ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-5 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას კატალონიელთა ლიდერი ლიონელ მესი დაშავდა და 59-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. არგენტინელ ფეხბურთელს სამი კვირით უქმობა მოუწევს. შესაბამისად, მესი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პერუსა (7 ოქტომბერი) და პარაგვაის (12 ოქტომბერი) ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს, დიდი ალბათობით, გამოტოვებს.
ფაქტს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედგარდო ბაუსა გამოეხმაურა.
“ბარსელონა” გამუდმებით გვახსენებს, რომ მესის უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა თავად კლუბი რატომღაც არ ზრუნავს მასზე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ათამაშებს “ბარსელონა” მესის უკლებლივ ყველა მატჩს.
კლუბისგან ოფიციალური ცნობა მივიღეთ. უცნაურად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ იგი მხოლოდ სამ კვირას გამოტოვებს, ვინაიდან ასეთი ტიპის ტრავმის მოშუშებას უფრო დიდი დრო სჭირდება ხოლმე. ლეოსთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა უახლოეს მომავალში დავუკავშირდები და გავარკვევ, რამდენად სერიოზულია ტრავმა”, – ციტირებს ბაუსას სიტყვებს EPSN.