გუშინ პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში ერთმანეთს “უოტფორდი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ფავორიტები, რა თქმა უნდა, “წითელი ეშმაკები” იყვნენ, რომლებსაც ამ მეტოქესთან 30 წელი არ ჰქონდათ წაგებული. ამას რომ თავი დავანებოთ, მოურინიოს შეგირდებმა წინა ტურში მანჩესტერული დერბი დათმეს და ახლა მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კლუბმა საშინელი თამაში აჩვენა და “უოტფორდთან”, ანგარიშით, 1-3 დამარცხდა.
ამ თამაშში ძალიან ბერვი რამ გამოიკვეთა. Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ ხუთი მთავარი საკითხის განხილვას, რაც “უოტფორდისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებიდან ვისწავლეთ.
1. “იუნაიტედს” უკანა ხაზში დიდი პრობლემები აქვს.
ფოტო, რომელიც დე ხეას და კრის სმოლინგის შეუთანხმებელ მოქემდებას ასახავს. ამ მომენტში ორმა თანაგუნდელმა ერთმანეთს შეუშალა ხელი, რამაც “მანჩესტერის” კართან სიტუაცია ძალიან დაძაბა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სმოლინგის პირველი შეხვედრა იყო ამ სეზონში. შარშანდლისგან განსხვავებით, ინგლისელი ნამდვილად არაა სათანადო ფორმაში. ეს ჟოზე მოურინიოს დამატებით სადარდელს უჩენს: ვინდა დააყენოს დაცვის ცენტრში ბაილთან ერთად? ბლინდი? ჰოლანდიელი ნამდვილად არაა ცენტრალური მცველი და არ გააჩნია ყველა ის საჭირო და ძირითადი თვისება, რომელიც მეკარის წინ მოთამაშე ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. კრისი კი, როგორც ვთქვით, ჯერ არაა ფორმაში.
ვნახოთ, როგორი დაცვით ითამაშებს სეუ ჟოზე მომდევნო შეხვედრებში.
2. “უოტფორდი” ახალ სეზონში განსხვავებული მიზნისთვის იბრძოლებს.
მეხუთე ტურის შეხვედრაში ნამდვილად გამოჩნდა, რომ “უოტფორდს” ბოლო პერდიოდის ყველაზე კარგი შემადგენლობა ახლა ჰყავს. ესაა ძალიან დაბალანსებული და შეკრული კოლექტივი, რომელსაც ბევრი თვისებით “ლესტერ სიტისაც” კი შევადარებთ.
პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ ეტენ კაპუთი, რომელმაც გუშინ “წითელი ეშმაკების” კარის ბადე შეარხია და მისი გუნდი დააწინაურა. ფრანგი ნახევარმცველი “უოტფორდის” დირიჟორია, სწორედ ის იწყებს სახიფათო შეტევებს. მოკლედ, ახლა კაპუ ნამდვილად განსხვავდება იმ მოთამაშისგან, რომელიც შარშან “ტოტენჰემში” იყო.
“უოტფორდის” დამრტყმელ ძალას წარმოადგენს დუეტი, რომელიც ტროი დინისა და ოდიონ იგალოსგან შედგება. ამ უკანასკნელმა გუშინ “მანჩესტერს” მეორე ლურსმანი ჭაარჭო 24-ე წუთზე. რაც შეეხება დინის, იგი 7 წელია ამ გუნდში თამაშობს და ყოველთვის პროდუქტიულია.
არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვის ბურჯი, პრიოდლი, რომელიც ნამდვილად საიმედო უკანახაზელია. ასევე, სუნიგა, რომელმაც გუშინ მატჩის მიწურულს გაიტანა, ბოლო ჭანჭიკი გამოაძრო მოურინიოს მანქანას და წერტილი დაუსვა ყველაფერს.
3. “მანჩესტერის” ეს ნახევარდაცვა არ მუშაობს!
შეხვედრის შემდეგ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა და თქვა, რომ დავალებულ საქმეს იგი ნამდვილად ვერ უმკლავდება. ფრანგს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მან 5 შეხვედრაში, რომელიც “წითელი ეშმაკების” რიგებში ჩაატარა, ვერცერთი გოლი გაიტანა და ვერცერთი ასისტი მიიწერა ანგარიშზე. იგი ძალიან გვაგონებს იმ ფელაინის, რომელიც “ევერტონში” გუნდის ლიდერი იყო, შემდეგ “მანჩესტერში” გადავიდა და პირველ სეზონში მოედნის ცენტრში ხესავით იდგა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ბელგიელი 32.4 მილიონ ევროდ იყიდეს ინგლისელებმა. პოგბაში კი 3-ჯერ (და კიდევ უფრო მეტი) თანხაა გადახდილი. მას დროზე ესაჭიროება გონს მოსვლა.
რუნი? გუნდის ლიდერი? არაფერი ეტყობა, საერთოდ! გუნდის ლიდერმა მაშინ უნდა ივარგოს, როცა კოლექტივს ძალიან უჭირს წარმატების მიღწევა. მან ინდივიდუალური ოსტატობოს ხარჯზე უნდა შექმნას რაღაც და ამით დაეხმაროს თანაგუდნელებს. მაგრამ, რუნი ამ ყველაფრისგან გუშინ ძალიან შორს იყო. მას ბევრჯერ ჰქონდა ბურთი, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა.
მოკლედ, ტრიო: რუნი, ფელაინი, პოგბა – არ მუშაობს!
4. ლუის ვან გაალის გავლენა ისევ იგრძნობა!
ერთი თვის წინ ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერის” ფეხბურთელებზე თქვა: “მათ ტვინებში არის ისეთი რაღაცებიც, რაც ავტომატურად მუშაობს და რისი შეცვლაც ძალიან რთულია.” მისი ნათქვამი წაგებულ შევხედრებში ახდა.
ბოლო სამ წარუმატებელ მატჩში ნამდვილად იგრძნობა, რომ ზოგი ფეხბურთელი ისევ ჰოლანდიელი მწვრთნელის გუნდის სტილში თამაშობს. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მთლიანად კოლექტივზე.
5. “მანჩესტერი” რასაც არ უნდა აკეთებდეს, რეშფორდს მუდამ სარგებელი მოაქვს
გუშინ მარკუსმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. ესაა თავხედი, აგრესიული და სწრაფი ახალგაზრდა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაც საინტერესოს შექმნას. იგი არ ერიდება ავტორიტეტებს და ნებისმიერი გუნდის კარის აღებაზეა დაგეშილი.
რეშფორდის ერთ-ერთი კარგი თვისება ისაა, რომ, რაც არ უნდა ცუდად თამაშობდეს “მანჩესტერი”, ინგლისელი მაინც მოწოდების სიმაღლეზეა და ცდილობს ინდივიდუალურად გააკეთოს სასარგებლო რამ.
იგი ძალიან განსხვავდება ანტონი მარსიალისგან, რომელიც მარკუსზე გამოცდილი, თუმცა, უსარგებლოა.