ტატა მარტინო სანაკრებო ფეხბურთში ბრუნდება

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მექსიკის ნაკრებს ჩაიბარებს. ეს ინფორმაცია მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იონ დე ლუიზმა დაადასტურა.

აღნიშნულ პოსტზე ტატა მარტინო ხუან კარლოს ოსორიოს შეცვლის, რომელმაც “მწვანეები” 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპამდე გაიყვანა.

მარტინოს მიზნად 2022 წელს ყატარში გასამართი მუნდიალის ფინალურ სტადიაზე მექსიკის ნაკრების გაყვანას დაუსახავენ.

ხერარდო მარტინო უკანასკნელად ამერიკულ “ატლანტა იუნაიტედს” თავკაცობდა.

ხერარდო მარტინო არგენტინის ნაკრების თავკაცის პოსტზე მუშაობას აგრძელებს

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ხერარდო მარტინო ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილესთან დამარცხდა.

ხერარდო მარტინო გუნდს წელს, რიოში გასამართი ოლიმპიური თამაშებისთვის მოამზადებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანომ და სერხიო აგუერომ დატოვეს. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება შესაძლოა, გონსალო იგუაინმა, ესეკიელ ლავესიმ და ლუკას ბილიამაც გააკეთონ.

ტატა მარტინო: “ცხოვრებისეული პრობლემები მესისაც აქვს”

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო თვლის, რომ “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ირგვლივ შექმნილ სირთულეებს სხვები ვერ ამჩნევენ. არგენტინელი სპეციალისტი ამბობს, რომ მესის სირთულეები აქვს როგორც კლუბში, ასევე პირად ცხოვრებაში.

“ორ განსხვავებულ მოთამაშეს ვხედავ: მესი “ბარსელონაში” და მესი ნაკრებში, თუმც ის ერთი და იგივე პიროვნებაა. იგი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. ძალიან რთულია, იყო მესი. არა მგონია, ამ ადამიანს ცხოვრებით სრულად ტკბობა შეეძლოს. იგი ცხოვრებისეულ პრობლემებსაც აწყდება და არც ფეხბურთში აქვს ყოველთვის ყველაფერი რიგზე”, – ციტირებს ტატა მარტინოს სიტყვებს A Bola.

 

ტატა მარტინოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შესაბამისად, 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი გუნდს იამაიკის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. მარტინოს არც ფეხბურთელებთან და არც სამწვრთნელო შტაბთან კონტაქტის უფლება არ ექნება.

ტატა მარტინო ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) გააძევეს, როდესაც ის მოედანზე გავიდა და ბრაზილიელი არბიტრის, სანდრო რიკის მიმართ პროტესტი ღიად გამოხატა. მარტინოს გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პაბლო საბალეტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის შემდეგ ბურთი არგენტინელებს დარჩათ, თუმცა მსაჯმა იმის ნაცვლად, რომ “ალბისელესტესთვის” უპირატესობა მიენიჭებინა, თამაში გააჩერა.

მატჩი არგენტინისა და იამაიკის ნაკრებებს შორის კვირას, თბილისის დროით ღამის 01:30 საათზე დაიწყება.

 

მარტინო: “მესისგან “ბარსელონაში” უფრო მეტს მოელიან, ვიდრე ნაკრებში”

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო თვლის, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებულნი ლიონელ მესიზე, ვიდრე “ბარსელონას” მოთამაშეები.

“მესის თანაგუნდელები ყოველთვის ელიან, რომ მოედანზე საქმეს ლეო გააკეთებს. ეს “ბარსელონაში” უფრო ხშირად ხდება, ვიდრე არგენტინის ნაკრებში”, – ციტირებს მარტინოს სიტყვებს A bola.

 

ტატა მარტინო: “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ხმას ყოველთვის მესის მივცემ”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში პირველ ადგილს ყოველთვის ლიონელ მესის მიაკუთვნებს.

“ხმას ყოველთვის მესის მივცემ. ლიონელი რეკორდების დამხობას აგრძელებს. სასიამოვნოა, რომ ლეო, არგენტნელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას”, – ციტირებს ტატა მარტინოს სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

მარტინო: „მესის მომავალზე საუბრები მაოცებს“

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ლიონელ მესის კლუბიდან შესაძლო აბარგების შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოემხაურა. არგენტინელი ფეხბურთელი ზოგმა „პარი სენ-ჟერმენს“, ზოგმა კი „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირა.

„მესი 12 წლის ასაკიდან „ბარსელონაშია“. ის აქ კარიერის ბოლომდე დარჩება. მე ასე ვფიქრობ.

მესის მომავლის შესახებ საუბრები მაოცებს. ჩვენ მის გაყიდვაზე არც კი ვფიქრობთ“, – მარტინოს სიტყვებს sport.es აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონამ“ ბრენდან როჯერსს თვალი დაადგა

ბრიტანული „დეილი მირორის“ცნობით, „ბარსელონა“ დიდი ინტერესით ელის „ლივერპულსა“ და კლუბის მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაგეგმილ მოლაპარაკებას.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2015 წლამდეა გაფორმებული, კონტრატის გახანგრძლივებაზე კი კონკრეტული დეტალების განხილვას არ ჩქარობენ. კატალონიელები როჯერსს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მიმდიანრე სეზონის ბოლოს ხერარდო მარტინო კატალონიელთა გუნდის თავკაცის თანამდებობას დატოვებს.

თავად როჯერსმა აღნიშნა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ არ დაწყებულა, რომ მას აგენტი არ ჰყავს. თუმცა, ფეხბურთის ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ მერსისაიდული გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ბექა დოგრაშვილი

ტატა მარტინო არგენტინის ნაკრებს ჩაიბარებს?

არგენტინული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ იმ მწვრთნელის ძიება დაიწყო, რომელიც ზაფხულში ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე ალეხანდრო საბელიას შეცვლის. ერთ-ერთ ვარიანტად „ბარსელონას“ ამჟამინდელი დამრიგებელი ხერარდო მარტინო მოიაზრება.

ფეხბურთის არგენტინელ სპეციალისტს კატალონიურ გუნდში საქმეები ჯერჯერობით კარგად არ მისდის და არის იმის არცთუ მცირე ალბათობა, რომ მან სეზონის ბოლოს „ბარსელონა“ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ტატა მარტინო კატალონიურ გუნდს 2013 წლის ზაფხულიდან თავკაცობს.

ტატა მარტინო: „ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ვალიადოლიდთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ „ბარსა“ სასურველ ფორმაში არ არის, თუმცა მისი ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„სანამ მათემატიკური შანსი გვექნება, ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მარდად ვერ ვმოქმედებდით, მით უფრო მეტოქის ნახევარზე. სათამაშო უპირატესობა ხელთ ვერ ვიგდეთ. ბურთს კი ვფლობდით, მაგრამ სიღრმეში ვერ ვიწევდით.

გასაგებია, რომ ჩემი გუნდი სასურველ ფორმაში არ არის. „რეალთან“ კონკურენციისთვის სრულყოფილად უნდა მოქმედებდე“, – ციტირებს ტატა მარტინოს სიტყვებს ესპანური პრესა.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონა“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას შეუდგა

ესპანური პრესის ცნობით, „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსთვის კატალონიური გუნდის თავკაცის პოსტზე მიმდინარე სეზონი  შესაძლოა, პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდეს.

ესპანური წყაროების თანახმად, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ძიებას უკვე შეუდგა. კლუბის სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას უკვე იმ სპეციალისტების სიაც აქვს შედგენილი, რომლებიც „ბარსელონას“ თავკაცის პოსტზე დანიშვნის შესაძლო ვარიანტებად განიხილებიან. სია ისეთი მწვრთნელებით იწყება, როგორებიც არიან ერნესტო ვალვერდე, ლუის ენრიკე, ანდრე ვილაშ-ბოაში, დიეგო სიმეონე და იურგენ კლოპი.

ხერარდო მარტინო: „იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევს“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. ყურადღების ცენტრშია „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის „ეტიჰადზე„ გასამართი შეხვედრა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ხაზი გაუსვა ინგლისელთა ძლიერ მხარეებს და იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ აპირებს მისი გუნდი მეტოქის განეიტრალებას.

„ეს დაპირისპირება ფინალის ღირსია. კარგი იქნებოდა, მათ ცოტა მოგვიანებით რომ შევხვედროდით, თუნდაც მეოთხედფინალურ ეტაპზე. „სიტი“ შეუდარებლად გამოიყურება როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროთასებზე.

არჩევანი არ უნდა გავაკეთოთ გატანასა და არგაშვებას შორის. პირველ რიგში, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც გვიყვარს და როგორც შეგვიძლია. თუ გოლს გავიტანთ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! „მანჩესტერ სიტი“ ბევრ რამეში წააგავს „ბარსელონას“ შესაძლოა, ინგლისელები უფრო მარტივად თამაშობენ, მაგრამ ბურთს შესანიშნავად აკონტროლებენ. ვფიქრობ, იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევს.

„მანჩესტერ სიტი“ ამ დროისთვის პლანეტის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. მათ სხვადასხვა ხერხებით შეუძლიათ ხიფათის შექმნა. კარგად უტევენ როგორც პირველი, ასევე მეორე ტემპით, შეუძლიათ თამაში როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე, მშვენივრად თამაშობენ „მეორე სართულზე“, სახიფათოდ ასრულებენ სტანდარტებს და იტანენ ბევრ გოლს. მეტოქის გასანეიტრალებლად ბურთის ფლობა იქნება საჭირო“, – მარტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი