“ვალენსიას” ფანი: “ცარიელი ბოთლი ვისროლე და “ბარსას” ხუთი მოთამაშე დაეცა”

“ვალენსიას” გულშემატკივარმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-9 ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში კატალონიური გუნდის ფეხბურთელებს ბოთლი ესროლა. შეხვედრის მიმდინარეობისას “ღამურები” ანგარიშით 2:1 იგებდნენ, თუმცა მოგვიანებით სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, კომპენსირებულ დროში კი ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და “ბარსელონას” გამარჯვება მოუტანა. გოლის აღნიშვნისას ტრიბუნიდან ბოთლი ისროლეს, რომელიც ლუის სუარესსა და ნეიმარს მოხვდა.

“ბოთლის სროლისთანავე მივხვდი, რომ საშინელი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ნეიმარი “ვალენსიას” გულშემატკივრებს შეურაცხყოფას აყენებდა და მათ პროვოცირებას ცდილობდა. ბოთლი თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი დაეცა, სიმულანტობა დაიწყეს, თითქოს რაღაც ეტკინათ. მიუხედავად ამისა, ჩემი ქმედების გამო ბოდიშს ვუხდი “ბარსელონას”. ბოდიშს ვიხდი ჩემი ცხოვრების კლუბის, “ვალენსიას” წინაშეც”, – აღნიშნა “ღამურების” 17 წლის გულშემატკივარმა.