ახალგაზრდა ბრაზილიელები, რომლებიც ნამდვილად ნიჭიერები არიან, თინეიჯერობის პერიოდიდან ხდებიან დიდი გუნდების რადარებზე და ვარსკვლავის სტატუსსაც “იწებებენ”. მაგალითად, 18 წლის ასაკში ნეიმარი უკვე ვარსკვლავად მოიხსენიებოდა. ამ დროს, მას უკვე მოგებული ჰქონდა კოპა ლიბერტადორესი. მსგავსად ნეიმარისა, რონალდოსა და რონალდინიოს კარიერასაც მსგავსი დასაწყისები ჰქონდათ მანამ, სანამ ისინი ევროპაში გადაინაცვლებდნენ.
“პალმეირასის” გაბრიელ ჟეზუსი ბრაზილიაში დაბადებული კიდევ ერთი ვუნდერკიდი გახლავთ. მის მიერ წარმოქმნილი ტალღები ამერიკის კონტინენტსაც გაცდა – 19 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს კატალონიური “ბარსელონა” იჩენს.
მაგრამ ვინ არის ის და რატომ უნდათ კატალონიელებს ასე ძალიან მისი გადაბირება?
სან-პაულოში დაბადებული ჟეზუსი ჟარდიმ პერის გარეუბანში იზრდებოდა, მეტროპოლისის ჩრდილოეთ ნაწილში. მან საკმაოდ სწრაფად გაითქვა სახელი – 2012 წელს “ანჰანგერას” რიგებში ყოფნის დროს, ბრაზილიელმა 29 გოლის გატანა მოახერხა კოპა სან-პაულუს ტურნირში და ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა. ამან კი “ვერდაოს” ყურადღება მიიქცია.
“მძიმეწონიანთა” ჩემპიონატში გაბრიელ ფერნანდოს დებიუტი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა – მან 16 გოლის გატანა მოახერხა 17-წლამდელთა დივიზიონში. მომავალი წელი მისთვის გაცილებით უფრო კარგი გამოდგა, რამეთუ მან 38 გოლის გატანა შეძლო 22 მატჩში. ამ ტურნირზე ასეთი შედეგი არავის დაუფიქსირებია. მართალია, “პალმეირასი” ფინალში “სანტოსთან” დამარცხდა, თუმცა კარგი ასპარეზობისათვის გაბრიელი 5-წლიანი კონტრაქტით დააჯილდოვეს.
ამჟამად, 2016 წლის სეზონში გაბრიელ ჟეზუსი კვლავ წინ მიიწევს. ახალგაზრდა ბრაზილიელი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია ამ მომენტისათვის (10 გოლით). მისი “პალმეირასი” კი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.
“ატლეტიკო ნასიონალისა” და კოლუმბიის ნაკრების პერსპექტიულ ლიდერთან, მარლოს მორენოსა და “პსჟ-ს” დაკვირვებაში მყოფ ჯოვანი ლო ჩესკოსთან ერთად, გაბრიელი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი “დიდ რონალდოსთან” შედარება გადამეტებულად ჩანს. მაგრამ, როცა თვითონ რონალდო აკეთებს ამ შედარებას, მაშინ რა გაეწყობა? “მე ვხედავ რაღაც მსგავსებებს. ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მან უკვე შეძლო და მიაღწია დიდ წარმატებებს.” – განუცხადა ბრაზილიელმა ლეგენდამ TV Globo-ს.
გაბრიელი ტექნიკით რაღაცნაირად წააგავს კიდეც იმ რონალდოს. ტექნიკასა და გოლეადორობის უნართან ერთად მას სხვებისაგან მოედნის განსაკუთრებული ხედვაც გამოარჩევს, რაც მას 25 იარდის მოშორებიდანაც კი ძალიან საშიშად აქცევს. საშუალოდ, თითო მატჩში მასზე 3.5-ჯერ ჯარიმდებიან. როგორც ჩანს, ეს მისი შეჩერების ერთადერთი გზაა.
იმის დასამტკიცებლად, რომ “ბარსელონას” მაისურის მორგების ღირსი არის, გაბრიელ ჟეზუსს შესანიშნავი შანსი ეძლევა – აგვისტოში მას არც მეტი არც ნაკლები ნეიმარის გვერდით თამაშის შანსი მიეცემა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
რაც შეეხება ამ ტრანსფერის ფინანსურ საკითხს, კატალონიელები 15 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. თუმცა, “პალმეირასის” ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ გაბრიელს ასე ადვილად არ დათმობენ.
“ევროპასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მინდა აქ დავრჩე. “პალმეირასი” ჩემპიონობისთვის იბრძვის და მათ ჩემი დახმარება ესაჭიროებათ.” – განაცხადა ბრაზილიელმა ამ თვეში.