კაკუბავა:”ასეთი უიღბლობით მთლიანად გუნდია შოკირებული”

გუშინ გაიმართა “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. ერთ-ერთ მათგანში “ჩიხურა” მოლდოვურ “ზიმბრუს” დაუპირისპირდა. მიუხედავად პირველ თამაშში მიღწეული წარმატებისა, მეორე მატჩში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა, იმერლებმა დასანანი მარცხი იწვნიეს, ანგარიშით 2:3 და გათამაშებას გამოეთიშნენ.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით Fanebi.com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” მოთამაშეს, ლევან კაკუბავას და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“გულდასაწყვეტია, როცა ისეთ თამაშს აგებ, რომელშიც ორჯერ იგებდი. მთლიანად გუნდი შოკირებულია ასეთი უიღბლობით. ქართველ გულშემატკივარს მობეზრდა ეს თავის მართლება, თუმცა ფაქტია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა სასურველი შედეგის მიღწევისთვის, მაგრამ… “

“წინ ჩემპიონატი გველის და იმედია, მალე დავივიწყებთ ამ თამაშს. უნდა გადავერთოთ ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელშიც არანაკლებ დაძაბული შეხვედრები უნდა ჩავატაროთ და, შესაბამისად, არანაკლები მონდომება დაგვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის და, ასევე, მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდადებულად იბრძოლეს,” – განაცხადა “ჩიხურას” მცველმა.

“ჩიხურა” – “ზიმბრუ” (პირდაპირი ტრანსლაცია)

ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი საჩხერის “ჩიხურასა” და მოლდოვურ “ზიმბრუს” შორის. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ქართველთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ივანიშვილი:”მხოლოდ გულშემატკივართან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას!”

საჩხერის “ჩიხურამ” მოლდოვაში ადგილობრივი “ზიმბრუ” “ევროპის ლიგის” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1-0 დაამარცხა. იმერლები 5 ივლისს გამართავენ განმეორებით შეხვედრას. მატჩი ზესტაფონში “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” ჩატარდება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” შემტევს, გიორგი ივანიშვილს და ინტერვიუ ჩაწერა.

– შეაფასეთ კიშინოვში ჩატარებული მატჩი…

– განვლილ თამაშზე იმას გეტყვით, რომ მიზანს მივაღწიეთ და სასურველი შედეგით დავასრულეთ იგი. ამ წარმატებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გავზარდეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ახლა კიდევ უფრო დიდი ენერგია გვჭირდება, რომ საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ ამ საფეხურზე.

– ერთ ბურთიან უპირატესობას ფლობთ. თქვენი აზრით, როგორ დაიწყებთ მატჩს: ამ ანგარიშის შენარჩუნებას შეეცდებით და მეორე ნომრად ითამაშებთ თუ შეუტევთ და პირველივე წუთებიდან მოინდომებთ უპირატესობის გაზრდას?

– რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ის ხვალ დაგვარიგებს რა ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ. მაგრამ, პირადად ჩემი აზრი თუ გაინეტერესებთ, ალბათ მაინც თავიდანვე უპირატესობის დაუფლებას სწორედ “ჩიხურა” ეცდება, რადგან ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ.

– გუნდის დანაკლისზე რას გვეტყვით? ბოლოს როგორც გაირკვა “ჩიხურას” ძირითადის ფეხბურთელები დააკლდება…

– კი, ეს ასეა. წითელი ბარათის გამო განუგრავა ტოვებს შეხვედრას. მის გარდა არ გვეყოლება გაბედავაც, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. მაგრამ, ეს ხვალ არანაირად არ დაგვეტყობა! გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ.

– რას ეტყვით ქართველ გულშემატკივარს?

– მინდა, მოვუწოდო მათ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვიქომაგონ. მხოლოდ მათთან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას. ჩვენ ხვალ საქართველოს სახელით გამოვალთ მათ წინაშე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა!

 

ლობჟანიძე:”ქართველი ქომაგის წინაშე მნიშვნელოვანი ვალდებულება გვაქვს”

“ევროპის ლიგაზე” მიღწეული წარმატების შემდეგ, “ჩიხურის” მოთამაშე საბა ლობჟანიძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“მატჩი დაძაბულად დაიწყო, თუმცა მალე ვიგდეთ სადავეები ხელში. სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მწვრთნელის დავალებები პირნათლად შევასრულეთ.”

“ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა! ჩვენგან ქართველები ამ ეტაპის დაძლევას ელიან და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ვალდებულება გვაქვს, ღირსეულად ვითამაშოთ მათ წინაშე განმეორებით თამაშში,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ახალგაზრდა სპორტსმენმა.