ფილიპო ინძაგის პირველი სამწვრთნელო წარმატება: “ვენეცია” სერია B-ში გადავიდა (ვიდეო)

“მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ თავის პირველ სამწვრთნელო წარმატებას მიაღწია. სუპერპიპოს მიერ დამოძღვრილმა “ვენეციამ” იტალიის ლეგა პროში პირველი ადგილი გაინაღდა და 12-წლიანი პაუზის შემდეგ სერია B-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

2015 წელს გაბანკროტებული “პარმა” მეორე პოზიციაზე იმყოფება, რაც სერია B-ს საგზურისთვის პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

ფილიპო ინძაგი: “სკუდეტოს ბედი უკვე გარკვეულია”

“მილანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი, რომელიც ახლა სერია C-ს ბინადარ “ვენეციას” თავკაცობს, აცხადებს, რომ სერია A-ში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს.

“სერია A-ს თუნდაც “მილანის” გამო ვაკვირდები, ეს გუნდი ხომ ჩემი ისტორიაა. ვინჩენცო მონტელას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

“ლაციოს” ჩემი ძმა წვრთნის, რომელსაც კარგ სპეციალისტად მივიჩნევ. სამწუხაროდ, გუნდმა კანდრევას სახით დიდებული ფეხბურთელი დაკარგა და რომაელები მხოლოდ კეიტა ბალდეს იმედზე ვერ იქნებიან, თუმცა პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება და შემდეგ “იუვენტუსთან” ჩატარებული კარგი შეხვედრა გვიდასტურებს, რომ “ლაციო” მხედველობაში უნდა ვიქონიოთ.

პრაქტიკულად ყველა გუნდს ვაკვირდები. ვფიქრობ, რომ ამ სეზონში “იუვენტუსი” უკონკურენტოა, ეს გუნდი უბრალოდ სხვა დონზე დგას.

ჩემი აზრით, სკუდეტოს ბედი უკვე გარკვეულია, მთავარი ბრძოლა კი მეორე ადგილისთვის გაჩაღდება”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia.

ფილიპო ინძაგი დღეს შესაძლოა, გაათავისუფლონ

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი დღეს შესაძლოა, პოსტიდან გაათავისუფლონ.

ასეთ შემთხვევაში, გუნდს კრისტიან ბროკი უთავკაცებს, რომელიც ამჟამად “მილანის” მეორე გუნდს ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში “მილანი” შინ “ჯენოასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

“მილანს” სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი უკავია.

 

ინძაგი “მილანს” ბაზაზე ჩაკეტავს

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში “უდინეზემ” “მილანი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, “როსონერის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი მატჩის შემდეგ საკმაოდ ცუდ გუნებაზე ყოფილა.

“მილანი” აქამდე იბრძოდა მაინც, დღეს კი ესეც ვერ ვიხილეთ. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში “ჯენოას” ვუმასპინძლებთ და რეაბილიტაციის შესაძლებლობა მოგვეცემა.

გუნდის თამაშზე, პირველ რიგში, მწვრთნელია პასუხისმგებელი. დიდი მუშაობა უნდა გავწიოთ იმისთვის, რომ ოთხშაბათს ჩვენი ნამდვილი ფეხბურთი ვაჩვენოთ და სეზონის დარჩენილი ნაწილი ნორმალურად ჩავატაროთ”, – განაცხადა ინძაგიმ.

“მილანის” თავკაცმა გადაწყვიტა, რომ “ჯენოას” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გუნდს ჩაკეტილ ბაზაზე მოამზადებს.

ტრაპატონი: “ინძაგი თალგამისგან კარგ ღვინოს ვერ დაწურავს”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი ტრაპატონი თვლის, რომ “მილანის” მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის მიმდინარე სეზონში მიუღწეველი მიზნების გამო არ უნდა აკრიტიკებდნენ.

“ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ინძაგი “მილანში” გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, თუმცა კლუბი მას უნდა ენდოს. არ შეიძლება, ელოდო, რომ ადამიანი თალგამისგან კარგ ღვინოს დაწურავს. “მილანში” კარგ შედეგთან ერთად სანახაობაც სურთ, ეს კი რთული მისაღწევია”, – ტრაპატონის სიტყვები “ტუტოსპორტმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის შემდეგ “მილანს” 42 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია უკავია.

 

ინძაგი: “პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ტურინის “იუვენტუსთან” განცდილი მარცხი (1:3) შეაფასა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ჩემმა გუნდმა მშვენივრად წარმოაჩინა თავი. ყველამ კარგად იცის, რაოდენ რთულია სტუმრად “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში. ასე რომ არ იყოს, “ბებერი სინიორა” ამ სეზონში ამდენ ქულას ვერ მოაგროვებდა.

ვთვლი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში ვიყავით. შანსიც გვქონდა, რომ ანგარიში 2:2 გაგვეხადა. პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა.

დავმარცხდით, მაგრამ ეს მატჩი შესაძლოა, ახალი სასტარტო წერტილი გახდეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Goal.com-ი.

 

„მილანი“, ანუ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი გრანდი

ჯერ კიდევ სეზონის დაწყების წინ ნათელი იყო, რომ „მილანს“ მორიგი რთული სეზონი ექნებოდა. თანაც, ფილიპო ინძაგის, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლარენს ზეედორფი შეცვალა, აქამდე მხოლოდ „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

კეთილი ადამიანი ასეთ დროს მწვრთნელისთვის დროის მიცემას მოითხოვდა. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. ინძაგი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელსაც საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოუწევს. თუმცა, ფეხბურთში სიტყვების ნაცვლად, საქმეს აფასებენ. 2014 წელი „მილანმა“ არც თუ ისე ცუდად დაასრულდა და მესამე ადგილამდე „შავ-წითლებს“ მხოლოდ ორი ქულა აკლდათ. „რომასთან“ წლის ბოლო მატჩმა აჩვენა, რომ გუნდს ბრძოლა შეუძლია (ხსენებულ შეხვედრაში მილანელები არც ისე ცუდად გამოიყურებოდნენ და უკან მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს, რაც არმერომ წითელი ბარათი მიიღო). ამის მიუხედავად, 2015 წელს „როსონერი“ უარესად ვერც დაიწყებდა – ინძაგის მოთამაშეები სერია ა-ს ზედიზედ სამ მატჩში დამარცხდნენ. თანაქალაქელი „ინტერის“ მსგავსად, „მილანი“ სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება და სამეულამდე ახლა უკვე რვა ქულა აშორებს. კარგად წელიწადი არც „ნერაძურიმ“ დაიწყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟერდან შაჩირი და ლუკას პოდოლსკი დაიმატა, რაც „ინტერნაციონალესთვის“ აშკარა გაძლიერება და მომავალში წარმატების მიღწევის საწინდარია.

„ლაციოსთან“ ბოლო მატჩში „მილანის“ „დაულაგებლობას“ მხოლოდ ბრმა ადამიანი თუ ვერ დაინახავდა. მეტოქის გაუაზრებელი მოქმედებების, დაცვაში გაურკვეველი თამაშისა და სხვა მინუსების გამო, რომალელებმა მილანელი სტუმრები ანგარიშით 3:1 დაამარცხეს, რითაც რევანშიც აიღეს. ის ერთადერთი გოლიც ჟერემი მენეზმა გაიტანა, რომლის ინდივიდუალური თამაშის წყალობითაც, „მილანმა“ მიმდინარე სეზონში არაერთი მატჩი მოიგო. მსგავსი ფეხბურთელი „როსონერის“ წინა წლებშიც ჰყავდა – ბოლო ორ სეზონში ასე მარიო ბალოტელი თამაშობდა, რომელიც ზაფხულში „ლივერპულში“ გადაბარგდა. სამწუხაროდ, მენეზს ნახევარდაცვასა და დაცვაში არსებული პრობლემების დაფარვა არ შეუძლია. სხვა მხვრივ, რამდენიმე შეხვედრაში „მილანმა“ გუნდური თამაში აჩვენა, რასაც „რომასთან“ ნახსენები მატჩი ადასტურებს.

Mexes VS Mauri

ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე, მეორე წრეში „შავ-წითლების“ მიზნებზე საუბარი ცოტა ძნელია. მაშინ, როდესაც მესამე ადგილისთვის მებრძოლი გუნდები სულ უფრო და უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ, „როსონერის“ საპირისპირო რეზულტატი აქვს. სიტუაციის გამოსწორება „მილანს“ უახლოეს ტურებში შეუძლია. მართალია, ამის გაკეთება მაინც არ იქნება ადვილი. უახლოეს ტურში ინძაგის გუნდი „პარმას“ უმასპინძლებს, რომელიც ამჟამად 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, მაგრამ „მილანისთვის“ იოლი მეტოქე, თუნდაც, იქედან გამომდინარე არ უნდა იყოს, რომ პირველ წრეში მისგან გასვლაზე 4 გოლი გაუშვა, თუმცა ის შეხვედრა, საბოლოოდ, 5:4 მოიგო. ამის შემდეგ კი პიპოს გუნდს ტურინში გასვლა ელის, სადაც იგიგათამაშების ცხრილის ლიდერ  „იუვენტუსს“ შეხვდება.

Menez

ბევრი იტყვის, რომ ამჟამინდელი „მილანისთვის“ ევროპის ლიგაზეც გამოსვლაც საკმარისი იქნება და მართალიც აღმოჩნდება, ძირითად შემადგენლობაში ლოპესის, აბატეს, მონტოლივოს, დე იონგის, ბონავენტურას ან მენეზის ყოფნას აზრი არ ექნება, თუ მთლიანად გუნდი დალაგებული არ იქნება (განსაკუთრებით ეს დაცვას ეხება). როგორ შეიძლება იმის ახსნა, რომ „ატლეტიკოში“ დაბრუნებულმა ფერნანდო ტორესმა უკვე თავის გამოჩენა მოასწრო და „რეალთან“ დუბლით გამოირჩა? ჯერჯერობით კარგს ვერც ალესიო ჩერჩის შედეგებზე ვიტყვით, რომელსაც ჯერჯერობით ვერც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე პასი გაუკეთებია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი მატჩებისთვის სათანადო მზადებას ვერ გადის. ასე რომ, თუ უახლოეს მატჩებში პიპო არსებულ ვითარებას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, კლუბის ხელმძღვანელები მის სახელსა და წარსულში მიღწეულ შედეგებს ყურადღებას არ მიაქცევენ და ახალი თავკაცის ძებნას დაიწყებენ. ბოლო დროს იტალიური პრესა „მილანში“ ლუჩანო სპალეტის შესაძლო მოსვლაზე წერს. „ზენიტის“ ყოფილი თავკაცი სამშობლოში დაბრუნებისთვის რომ მზადაა, ამის შესახებ მან თავის ინტერვიუებში არაერთხელ ისაუბრა. თავისუფალია ჩეზარე პრანდელიც. მსგავსი კანდიდატების არსებობისას სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის გამოცდილების მქონე ადამიანები ბევრს არ უნდა ფიქრობდნენ.

რა თქმა უნდა, საქმე არამხოლოდ მწვრთნელშია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სხვა თავკაცის ხელში გუნდი უკეთეს შედეგებს მიაღწევდა. დიდი ისტორიის მქონე კლუბების ცუდ მდგომარეობაში ხილვა ყოველთვის არასასიამოვნოა. თუ „მილანის“ ისტორიას გავიხსენებთ, მაშინ, დავრწმუნდებით, რომ მსგავსი ძლიერი კლუბი თანამედროვე ფეხბურთს კიდევ უფრო დიდ სანახაობას აჩუქებდა.

ინძაგის შესაძლო შემცვლელად სპალეტის კანდიდატურას განიხილავენ

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე რომის “ლაციოსთან” სამშაბათს გასამართ მატჩში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბის თავკაცის პოსტი დატოვოს.

Football Italia-ს ცნობით, ინძაგის შესაძლო შემცვლელად 55 წლის იტალიელ სპეციალისტ ლუჩანო სპალეტის მოიაზრებენ, რომელიც უკანასკნელად სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” ედგა სათავეში.

შეგახსენებთ, რომ “ლაციოსა” და “მილანს” შორის სერია A-ს XX ტურში წუხელ გამართული შეხვედრა რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

 

ინძაგი: “მილანს” სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს”

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილპო ინძაგი გუნდს შეტევით ხაზით კმაყოფილია. მისი თქმით, “როსონერის” სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუნდის მიერ გატანილი 8 ბურთიდან არცერთი გოლი არ არის ამპლუით ფორვარდის ანგარიშზე.

“შეტევაში ფართო არჩევანი მაქვს, შვიდი თავდამსხმელი მყავს. ჩემი აზრით, სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა სწორედ ჩვენ გვყავს. გარდა ამისა, შუა ხაზშიც რამდენიმე არჩევანი მაქვს. რთულია ისეთი ფეხბურთელის შეცვლა, როგორიც რიკარდო მონტოლივოა (მან მაისში ფეხი მოიტეხა და ნოემბრამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება – ავტ.), თუმცა მგონია, რომ მარკო ვან გინკელის სახით კარგი ფეხბურთელი მივიღეთ”, – განაცხადა ინძაგიმ ორშაბათის პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, “მილანი” დამდეგ შეხვედრას სერია A-ს IV ტურში “ემპოლის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დღეს, თბლისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

 

ინძაგი: “სირცხვილი იქნებოდა, ეს მატჩი რომ ვერ მოგვეგო”

“მილანის” თავკაცმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის სერია A-ს II ტურში “პარმას” წინააღმდეგ გამართული მატჩი შეაჯამა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. იტალიელი მწვრთნელის თქმით, ამ შეხვედრაში სამი ქულის ვერაღება სირცხვილი იქნებოდა.

“მთელი სული და გული ჩავდეთ ამ მატჩში. გამარჯვება დავიმსახურეთ და რომ ვერ მოგვეგო, სირცხვილი იქნებოდა. მადლობას ვუხდი მათ, ვინც “როსონერის” გაწვრთნის შესაძლებლობა მომცეს. მომდევნო ტურში ძლიერი მეტოქის (“იუვენტუსი”) წინააღმდეგ ვითამაშებთ. შეგვიძლია, მრისხანე “იუვენტუსსაც” გავურთულოთ ცხოვრება. ამისთვის სრულყოფილი თამაში უნდა ვაჩვენოთ ვიმედოვნებ, ქომაგები დაგვეხმარებიან, რომ სასწაული მოვახდინოთ”, – ინძაგის სიტყვები “მილანის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა

როგორც მოსალოდნელი იყო, „მილანმა“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლარენს ზეედორფი გაათავისუფლა.

„როსონერის“ თავკაცის თანამდებობაზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ინძაგი მანამდე კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობას თავკაცობდა. აღნიშნულ პოსტზე ის 2012 წლიდან მუშაობდა. 40 წლის მწვრთნელი მოთამაშის რანგში „მილანის“ ღირსებას 2001-2012 წლებში იცავდა. მან გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო სერია A და ჩემპიონთა ლიგა. პიპომ კლუბის რიგებში ჩატარებულ 202 მატჩში 73 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ბერლუსკონი: „ინძაგის გამარჯვებები სწყურია“

„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დარწმუნებულია ფილიპო ინძაგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას თავს წარმატებით გაართმევს.

მოგახსენებთ, რომ ფეხბურთის 40 წლის სპეციალისტი უახლოეს საათებში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს კლარენს ზეედორფის შემცვლელად.

„ინძაგიმ დიდი სამუშაო გასწია. ვხედავ, რომ მას გამარჯვება სწყურია. ამასთანავე, კარგად ესმის, რომ მისგან გამარჯვებებსა და გულშემატკივრების გახარებას ელიან“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.