გიორგი მერებაშვილმა “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა პლოცკის “ვილსასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ პოლონელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება. ახალი ხელშეკრულების თანახმად “მერება” კლუბში 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება. კონტრაქტის სხვა დეტალები არაა საჯარო.

აქვე შეგახსენებთ, რომ 31 წლის მოთამაშე 2016 წლის 12 ივნისს ბერძნული “ლევიადიაკოსიდან” შეუერთდა “ვისლას”. მანამდე კი ის ისეთ კლუბებში გამოდიოდა, როგორებიცაა თბილისის “დინამო”, “ვოივოდინა ნოვი სად”, კრეტას “ოფი”, “ვერია”.

გეტყვით, რომ ამ სეზონში მერებაშვილმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

დუდა სანაძე: “ბრძოლით და გუნდური თამაშით ყველაფერი შესაძლებელია!”

გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მონტენეგროს ესტუმრა და მეტოქე, ანგარიშით, 84:90 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გაინაღდეს.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-ი ნაკრების მოთამაშეს, დუდა სანაძეს დაუკავშირდა და მატჩის შეფასება სთხოვა.

“მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელია გვაკლდა, გვჯეროდა, მონტენეგროს დავამარცხებდით. ჩვენ თავდაჯერებულად გავედით მოედანზე; დასაკარგი არაფერი გვქონდა!”

“ბევრმა საქართველოს მოგების შანსი მიზერულად შეაფასა. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ბრძოლით და გუნდური თამაშით ყველაფერი შესაძლებელია.”

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში,” – განუცხადა ჩვენს საიტს დუდამ.

სანაძემ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მიზნების შესახებაც ისაუბრა: “ჯერ კონკრეტულ მიზნებზე ლაპარაკი ადრეა. სანამ მეტოქეებს არ გავარკვევთ, რთულია, ივარაუდო რა გველის წინ. თუმცა, ზუსტად ვიცით, რომ ვინც არ უნდა იყოს ჩვენს ჯგუფში, აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ იქიდან გასასვლელად. ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატზე ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება!”