“ვესტ ბრომის” მთავარ მწვრთნელს, ტონი პულისს სჯერა, რომ დღევანდელი “ლივერპული” საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ პრემიერ ლიგა მოიგოს, რასაც ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ იურგენ კლოპს ევროტურნირებზე არ უწევს ფიქრი.
“კლოპთან ყველაფერი რიგზეა. ის ძალიან მგრძნობიარეა, რაც კარგია. საჭიროა ასეთი ხასიათი მწვრთნელისათვის. თანაც სიფიცხე ამ კლუბის ერთ-ერთი ნაწილიცაა.
მათ ტიტულის მოგების დიდებული შანსი აქვთ – ისინი ევროპულ ტურნირებზეც არ გამოდიან.
ბოლო ჯერზე, როდესაც ისინი არც ევროპულ ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას და ასეთი ძლიერი გუნდი ჰყავდათ, ისინი ძალიან ახლოს მივიდნენ ჩემპიონობამდე (როჯერსის დროს).
მათ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავთ. განსაკუთრებით ძლიერია მათი შემტევი ხუთეული. ყოველ მათგანს შეუძლია მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა, რაც ნამდვილად ღირებული რამ არის.”