“ლეგიამ” მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გაათავისუფლა

ვარშავის “ლეგიამ” ბესნიკ ჰასი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. 44 წლის სპეციალისტმა პოლონურ გუნდს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უთავკაცა. მისი ხელმძღვანელობით “ლეგიამ” 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ხუთი შეხვედრის გამარჯვებით დასრულება შეძლო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ლეგია” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიასთან” ანგარიშით 0:6 განადგურდა, რის შემდეგაც გუნდი ეროვნულ ჩემპიონატშიც დამარცხდა და ახლა სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციას ორი საფეხური აშორებს.

“ლეგიას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ალექსანდარ ვუკოვიჩი შეასრულებს, რომელიც გუნდის თავკაცის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ “ლეგიას” რიგებში ქართველი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.