ჩავი მზადაა, 2022 წლის მუნდიალისთვის კატარის ნაკრები ჩაიბაროს

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდა, 37 წლის ჩავი მზადაა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კატარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოგვევლინოს და მაქსიმალურად დაეხმაროს კატარელებს წარმატების მიღწევაში.

ჩავიმ, რომელიც ამ დროისთვის კატარული “ალ სადის” რიგებში ირიცხება, ამასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა:”რატომაც არა? ვფიქრობ, საკმაოდ კარგი იქნება, თუ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდები.

ვნახოთ რა მოხდება, მანამდე გამოცდილება და დამხმარე შტაბი მჭირდება. ბევრი რამ მაკლია იქამდე, მაგრამ ისიც კარგია, რომ კატარელ ფეხბურთელებსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან ძალიან ახლოს ვარ.

მე აქ სწორედ ამ ქვეყნის დასახმარებლად ვარ, რათა მათ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეძლონ. მეორეს მხრივ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის სტატუსის მოპოვებაა,” – აცხადებს ექს-“ბარსელონელი”.

ჩავი ინიესტას კატარში ეპატიჟება

“ალ-სადის” ესპანელი ნახევარმცველი, ჩავი კატარში თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ანდრეს ინიესტას გადაბირებას ცდილობს, რომელიც ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტას გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული “მანჩესტერ სიტისა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა ევროპის სხვა კლუბში გააგრძელოს.

ესპანური წყაროს ცნობით, ინიესტა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუერთდება ჩავის, რომელიც “ალ-სადის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

“ალ სადი” ჩავის ტრანსფერს ადასტურებს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “ალ სადის” გენერალური დირექტორი აბდულა ალ-ბერიკი ადასტურებს.

“ალ სადიმ” “ბარსელონას” კაპიტან ჩავის დამატება მოახერხა, რომელიც ფოტოზე ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორ მუჰამედ გულამთან ერთად არის”, – დაწერა სოციალურ ქსელში “ალ სადის” გენერალურმა დირექტორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. sport-es-ის ცნობით, 35 წლის ესპანელი ნახევარმცველი წელიწადში ჯამაგირის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავი ყატარის ნაკრებში კონსულტანტადაც იმუშავებს და გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

 

მეკარის გოლი 93-ე წუთზე

10 იანვარს, ყატარის ჩემპიონატში, “ალ რაიანსა” და “ალ სადს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საბოლოო წერტილი “ალ რაიანის” მეკარემ 93-ე წუთზე დასვა.