დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კარდიფში უელსის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრაში ბეილმა და ოქრიაშვილმა გოლები გაცვალეს და, საბოლოოდ, ანგარიში 1-1 დააფიქსირეს.
თამაშის შემდეგ უელსელთა ნახევარმცველმა, დეივ ედვარდსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“უზომოდ იმედგაცრუებულები ვართ. მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, ბევრი შანსიც შევქმენით, მაგრამ შემდეგ ძალიან ცუდად ვითამაშეთ.
ეს შედეგი ძალიან მტკივნეულია. ვიცოდით, რომ ბოლო წლებში მათ დიდებული შედეგები ჰქონდათ, ესპანეთისა და შოტლანდიის დამარცხება მოახერხეს, თუმცა სათანადოდ მაინც ვერ შევაფასეთ.
ძალიან რთული ჯგუფი გამოდგა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო კიდევ აიღებს ქულებს. წინ ირლანდიასთან და სერბეთთან გასამართი ურთულესი მატჩები გველის, რომლებიც უნდა მოვიგოთ.”