დემბელე: “სანამ “ბორუსიაში” გადავიდოდი, იურგენ კლოპს შევხვდი”

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, უსმან დემბელე აღიარებს, რომ გერმანულ კლუბში გადაბარგებამდე ის მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ “რენში” ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, დემბელემ არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულისაც”, თუმცა მან კარიერის გაგრძელება გერმანიაში გადაწყვიტა.

“პარიზში ყოფნისას იურგენ კლოპს შევხვდი, თუმცა იმ დროისთვის ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა – “ბორუსიაში” უნდა გადავსულიყავი.

ეს გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ მივიღე, ასე რომ “ლესტერში” ან სხვა კლუბში გადასვლა უბრალოდ გამორიცხული იყო,” – აცხადებს დემბელე FourFourTwo-ს ჟურნალისტებთან საუბრისას.

დემბელე: “ბევრი წინადადება მივიღე, თუმცა თავიდანვე “დორტმუნდში” მინდოდა გადასვლა”

უსმან დემბელეს თქმით, მას “რენის” “ბორუსიას” გარდა სხვა კლუბში გაცვლა არც უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაბირების სურვილი ისეთმა დიდმა კლუბებმა გამოთქვეს, როგორებიც “ბარსელონა” და “ლივერპულია”.

“ბევრი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ თავიდანვე ყველასათვის ნათელი გავხადე ის ფაქტი, რომ მე მხოლოდ “დორტმუნდში” გადასვლით ვიყავი დაინტერესებული.

“ბორუსიამ” დამარწმუნა, რომ მათ მართლა უნდოდათ ჩემი გადაბირება. მე არაერთხელ შევხვდი ტომას ტუხელს და დავრწმუნდი, რომ ის ჩემს განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.

“დორტმუნდი” ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის საუკეთესო კლუბია, რაც წარსულმაც აჩვენა. მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს დორტმუნდელი ფანების წინაშე.”

ტუხელი: “ჰუმელსის ჩანაცვლება შეუძლებელია”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი თვლის, რომ გუნდი ვერ შეძლებს მატს ჰუმელსის ჩანაცვლებას, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე “ბაიერნს” შეუერთდება.

“არა მგონია შესაძლებელი იყოს ზუსტად ისეთი ფეხბურთელსი პოვნა, რომელიც სრულფასოვნად ჩაანაცვლებს მატსს.

თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჰუმელსის მემკვიდრეს სხვა სიძლიერებები ექნება.” – განაცხადა ტუხელმა პარასკევის პრესკონფერენციაზე.

მართალია მატსი წავიდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე “ბორუსიამაც” მოახერხა ერთი ფეხბურთელის გადაბირება (დემბელე “რენიდან”), ტუხელმა ამაზეც გააკეთა კომენტარი: “სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ. მოუთმენლად ველი, თუ როდის დავიწყებ მასთან ერთად მუშაობას.”

“რენის” ფორვარდს, დემბელეს კარიერის გაგრძელება გერმანიაში სურს

ფრანგული “რენის” ფორვარდი, უსმან დემბელ შესაძლოა დორტმუნდის “ბორუსიაში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას RMC Sport გვატყობინებს.

წყაროს ცნობით, ფრანგები 18 წლის შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვენ. დემბელესადმი ინტერესი უკვე გამოთქვა რამოდენიმე ესპანურმა და ინგლისურმა ტოპ-კლუბმა.

თუმცა, თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება დორტმუნდის “ბორუსიაში” სურს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე გამოიწერა “ბორუსიას” ოფიციალური გვერდი “ტვიტერზე”.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ლიგა 1-ის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, 6 შემთხვევაში კი თანაგუნდელს გაუკეთა საგოლე გადაცემა.