გუშინ ლონდონის “ტოტენჰემი” სტუმრად “სტოუკ სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ერთ-ერთი მათგანის შეგდება ჰარი კეინმა შეძლო, რომლისთვისაც ეს მატჩი პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემის” მაისურით 90-ე იყო, გატანილი გოლი კი – 50-ე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შეხვედრის შემდეგ, 23 წლის სპორტსმენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რამდენიმე წლის წინ, ვინმე რომ მოსულიყო და ეთქვა, მომავალში 50 პრემიერლიგური გოლი გექნება გატანილი “სპურსების” მაისურითო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ეს დიდი მიღწევაა; ახლა უფრო “მშიერი” ვარ და კიდევ უფრო მინდა, მეტი და მეტი გოლი გავიტანო.”
“მე გავაგრძელებ მუშაობას მთელი დატვირთვით, შევეცდები, რომ უფრო მეტი და ლამაზი გოლი გავიტანო. მინდა, შემდეგი 50 გოლის შეგდება წინა 50-ზე სწრაფად მოვახერხო,” – განაცხადა კეინმა.