“ლივერპული” და “სევილია” ოთხშაბათს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რათა ევროპა ლიგის 2015/16 წლების სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდეს. მოგებით თითოეული გუნდი პრესტიჟს კიდევ უფრო აიმაღლებს, თუმცა გარდა ამისა, არის სხვა ფაქტორიც – ფული.
მიმდინარე სეზონში უეფამ ევროპა ლიგის კლუბებს საერთო ჯამში 229 მილიონი ევრო გამოუყო პრიზების სახით. ეს თანხა 65 პროცენტით აღემატება შარშანდელ ფონდს.
გუნდი მით მეტ საპრიზო თანხას იღებს, რაც მეტი ეტაპის გადალახვას მოახერხებს ამ ტურნირში. პლეი-ოფის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის, “ლივერპულმა” და “სევილიამ” უკვე მიიღო 3.75 მილიონი ევრო, ამასთანავე “წითლებმა” დამატებით 500,000 ევროც მიიღეს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის და 2.4 მილიონი ევრო ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობისათვის. ესპანელები კი ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან მოხვდნენ, რაც დამატებით პრიზებს ითვალისწინებს.
ევროპა ლიგაზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება 360,000 ევროთი ფასდება, ფრე – 120,000-ით. ამგვარად, იურგენ კლოპის გუნდს ჯიბეში კიდევ 3 მილიონი ევრო აქვს, “სევილიას” კი 1.7 მილიონი ევრო.
ევროპა ლიგის გამარჯვებული 6.5 მილიონ ევროს გაინაღდებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი 3.5 მილიონს. ასე რომ, სხვაობა 3 მილიონს შეადგენს – დღევანდელ რეალობაში კი ეს თანხა არც ისე დიდია.
ღირს ევროპა ლიგის ფინალში გასვლა? თუ “ლივერპული” ტურნირს მოიგებს, კლუბი ამ მძიმე შრომის სანაცვლოდ საერთო ჯამში 16.2 მილიონ ევროს (12.7 მილიონ ფუნტს) მიიღებს (მარკეტინგული თანხების გამოკლებით).
შედარებისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგაში მეოცე ადგილზე გასული “ასტონ ვილა” 10.7 მილიონ ფუნტს მიიღებს.