებთ,” – აცხადებს მბაპე.

უსმან დემბელე: “ჩემში გადახდილი თანხის გამო განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობ”

კატალონიური “ბარსელონას” ფრანგმა ახალწვეულმა, უსმან დემბელემ, რომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ, კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელის გვერდით თამაში, როგორიც ლეო მესია. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. აქ იმისთვის მოვედი, რომ ვისწავლო. ბედნიერი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში რომ მოვხვდი და მინდა ახალ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.

ჩემში გადახდილი თანხის ოდენობა არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს, დამატებით ზეწოლას ვერ ვგრძნობ. ეს ჩემი ბრალი არაა, ბოლო დროს სატრანსფერო ფანჯარაზე სიგიჟეები ხდება. ამისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებ.

ნეიმარი დიდებული მოთამაშეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ მე მასზე უფრო ახალგაზრდა ვარ, ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო გავძლიერდე,” – აცხადებს უსმან დემბელე.